"საქართველოში მოულოდნელი სკანდალი ფართოვდება: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის კომპეტენტური
ორგანოები იძიებენ, თუ როგორ და რატომ ჩავიდნენ ყირიმში მდებარე ბანაკ „არტეკში“ დასასვენებლად თბილისის 146-ე საშუალო სკოლის მოსწავლეები“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «Российская газета» სტატიაში (ავტორი - ელენა ნოვოსელოვა).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ეს ფაქტი დიდი ხანია ცნობილია, გაზეთი ადრეც წერდა - მოსწავლეებმა იმ კონკურსში გაიმარჯვეს, რომელიც რუსეთის ა.პუშკინის სახელობის რუსული ენის ინსტიტუტის ეგიდით გაიმართა. იბადება კითხვა: რატომ ატყდა ასეთი სკანდალი ამჟამად? თბილისის 146-ე სკოლის ხელმძღვანელობა იფიცება, ჩვენ არაფერი ვიცოდითო, თუმცა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უკვე გამოაცხადა, რომ არტეკში მოსწავლეების გაგზავნის გამო ყველა დასჯილი იქნება, მათ შორის ბავშვების მშობლებიც. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა პარლამენტისაგან სპეციალური კანონის მიღებაც კი მოითხოვა რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობების თაობაზე.
როგორც „არტეკის“ ბანაკში ინსტიტუტის წარმომადგენელი ანდრეი ალიაროვი ამბობს, მასწავლებელი, რომელმაც ქართველი მოსწავლეები ბანაკში ჩამოიყვანა, გაოცებულია და ნაწყენია საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, თითქოსდა სამინისტროში არავინ არაფერი იცოდა კონკურსის შესახებ. „რაც შეეხება თვით ბავშვებს, ისინი ძალზე კმაყოფილები არიან, ნიჭიერებას ამჟღავნებენ, საქართველოს დროშით ხელში კონცერტს ამზადებენ“.
ენა ადამიანთა ურთიერთობისა და მშვიდობის დამყარების ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეც ხდება ხოლმე, რომ პოლიტიკოსები ენას დანიშნულებას უცვლიან. იმედი გვაქვს, რომ „რუსეთთან ურთიერთობის განსაკუთრებული ხასიათის გამო ქართველი პოლიტიკოსები შურიუსძიებას რუსულ ენის მიმართ არ მოახდენენ, რომელზეც 300 მილიონი ადამიანი საუბრობს.
პუბლიკაციაში გადმოცემულია ვრცელი ინტერვიუ რუსეთის ა.პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორ მარგარიტა რუსეცკაიასთან. მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, თუ როგორ ხდება მოსწავლეების საზღვარგარეთ წაყვანა, მათ შორის ისიც, რომ პედაგოგი მშობლებისაგან იღებს ნებართვას, ფორმდება შესაბამისი დოკუმენტები სასწავლო დაწესებულებაში, ბარდება საკონსულო და ა.შ. ამიტომაც საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი ჩუმად გაკეთდა, ბავშვები ჩუმად წაიყვანეს ყირიმში და არავინ არაფერი იცოდა, ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა.
„ინფორმაცია კონკურსის ჩატარების თაობაზე საჯაროდაა ცნობილი თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში. 2016 წლის ბოლოს რუსეთის მთავრობასთან არსებული რუსული ენის საბჭოს დავალებით და რუსეთის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით გამოცხადდა კონკურსი რუსული ენის ცოდნის, რუსულ ენაზე დაწერილ თხზულებათა შესახებ. ვინც გაიმარჯვებდა, ისინი არტეკში დასასვნებლად გაიგზავნებოიდნენ. ჩვენ მივიღეთ ათასობით განაცხადაი მსოფლიოს 60 ქვეყნის მოსწავლეებისაგან, რომლებთაგანაც ჟიურიმ 170 შეარჩია - 26 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებიც. ასევე შეირჩა 20 პედაგოგიც.
კონკურსის თაობაზე გავრცელდა პრეს-რელიზები, რომლებიც გამოქვეყნებულია. საქართველოს განათლების სამინისტროში და საქართველოს სკოლებში ამ კონკურსის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა. ამიტომაც ძალიან საწყენია, რომ მასწავლებლისაგან დამნაშავეს ქმნიან. სხვათა შორის, მან ყველაფერი მაღალპროფესიულად გააკეთა. იგი ამჟამად ისეთ მდგომარეობაშია, ფსიქოლოგის დახმარებაც კი დაჭირდა. პედაგოგს არცერთი ქართული კანონი არ დაურღვევია, არც პროფესიული და არც პოლიტიკურ-ეთიკური რეგლამენტები და კოდექსები. მისი დასჯა უსამართლობა და არაზნეობრივი იქნება. ძალიან ცუდია, როცა რუსული ენის შესწავლაში, როცა ბავშვებს შორის ურთიერთობებში პოლიტიკა იჭრება. რამდენადაც მე ვხვდები, ყირიმთან დაკავშირებით საქართველო და უკრაინა არკვევენ ერთმანეთთან დამოკიდებულებას - ვინ ვისი ერთგულია, ვისადმი ლოიალურია, ვინ როგორ როგორ უყურებს ყირიმის პრობლემას... მაგრამ რა შუაში არიან ამ შემთხვევაში ბავშვები, რომლებიც იქ რუსული ენის შესწავლის გაღრმავების მიზნით ჩავიდნენ? რუსული ენა ხომ საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ენაა?“, - ამბობს ინტერვიუში პროფესორი მარგარიტა რუსეცკაია.

















