პირველად ჩაი საქართველოში 1770 წელს გამოჩენილა, მაშინ, როდესაც რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ ერეკ¬ლე მეორეს სამოვარი და ჩაის სერვიზი აჩუქა.
ამ თემაზე გაზეთი ,,კვირის პალიტრა“ წერს.
,,შემდეგში ამიერკავკასიაში ჩაის მოშენების მცდელობა XIX საუკუნის 30-იანი წლებ¬იდან ჩანს. ამ საქმეში ინიციატივა ეკუთვნის თავად ვორონცოვს, რომელმაც ჩაის ბუჩქი¬ იმპერატორის ბაღიდან სოხუმის ბოტანიკურ ბაღსა და ოზურგეთის მცენარეთა ჯიშსაშენებში გადმორგო. მცენარემ შესანი¬შნავად იგუა ადგილობრივი ჰავა. აქედან ჩაის ბუჩქი გადაურგავთ ზუგდიდში, დადი¬ანების სასახლეში, მოგვიანებით ჩოხატაურის მახლობლად, ერისტოვების მამულში. თუმცა, შესაბამისი¬ ტექნოლოგიების უცოდინარობის გამო დაბალი ხარისხის მოსავალი მიუღიათ. ეს, რაც შეეხება მცდელობებს, საქართველოში ჩაის კულტურის განაშენიანება კი კონსტანტინე პოპოვის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც ამ საქმის ასაღორძინებლად 1893 წელს ჩინე¬თიდან აჭარის ზღვისპირეთში ლაო ჯონჯაო ჩამოიყვანა. ლაო ჯონჯაოს შვილიშვილი გუანვენ ლიუ-ყანდარელი გვიამბობს:
ლაო ჯონჯაო კუანვენის პროვინციაში შეძლებული სამხედრო პირის ოჯახში დაიბადა. მამა ბრძოლაში დაეღუპა. იმის შიშით, რომ ლაოც სამხედრო საქმეს არ გაჰყოლოდა, ჩემმა დიდმა ბებიამ ის ნჭოუს პროვინციაში ჩაის ფაბრიკაში მოაწყო სამუ¬შაოდ. მალე შესანიშნავად შეისწავლა ეს საქმე. სწორედ ამ პერიოდში ჩადის ჩინეთში რუსი კონსტანტინ პოპოვი. კონსტანტინე პოპოვს¬ მიწები ჰქონდა ბათუმშიც. მას მოეჩვენა, რომ ამ მიდამოების მოწითალო ნიადაგი ძალიან ჰგავდა კანტონურს (ჩინეთის პროვინცია გუანჯოუს ევროპელები კანტონს უწოდებდნენ), ამიტომაც წამოიწყო ეს ექსპერიმენტი. ჩემი პაპა ლაო ჯონჯაო მისი მოწვევით 1893 წლის 4 ნოემბერს პირველად ჩამოვიდა საქართველოში 10 ჩინელ ოსტატთან ერთად. ამ დროს ის 23 წლის გახლდათ.
1897 წელს ლაო ჯონჯაო ბათუმში ოჯახით გადმოვიდა და მათთვის განკუთვნილ სახლში ზღვის პირას, პოპოვის ერთ-ერთ მამულში - კაპრეშუმის ნაკრძალში დასახლდნენ, ეს სახლი ახლაც დგას ჩაქვში, ნინოშვილის #12-ში. ლაო ჯონჯაოს ოჯახს გადაეცა აგარაკი მწვანე კონცხზეც“,-აცხადებს გუანვენ ლიუ-ყანდარელი.
მისი ცნობით, 1900 წელს პარიზში გამართულ ჩაის მსოფლიო გამოფენაზე პოპოვის ფაბრიკაში¬ ლაო ჯონჯაოს დამზადებული ჩაი წარადგინეს და მსოფლიოში საუკეთესო ჩაისთვის პოპოვი ოქროს მედლით დააჯილდოეს. ამ დროს საქართველოში უკვე ჩაის 23 საცდელი ნაკვეთი იყო“,-ამბობს ლაოს შვილიშვილი.
მისივე თქმით, ლაოს შვიდი შვილიდან ხუთი საქართველოში დაიბადა. გიმნა¬ზიაც ბათუმში დაამთავ¬რეს.
,,მამიდაჩემი ლიუ სანსანი ამბობდა: ,,ქართველები დელიკატური ხალხია. კეთილგანწყობილნი ყველასადმი, მიუხედავად განსხვავებული კანის ფერისა, ტრადიციებისა და რწმენისა. ეს მათი კულტურის ღირსებაა". ჩაქვში მცხოვრები ეს ჩინური ოჯახი, თურმე აღდგომის დღესასწაულსაც აღნიშნავდა. ამ დღეს ჩვენი ოჯახი აწყობდა¬ პიკნიკს ზღვის სანაპიროზე¬. სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ.
