„თუ ეს ქალაქი-მოჩვენებაა, მაშინ ჩვენ ზომბები ვართ“, - ამბობს იგორ ქიშმარია, რომელიც მეშახტეთა
დასახლებაში - აკარმარაში ცხოვრობს. ადრე, საბჭოთა პერიოდში, აკარმარა დაბა იყო, ახლა კი ნანგრევებადაა ქცეული. შენობები ძლივსღა მოჩანს, ისეა დაბურულ-შემოსილი აფხაზეთის მთების უხვი მცენარეულობით. დღეს სულ 50-მდე ადამიანი თუ ცხოვრობს ქალაქ ტყვარჩელის ახლოს მდებარე სამრეწველო დასახლებაში. თვით ტყვარჩელი კი გასული საუკუნის 30-იან წლების შუახანებიდან კავკასიაში ქვანახშირის მოპოვების ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა.
მოხუცი მიტოვებული რკინიგზის გასწვრივ მაყვალს კრეფს, ტურისტები კი რკინიგზის სადგურის ნარჩენების ფოტოებს იღებენ, ქვანახშირის მომპოვებელი ყოფილი ფაბრიკის შენობის წინ ძროხები მშვიდად ბალახობენ. გზაზე, რომელიც აკარმარას ტყვარჩელთან აკავშირებს გაველურებული ორტენზიები ჰყვავიან. ყოფილი საცხოვრებელი კორპუსების კიბეების საფეხურებს ხავსი აქვთ მოდებული, ხოლო ფანჯრებიდან ხის ტოტებია გამოშვერილი - ასეთია „ქალაქ-მოჩვენების“ ყოველდღიური პეიზაჟი.
ბოლო წლებში აფხაზეთი უცხოელი ფოტოგრაფებისა და მხატვრების საყვარელი ადგილი გახდა - აქ ბლომადაა შემორჩენილი „დაღუპული ცივილიზაციის“ ნარჩენები. ჰოდა, ტყვარჩელიც და მის ახლოს მდებარე დაბა აკარმარაც ნამდვილად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა გამქრალ ცივილიზაციათა მაძიებლებისათვის.
1942 წელს, როცა დონბასის ქვანახშირის აუზი გერმანელი ფაშისტების ხელში მოხვდა, საბჭოთა კავშირმა ტყვარჩელში კოქსური ქვანახშირის მოპოვება მნიშვნელოვნად გააფართოვა და შესაბამისად, ტყვარჩელიც ქალაქად გამოცხადდა. აფხაზეთი იმ დროს საბჭოთა საქართველოს ავტონომიური ნაწილი იყო, დღეს კი რუსეთის ფედერაციისა და კიდევ ორიოდე ქვეყნის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდაა აღიარებული, თუმცა საქართველო აფხაზეთის აღიარების კატეგორიული წინააღმდეგია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თბილისს ავტონომიური რესპუბლიკის ძალით შენარჩუნება სურდა, რამაც 1992 წლის აგვისტოში მათ შორის ომი გამოიწვია. იმ ომიდან უკვე 25 წელი გავიდა.
ტყვარჩელის ქვანახშირის მომპოვებელ საწარმოებში სამუშაოდ ინჟინრები და სხვა სპეციალისტები საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ, მათ შორის ბევრი რუსი და უკრაინელი იყო. ქვანახშირს ღია კარიერებზე იღებდნენ და საქართველოს მეტალურგიულ ქარხნის ბრძმედებში აგზავნიდნენ ფოლადის გამოსადნობად. ტყვარჩელში გერმანელი ტყვეებიც მუშაობდნენ, რომლებმაც ქალაქი, შეიძლება ითქვას, მეორედ ააშენეს. 1970-იან წლებში აქ უკვე 25 ათასი ადამიანი ცხოვრობდა: „ეს ინტერნაციონალური ქალაქი იყო და ის აფხაზეთის ყველაზე მსხვილი სამრეწველო ცენტრს წარმოადგენდა“, - ამბობს იგორ ქიშმარია. 1980-იანი წლების ბოლოს, როცა საბჭოთა მოკავშირე რესპუბლიკებს შორის კავშირები შესუსტდა და ბოლოს საბჭოთა კავშირიც დაიშალა, ტყვარჩელი მოსახლეობისაგან დაიცალა.
