თბილისის ზოოპარკში მწვანე პითონი მეუღლისგან ისვენებს და ამ მიზნით განმარტოებულია.
ზოოპარკის ადმინისტაციაში აცხადებენ, რომ გველებში პერიოდულად წყვილების განცალკევება აუცილებელია, რათა შემდეგ მონატრებულები გამრავლებას ახალი ენერგიით შეუდგნენ.
,,ეს მწვანესარაფნიანი ქალბატონი ჩვენი მწვანე პითონია. ისვენებს. რისგან? გაგიკვირდებათ და ქმრისგან. არა, მოძალადე და მომაბეზრებელი მეუღლე კი არ ჰყავს, პირიქით. ძალიან კარგი და მოსიყვარულე ბიჭია. მშვენივრად და შეხმატკბილებულად ცხოვრობენ ერთად. უბრალოდ, საქმე ის გახლავთ, რომ გველებში პერიოდულად აუცილებელია წყვილების განცალკევება იმისთვის, რომ ერთმანეთი მოენატროთ და მონატრებულზე გაათმაგებული ვნებით ჩაეფსკვნან მეწყვილეს.
მათი გამრავლება ძალიან გვინდა, ამიტომ რამდენიმე კვირა ასე, ცალკ-ცალკე ვამყოფებთ. ცოტა ხანს იკონწიალებენ მარტოები, დაისვენებენ, გადაერთვებიან, ძალებს აღიდგენენ და შემდეგ, ისევ რომ გაერთიანდებიან, ხელახლა შეიგრძნობენ ერთმანეთის სურნელს, ემოციები მოუზღვავდებათ და სურვილგამძაფრებულები საქმეს ახალი ენერგიით შეუდგებიან“,- აცხადებენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში.
როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, ხანდახან, ამგვარი პაუზები ადამიანებისთვისაც სასარგებლოა.