როცა „წითლები" ბათუმში შევიდნენ, ლაოსთვის შეუთავაზებიათ, შეიცვალე მოქალაქეობა და ჩვენთან ერთადაც განაგრძე საქმიანობაო. პაპაჩემს უარი უთქვამს: ,,ჩვენ ყველა შევეჩვიეთ აქაურობას. ბევრი გულწრფელი მეგობარი გვყავს, მაგრამ სამშობლო გვიხმობს და ამიტომ უნდა დავბრუნდეთ," - ამ ჩანაწერს აკეთებს ლაო ჯონჯაო საქართველოდან გამგზავრების წინ და აქაურობას 1926 წელს ტოვებს. მიწები, რა თქმა უნდა, ჩამოერთვა. ჩაქვისა¬ და მწვანე კონცხის სახლებს მთავრობა გროშებად იძენს. მოგვიანებით მწვანე კონცხზე,¬ ჩვენს ყოფილ აგარაკზე, სანატორიუმის სასადილო იხსნება. კარგად მახსოვს, უკვე 60-იანი წლების ბოლოს, მე და ჩემი მეუღლე რომ დავდიოდით დასასვენებლად, ამ სასადილოს დამსვენებლები ისევ ,,ჩინურ სახლად" იხსენიებდნენ“,- ამბობს გუანვენ ლიუ-ყანდარელი.
მისი თქმითვე, სანამ ლაო საქართველოდან წავიდოდა, საინტერესო ამბავი მოხდა.
,,ეს ამბავი ჩემი მშობლების - ნონა თუშმარიშვილისა და ვეი ჭოუს ქორწინებას ეხება. 17 წლის ნონა თუშმარიშვილი ზღვის¬ პირას სტუ¬მრად ჩამოდის მამამისთან, რომელიც იმხანად იქ საქმიანობდა და ლაო ჯონჯაოს ოჯახთანაც ახლობლობდა. აქვე იყო ნონას უფროსი და - ნატა. გოგონებმა¬ გაიცნეს ლაოს მეორე ვაჟი - ვეი ჭოუ, რომელიც ხშირად მიემგზავრებოდა ცხენით ბათუმში და იქიდან დაბრუნებულს ინგლისური შოკოლადები მოჰქონდა გოგონებისთვის. თურმე, სწორედ ამ შოკოლადის კოლოფებში იდო ნონასადმი მიძღვნილი სასიყვარულო ბარათები. ბუნებრივია, მშობლებისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მათი სიყვარულის ამბავი.
დედა და მამა 1922 წელს გაიპარნენ. დაეხმარათ რუსი მოახლე და გურული მეეტლე. ისინი ჩვენს ოჯახებს ემსახურებოდნენ. ჯვარი მთაში, ნახევრად დანგრეულ ეკლესიაში დაუწერიათ, რომელიც ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა. ჯვრისწერის წინ მამაჩემი მართლმადიდებლურად მონათ¬ლულა. ხელის მოწერაზე არც უფიქრიათ, დარწმუნებული იყვნენ, რომ ინგლისი ან გერმანია დაეხმარებოდა საქართველოს. კომუნისტების წამოწყებას არასერიოზულად აღიქვამდნენ და არც მათი რეგისტრაცია მიაჩნდათ რამედ.
დედაჩემი და მამაჩემი სიცოცხლის ბოლომდე ტკბილ და მოსიყვარულე წყვილად დარჩნენ. უთანხმოება მხოლოდ ერთ საკითხზე მოსდიოდათ. დედა ამბობდა, რომ კახეთი¬ იყო ყველაზე ლამაზი ადგილი დედამიწაზე, მამა არ ეთანხმებოდა - ასე იმიტომ ფიქრობ, რომ მთიანი აჭარა არ გინახავსო. სტალინს ლანძღავდნენ - ომის შემდეგ მას ქართული მიწების შემოერთების საშუალება ჰქონდა და არ გამოიყენაო. მათ საუბარს ვუსმენდი და ვფიქრობდი: "ნეტავ, როგორია ს¬აქართველო?" 1958 წელს ჩამოვედი. პეკინის სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი და მესამე კურსიდან აქ განვაგრძე სწავლა. ვცხოვრობდი პლეხანოვზე, ბებიასთან. ერთი წლის შემდეგ მხატვარ გივი ყანდარელს გავყევი ცოლად. იგი 2006 წელს გარდაიცვალა. დღეს თბილისში, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში ვასწავლი ჩინურ ენას. ვხელმძღვანელობ ქართულ-ჩინურ კულტურულ ცენტრ ,,აბრეშუმის გზას". ჩემი წინაპრების ცხოვრების ქართულ-ჩინური ისტორია კი გამოვეცი წიგნად "ჩაის კულტურის სათავეებთან საქართველოში“,- ყვება გუანვენ ლიუ-ყანდარელი.