თბილისის ზოოპარკი, ოფიციალურ „ფეისუბუქ“ გვერდზე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია თუ როგორ ირთობენ თავს ლემურები ჩიჩილაკებით მორთულ ვოლიერში და ძველით ახალ წელს „აღნიშნავენ“.
ზოოპარკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამგვარი, განსხვავებული ფორმით ცხოველისთვის საკვების მიწოდება ზოოპარკის ბინადრების გარემოს გამრავალფეროვნების ერთ-ერთი საშუალებაა. ცხოველები საჭმელს ისე იღებენ, რომ გემრიელი სასუსნავის მოპოვება მათთვის საინტერესო და სახალისო ხდება.
„თქვენ გგონიათ, ზოოპარკის ბინადრები არ აღნიშნავენ ახალ წელს? ძალიან კარგადაც აღნიშნავენ და საახალწლო სუფრაც აქვთ. მართალია არა გაშლილი, არამედ ჩამოკონწიალებული, მაგრამ მაინც...
დღეს ძველით ახალი წლის სადღესასწაულო განწყობამ ლემურების ვოლიერში შეაბიჯა. ჩვენს გრძელკუდა ფუმფულებს საჩუქრად მორთმეული პირველი ჩიჩილაკებით მოვურთეთ ტერიტორია. ჩიჩიკალები წინასწარ, სათამაშოების ნაცვლად, ხილითა და ბოსტნეულით მოვუკაზმეთ. ამგვარი, განსხვავებული ფორმით ცხოველისთვის საკვების მიწოდება ზოოპარკის ბინადრების გარემოს გამრავალფეროვნების ერთ-ერთი საშუალებაა. ცხოველები საჭმელს იღებენ ისე, რომ გემრიელი სასუსნავის მოპოვება მათთვის საინტერესო და სახალისო ხდება.
თავიდანვე ცნობისმოყვარედ გამოეფინენ გარეთ, რა განსაკუთრებული დღე გაგვითენდა, ნეტავ რა ხდება ჩვენს თავსო... მერე კი ბავშვები რომ ნაძვის ხის ქვეშ დაწყობილ საჩუქრებს ეტაკებიან, ესენიც ისე მიესიენ უცნაურ სიურპრიზებს და სიამოვნებით ჩეჩავდნენ ისედაც გაჩეჩილებს. ჯერ გემრიელი ფინიკები ამოკრიფეს, მერე ვაშლები, სტაფილოები და ჭარხლები ჩამოწყვიტეს, შემდეგ კი ბურბუშელების პუტვით ირთობდნენ თავს. მოკლედ, ძალიან იხალისეს”- წერია ზოოპარკის „ფეისბუქ“ გვერდზე.