„ქართველი ცეცხლთანმებრძოლები ბორჯომის ხეობის ტყეში გაჩენილ ხანძარს თავგანწირულად ებრძვიან, რათა საკურორტო რეგიონი სტიქიისაგან
დაიცვან“, - ნათქვამია სომხურ გამოცემა «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც მიმოხილულია აგრეთვე საქართველოში ბოლო დროს გახშირებული ხანძრები.
პუბლიკაციაში ჩამოთვლილია თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მომხდარი ხანძრები. ყურადღება გამახვილებულია „ბავშვთა სამყაროს“ ხანძარზე, რომლითაც სტიქიის პერმანენტული პროცესი დაიწყო: მას მოჰყვა „ელიავას ბაზრობა“, „შარავანდის“ სტამბის საწყობი, „ფოთის ბაზარი“, „ისნის ბაზრობა“ და სხვები. „სავაჭრო-სამრეწველო ობიქტებზე გაჩენილ ხანძრებს ბოლო დროს ტყის ხანძრებიც დაემატა, რომელთაგან ბოლო დროს ზოგიერთი თბილისი შემოგარენშიც მოხდა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
------
ბორჯომის ტყის ხანძარს გამოხმაურება რუსულ პრესაშიც მოჰყვა. გაზეთმა «КоммерсантЪ»-მა 23 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია საკმაოდ შთამბეჭდავი სათაურით (პოლიტიკური სიტუაციის კვალობაზე) – „სომეხი და აზერბაიჯანელი მეხანძრეები საქართველოში გაჩენილ ხანძარს ერთად აქრობენ“ (ავტორი - გიორგი დვალი). პუბლიკაციაში განხილულია საქართველოსთვის გაწეული საერთაშორისო დახმარება ცეწცხლის სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად. «Независимая газета» სტატიაში „საქართველოს უარი რუსეთის დახმარებაზე“ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის მხრიდან დახმარების მიღებაზე, მასში ასევე აღნიშნულია, რომ ქართულმა ოპოზიციამ მთავრობის ეს გადაწყვეტილება დაგმო. პუბლიკაციაში ციტირებულია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის ადა მარშანიას განცხადება: „ეს გაუმართლებელი ნაბიჯია. საქართველოში ხომ ათასობით რუსი ტურისტი ჩამოდის. სადაა მაშინ ჩვენი პრინციპულობა და პატრიოტიზმი?“. (წყაროები: https://www.kommersant.ru/doc/3391264; http://www.ng.ru/cis/2017-08-24/6_7058_ georgia.html)

















