აზერბაიჯანულ გამოცემა «Каспiй»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ინტერვიუს გაზეთ „იზვესტიაში“,
რომლის დროსაც მან, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემატიკაზეც ისაუბრა (ავტორი - რაუფ ორუჯევი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„რუსული დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა საქართველოს მისამართით რიგი არაშორსმჭრეტველური განცხადებები გააკეთა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი მეზობელი რეაპპუბლიკა სწორი მიმართულებით მიდის - ევროკავშირისაკენ და ნატოსაკენ“, - ნათქვამია სტატიაში, - „გრიგორი კარასინმა კვლავ გაიმეორა რუსული დიპლომატიის მიერ შეთხზული სტანდარტული ბოდვა „მეზობლებთან კეთილმეგობრული და თანასწორუფლებიანი დიალოგის“ დაწყების თაობაზე, საქართველოს მეზობლებად კი რუსი დიპლომატი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს, რომლებიც რუსეთის მიერ არიან ოკუპირებული. ეს დაახლოებით იგივეა, რომ რუსეთს მოსთხოვო კეთილმეგობრული და თანასწორუფლებიანი ურთიერთობა დაამყაროს თავისივე რეგიონებთან - ვთქვათ, ჩეჩნეთთან, თათრეთთან... ბუნებრივია, გრიგორი კარასინის განცხადების მთელ სისულელეს მოსკოვი კარგად აცნობიერებს, მაგრამ კრემლი მაინც განაგრძობს საქართველოსთვის ვირტუალური რეალობის თავსმოხვევას და თვლის, რომ თბილისში დღეს რუსეთისადმი უფრო დამყოლი ხელისუფლებაა.
სამწუხაროდ, მეზობლებთან - სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კეთილმეზობლური და თანაბარუფლებიანი დიალოგის ნაცვლად, თბილისი მანიაკალური სიჯიუტით განაგრძობს რუსეთის მიერ მათი „ოკუპაციის“ შესახებ მტკიცებას. ეს აბსურდული თეზისი გამოიყენება როგორც არგუმენტი ნატოსთან შემოდგომი დაახლოებისთვის. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხში არაფრით განსხვავდება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისგან. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში საქართველოს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ისეთ ფორმებს იღებს, რომ ფაქტობრივად თბილისს ხდის რუსეთის „შეკავების“ ნატოსეული პოლიტიკის თანამონაწილედ. მხოლოდ გასულ წელს საქართველოს ტერიტორიაზე სამჯერ ჩატარდა ფართო სწავლებები ნატოს წევრი ქვეყნების კონტინგენტის მონაწილეობით. უკვე მეორე წელია, ზედიზედ, სპეციალურად მუშავდება ევროპიდან სამხედრო ტექნიკის ოპერატიული გადასროლა. თბილისში ცოტა ხნის წინ გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და მასზე მიღებული დეკლარაცია ცხადჰყოფს ალიანსის ანგაჟირებას საქართველოს მიმართულებით და სურვილს, მყარად გამაგრდეს სამხრეთ კავკასიაში“, - ამბობს „იზვესტია“-სთან ინტერვიუში გრიგორი კარასინი.
რუსი დიპლომატის ნათქვამი განსაკუთრებით ცინიზმითაა გამსჭვალული, როცა იგი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე საუბრობს. სწორედ რუსეთის არმიამ მოახდინა საქართველოს ამ ნაწილების ჯერ ოკუპაცია, შემდეგ კი მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარება. როგორ შეიძლება ამის შემდეგ კიდევ რაღაც პრეტენზიებით გამოსვლა საქართველოს წინააღმდეგ? აგრესორის დაუსჯელობა - ესაა იმის მიზეზი, რომ მოსკოვი აბსურდულ და იმავდროულად თავხედურ განცხადებებს აკეთებს. ამ სიტუაციაში ჯობდა, რომ მოსკოვს საერთოდ არაფერი ეთქვა.
გაუგებარია, რატომ გამოდის ასეთი გრიგორი კარასინი ასეთი განცხადებით? ნატოს მიმართ კიდევ ერთხელ აფიქსირებს კრემლის პოზიციას? თბილისს აფრთხილებს? მაგრამ ამით ხომ არაფერი შეიცვლება - ეს მაინც უნდა ესმოდეს მოსკოვს.
http://www.kaspiy.az/news.php?id=63290#.WVcZTYqQzs0

















