სომხურმა გამოცემამ "The Armenian Interest"-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ პოლიტოლოგთან, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორთან ფრენსის ფუკუიამასთან,
რომელშიც იგი საუბრობს რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობაზე, სომხეთის საერთაშორისო მდგომარეობასა და რუსეთთან მისი დამოკიდებულების შუქ-ჩრდილებზე. ფრენსის ფუკუაიამა ინტერვიუში მოიხსენიებს საქართველოსაც.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- რა არის აშშ-ისა და რუსეთის დღევანდელი დაპირისპირების ძირითადი მიზეზები? არსებობს თუ არა ამ კრიზისის დარეგულირების გეგმა?
- ამჟამინდელი კრიზისი უპრეცედენტოა. რა თქმა უნდა, მოსკოვის მოქმედებამ ყირიმის მიტაცებითა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში - დონბასში მიმდინარე ომით დაარღვია რუსეთის ურთიერთობა აშშ-სთან და დასავლეთ ევროპასთან. უცნაური რა არის, იცით? მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში აშშ-ის მთავრობა აღიარებს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და ამიტომაც გამოუცხადა სანქციები (ეს ჩვეულებრივი მოვლენაა საერთაშორისო ურთიერთობებში), იმავდროულად, როგორც ჩანს, ამერიკის პრეზიდენტს რუსეთი უყვარს - დონალდ ტრამპს ხომ სანქციების პოლიტიკა თავიდანვე არ მოსწონდა. პრეზიდენტის ქცევა გვაფიქრებინებს, რომ იგი რუსეთისადმი შედარებით უფრო კეთილგანწყობას ამჟღავნებს, ვიდრე სხვა სახელმწიფოების დემოკრატიებთან. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი მიუღებელი სიტუაციაა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი მხარს უჭერს აშშ-ის ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგე სახელმწიფოს. მე ვერ ვიხსენებ ვერცერთ მსგავს შემთხვევას ჩვენი ისტორიიდან. რასაკვირველია, ჩვენ ქვეყნებს შორის დიალოგი აუცილებელია, მაგრამ მე პირადად დონალდ ტრამპს არ ვენდობი. თუმცა ვწუხვარ, რომ ჩვენ რუსეთთან ასეთ მტრულ დამოკიდებულებაში ვართ...
- ახდენს თუ არა გავლენას აშშ-რუსეთის ურთიერთობაში არსებული კრიზისი სომხეთზე, რომელიც რუსეთის ინტეგრაციული პროექტის - ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია? და თუ ახდენს, როგორი სახით?
- აშკარაა, რომ რუსეთის მოქმედების არეალის გაფართოება, ახლო საზღვარგარეთის გაკონტროლების მიზნით, სომხეთისათვის სიკეთის მომტანი არ უნდა იყოს. საქართველოსაგან განსხვავებით, სომხეთი [პრობლემების მოსაგვარებლად] რუსეთთან ინტეგრაციას შეეცადა - ნაცვლად იმისა, რომ დასავლეთის მხარეზე ყოფილიყო. რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით თქვენი ქვეყანა [სომხეთი] საქართველოსავით მოწყვლადი არაა. თუ შეერთებული შტატები საქართველოსთვის საიმედო პარტნიორი არ აღმოჩნდება, მაშინ თბილისს პრობლემები გაუჩნდება. ამ თვალსაზრისით თქვენ უფრო მეტად ხართ დაცული. მეორე მხრივ, სომხეთის დამოუკიდებლობის ხარისხი შედარებით ნაკლებია. თქვენ რუსული პროექტები და რუსული სისტემა აღიარეთ და აქედან გამომდინარე, დასავლეთთან კავშირების გაფართოების ისეთი შესაძლებლობა არ გაქვთ, როგორიც საქართველოს“.

















