მსოფლიო მასშტაბით გავლენიან ბრიტანულ გამოცემა «The Guardian»-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში გადმოცემულია მოგზაურ ვუდ ლევინსონის შთაბეჭდილებები კავკასიის
რეგიონში ყოფნის დროს (ავტორი - რეიჩელ დიქსონი, „გარდიანის“ კორეპონდენტი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
ვუდ ლევინსონი აღნიშნავს, რომ მან მოგზაურობა სოჭიდან, რუსეთიდან დაიწყო, იყო ჩეჩნეთში (გროზნოში), შემდეგ მოინახულა საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანში გადავიდა. იგი ისხენებს წინა თავგადასავალსაც: 2004 წელს, ზაფხულში, აბრეშუმის გზის მარშრუტით საქართველოში ყოფნისას, ავტოსტოპით მოგზაურობით დაღლილი ვუდ ლევინსონი ქართველ გოჩას სახლში მიუპატიჟნია და უცნობის მიმართ ისეთი სტუმართმოყვარეობა გამოუჩენია, რომ სამი დღე არსად არ გაუშვია. უცნობი ადამიანისადმი ქართველი კაცის მიერ გამოხატულმა ასეთმა თბილმა დამოკიდებულებამ ვუდ ლევინსონი საქართველოსადმი კეთილად განაწყო და მეორე მოგზაურობისას მან კვლავ მოინახულა გოჩა, რომელსაც ძალიან გახარებია ნაცნობი ინგლისელის დანახვა.
„საქართველოში უცნობ ადამიანებს, ტრადიციულად, პატივს სცემენ. ისინი შიმშილს არასოდეს იგრძნობენ, მათ ქართველები დააპურებენ და საკვებით უზრუნველყოფენ. საერთოდ, ქართული საჭმელები საოცარია: უგემრიელესი ხაჭაპური, ასევე სასიამოვნო ქართული ღვინო. მოგზაურობის დროს მე ყველგან მიცხოვრია - მწყემსებთან ერთად, გამოქვაბულებში, სახლებში და ცოტა უცნაურ სასტუმროებშიც...“, - ამბობს ვუდ ლევინსონი კორესპონდენტთან საუბარში. იგი აღწერს საქართველოს ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას, მდიდარ ბუნებრივ ლანდშაფტს, ბუნების პეიზაჟს... „საქართველოში [და აზერბაიჯანში] ბევრი კარგი სასტუმროა, მაგრამ მათში დასავლელი ტურისტები შედარებით ნაკლებია“, - ამბობს იგი.
ინგლისელი მოგზაური საუბრობს სპეციფიკურ შთაბეჭდილებებზეც და მკითხველებს ერთგვარ რჩევა-დარიგებას აძლევს: „რუსეთ-ირანში ყოფნისას არაა გამორიცხული საიდუმლო პოლიციის თვალთვალი. თუ თქვენ კავკასიაში მხოლოდ ერთი ქალაქის ნახვა გინდათ, მაშინ საქართველოს დედაქალაქს უნდა ეწვიოთ. თბილისი ბოლო ათწლეულში საოცრად შეიცვალა - დიდი ისტორიის მქონე ქალაქი მომავლისაკენ მიილტვის. თბილისში ძალიან ბევრია წარსულის ღირსშესანიშნაობები, მაგალითად, ძველი ციხე-სიმაგრე ნარიყალა, ქალაქის ძველი უბნები, სადაც მრავლადაა კაფეებიც, შეგიძლიათ მშვენიერი ყავაც მიირთვათ. მთების მოყვარულებს შეუძლიათ ერთი დღით გუდაურსაც ეწვიონ, ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტს“.
ვუდ ლევინსონი საუბრობს აგრეთვე ჩეჩნეთში და ირანში ყოფნის შთაბეჭდილებებზეც: „გროზნო 1990-იანი წლების რუსეთთან ომის შედეგად მთლიანად დანგრეული იყო, მისი აღდგენა ნულისაგან დაიწყო, დღეს კი დუბაის ჰგავს... ირანში დავაკვირდი, თუ როგორ იცვლება ქვეყანა თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით - მიუხედავად იმისა, რომ ისლამური ხელისუფლება ფეისბუქისა და ტვიტერის აკრძალვას ცდილობს“.
პუბლიკაციას თან ახლავს თბილისის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოსურათები.
https://www.theguardian.com/travel/2017/aug/25/why-i-love-caucasus-mountains-russia-chechnya-georgia-azerbaijan-armenia-iran

















