2015 წელს ელდარ რიაზანოვის საკულტო ფილმი - ,,ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ 40 წლის ხდება.
ეს ფილმი საბჭოთა ფილმების ისტორიაში ყველაზე პოპულარულად ითვლება და მასში აჟღერებული მელოდიები მეოცე საუკუნის საბჭოთა კინომუსიკის შედევრებად იქცა.
გაზეთ ,,ასავალ-დასავალის“ ინფორმაციით, სპეციალურად ამ ფილმისთვის მუსიკა შექმნა და ცნობილი რუსი პოეტების ლექსებზე სიმღერები დაწერა თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა კომპოზიტორმა, მიქაელ ტარივერდიევმა.
მომღერალი ირმა სოხაძე ფილმის - ,,ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ მუსიკის შექნის ისტორიას ყვება.
,,ელდარ რიაზანოვმა და მიქაელ ტარივერდიევმა ერთმანეთი მოსკოვში გაიცნეს. ისინი მეგობრები იყვნენ. რაც შეეხება ფილმ ,,ბედის ირონიისთვის“ მუსიკის შექმნას, რეჟისორმა ელდარ რიაზანოვმა და კომპოზიტორმა, მიქაელ ტარივერდიევმა ჩაატარეს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი - კომიკურ, გასართობ ფილმს შეუსაბამეს მარინა ცვეტაევას, ბელა ახმადულინის, ევგენი ევტუშენკოს სერიოზული პოეზია. რიაზანოვი წერდა - მეშინოდა, მაყურებლისთვის ფილმი გაუგებარი არ გამოსულიყოო. მაგრამ, ჩანაფიქრმა გაამართლა, შესანიშნავი ფილმი გამოვიდა და შესანიშნავი მუსიკა შეიქმნა - ყველა სიმღერა სპეციალურად ამ ფილმისთვის დაიწერა.
ერთი შეხვედით, თითქოს მომღერლებმა სიმღერები მარტივად შეასრულეს, მაგრამ თითო სიმღერაზე 40-40 დუბლია გადაღებული. თურმე, განსაკუთრებით გაჭიანურდა ალა პუგაჩოვასთან სიმღერის - ,,მნე ნრავიტსია, ჩტო ვი ბოლნი ნე მნოი“ ჩაწერა“,-ამბობს სოხაძე.
სოხაძე ტარივერდიევსა და პუგაჩოვას შორის მომხდარ კონფლიქტსაც იხსენებს.
,,ფილმი უკვე კარგა ხნის გამოსული იყო, ტარივერდიევი და პუგაჩოვა გადაცემაში ჩასაწერად მიიწვიეს, ტარივერდიევს უნდა დაეკრა, ხოლო პუგაჩოვას - ემღერა. ალას გამომწვევად უმღერია, ტარივერდიევს არ მოსწონებია და შენიშვნა მიუცია. შემდეგ, როდესაც ბანკეტზე შეხვედრიან, პუგაჩოვა მისულა და პირდაპირ უთქვამს: ,,მიქაელ ლეონოვიჩ, მნე ნრავიტსია, ჩტო ვი ბოლნი ნე მნოი“. პუგაჩოვასა და ტარივერდიევას შორის მეგობრობა რატომღაც არ შედგა“,-ამბობს ირმა სოხაძე.