1992 წელს, როცა ომი დაიწყო, ტყვარჩელის რაიონი აფხაზეთიდან მოწყვეტილი აღმოჩნდა. ბლოკადა ომის დასასრულამდე, 1993 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. ბლოკადის დროს მეშახტეთა ქალაქთან კავშირი მხოლოდ ვერტმფრენების მეშვეობით ხერხდებოდა, რომლებსაც მოსახლეობისთვის საკვები მოჰქონდათ, იარაღით ამარაგებდნენ და დაჭრილების ევაკუაციას ახდენდნენ. როგორც ფოტოგრაფი იბრაჰიმ ჭკადუა იხსენებს (იგი ტყვარჩელშია დაბადებულ-გაზრდილი და ახლა სოხუმში ცხოვრობს) იმდროინდელი მოგონებები მხოლოდ უდენობას, შიმშილს და სიცივეს უკავშირდება.
„დღეს ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროები გაზით და წყლითაა სავსე“, - ამბობს იგორ ქიშმარია. იგი პროფესიით ელექტრიკოსია, მაგრამ უმუშევარი - ისევე როგორც აკარმარის მცირერიცხოვანი მოსახლეობა. ბოლო ხანებამდე აქ თურქულ-აფხაზური საწარმო მუშაობდა, რომელმაც ქვანახშირის ამოღება დაიწყო. მოპოვებული ქვანახშირი თურქეთში გაჰქონდათ, შავი ზღვით, საქართველოს სასაზღვრო პუნქტების გვერდის ავლით. დღეს მომავალი ბუნდოვანია. იგორი ოცნებობს, რომ აქ ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს, რომ აკარმარელმა ბავშვებმა ყვითელი ავტობუსებით ტყვარჩელის სკოლაში იარონ... „ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ! უფრო უკეთესი იქნება, რომ უცხოელებმა აპოკალიფსის სურათები კი არა, სიცოცხლის ამსახველი ფოტოები გადაიღონ. თქვენ, უცხოელები, აქ მხოლოდ ნანგრევებს ხედავთ, ჩვენთვის კი ეს ნანგრევები მშობლიური ქალაქის ნარჩენებია - ის, რაც ადრე კლუბები და კინოთეატრები იყო“, მეუბნება იგორი და იქვე ამატებს: „ეჰ, კარგად ვიცით, რომ საბჭოთა დრო აღარ დაბრუნდება“.
ახლახანს აკარმარის ახლოს კვლავ ამოქმედდა სანატორიუმი, რომელშიც მკურნალობა რადონის წყლებით ხორციელდება. იბრაჰიმ ჭკადუა ამბობს, რომ მისთვის ძნელია მშობლიურ ადგილებში ჩასვლა, მაგრამ მაინც გადაწყვეტილი აქვს 11 წლის ვაჟი აკარმარაში პირველად ჩაიყვანოს. „ეს ნამდვილად ჩიხია, პირდაპირი და ირიბი გაგებით. აკარმარის უკან მხოლოდ მთებია. საბჭოთა პერიოდშიც, ფაქტიურად, ასე იყო - ლამაზი ჩიხი იმპერიის წინა ხაზზე“, - ოხრავს ფოტოგრაფი. რაც იყო, იყო - დღეს აკრამარა საბჭოთა კავშირის დასასრულის მეტაფორას და ადამიანების ნახელავზე ველური ბუნების გამარჯვებას წარმოადგენს.
p.s. პუბლიკაციის ორიგინალში შეინიშნება საქართველოს უახლესი ისტორიის დამახინჯება, რაც ავტორის აფხაზეთში ყოფნის დროს, ადგილობრივი პროპაგანდის გავლენა შეიძლება იყოს... (რედ.)
https://elpais.com/internacional/2017/08/15/las_atalayas/1502816457_963110.html

















