ფრანგული რადიოსადგურ Radio France Internationale-ს („საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“) ეთერში 19 აგვისტოს გადაიცა საქართველოში განვითარებული
მოვლენების მიმოხილვა, რომელშიც ყურადღება რამდენიმე საკითხს დაეთმო: ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების 25-ე წლისთავს; რუსი ტურისტების ზრდას საქართველოში; იმ რუსული კომპანიების საქმიანობას, რომლებიც „ოკუპაციის შესახებ“ კანონს არღვევენ; რელიგიურ სიტუაციას (აშშ-ის სახდეპარტამენტის მოხსენების მიხედვით) და იმ მიზეზებს, თუ რატომ აძლევენ უპირატესობას მეზობელი აზერბაიჯანის ახალგაზრდები საქართველოს უმაღლეს სასწავლებელებში ცოდნის დაუფლებას.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სიუჟეტის ქართულენოვან რეზიუმეს:
------
რადიორეპორტაჟში საუბარია აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების მიზეზებზე, მასში რუსეთის საჯარისო ფორმირებებისა და ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების მონაწილეობაზე, კონფლიქტის შედეგებზე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისათვის. რეპორტაჟში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება 2008 წელს რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით მოახდინა.
დღეს მთავარი კითხვაა - გახდება თუ არა საქართველო აფხაზებისთვის მიმზიდველი?
კორესპონდენტი ესაუბრება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს: „ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარმატებებს მიაღწევს საქართველო. ჯერ-ჯერობით, კონფლიქტიდან 25 წლის შემდეგ, მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველო წინ ისე წავიდა, რომ ჩვენმა ძმებმა აფხაზებმა ინანონ - რა განვითარებული და მეგობრული საქართველო დავტოვეთო. თუ შეიქნება უკეთესი სიტუაცია რუსეთთან შედარებით არა მხოლოდ დემოკრატიის, არამედ ცხოვრების დონის მიხედვითაც, მაშინ ეს ფაქტორი აფხაზების განწყობაზე გავლენას მოახდენს“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
-------
რუსეთის მხრიდან ტურისტებისა და ტვირთების მოზღვავებამ საქართველოს სამხედრო გზაზე მრავალკილომეტრიანი საავტომობილო „საცობები“ გამოიწვია. რადგანაც საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი სხვა სატრანსპორტო კომუნიკაციები, კონფლიქტების გამო, არ ფუნქციობენ, ერთადერთი ავტომაგისტრალი ძალიან არის გადატვირთული - ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან უსასრულო რიგია შექმნილი. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, მგზავრების დასახმარებლად, გზაზე საველე ჰოსპიტალი გაეხსნა, სასწრაფო დახმარების გაწევის მიზნით. ასევე მოქმედებს რუსეთის (ჩრდილო ოსეთის) ხელისუფლებაც, რომელიც ექსტრემალურ ვითარებაში მოხვედრილ ადამიანებს ჰუმანიტარული დახმარებას უწევს. მართალია, საკონტროლო-გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით მუშაობს, მაგრამ მისი გამტარუნარიანობა არასაკმარისი აღმოჩნდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს სამხედრო გზა კარდინალურად არასაკმარისია რუსეთთან გაფართოებული ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველსაყოფად, ხელისუფლებამ სხვა კომუნიკაციები უნდა ეძებოს, მაგრამ პრობლემის სისტემური მოგვარება, გასაგები მიზეზების გამო, ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.
-------
ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ გამოქვეყნა იმ რუსული კომპანიების სია, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ და იმავდროულად საქართველოს კანონს „ოკუპაციის შესახებ“ არღვევენ, ანუ უკანონოდ დებენ ინვესტიციებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. დამრღვევთა შორისაა დიდი კომპანიები „როსნეფტი“, საავტომობილო კომპანია „გაზ“, „ინტერ-რაო“, „იანდექს-ტაქსი“ და სხვები. ისინი საქართველოშიც წარმატებით საქმიანობენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. მთავარი კითხვა კვლავ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პასუხის გარეშე რჩება: რატომ ვერ ბედავს მთავრობა ამ კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, როცა კანონის დარღვევის ყველა ფაქტი სახეზეა? დამკვირვებლების აზრით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ძალიან უფრთხილდება რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს (ვაჭრობას, ტურიზმის განვითარებას), საიდანაც ბოლო დროს ქვეყანა მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავლებს იღებს. რასაკვირველია, ეს ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის კურსის განმტკიცებას და ეკონომიკურ წინსვლას.
-------
გასულ კვირას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური მოხსენება მსოფლიოს ქვეყნებში რელიგიური სიტუაციის შესახებ, მათ შორის საქართველოშიც. დოკუმენტში აღნიშნულია: მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია მოქალაქეების რწმენის თავისუფლებას უზრუნველყოფს და ყველა რელიგია საქართველოში თანასწორია, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, სხვებთან შედარებით, მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობს. ბოლო დროს ქართული ეკლესია ოპოზიციონერთა კრიტიკის ცენტრში მოექცა არამარტო ფინანსური პრივილეგიების, არამედ რუსეთთან კონტაქტების გამო - ქართულ ეკლესიას რუსეთუმედ მიიჩნევენ. ამასთან დაკავშირებით „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტს ესაუბრება რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი:
„მე ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში მწვავედ ვაკრიტიკებდი საქართველოს ეკლესიის მაშინდელ და დღევანდელ პატრიარქს, რომელმაც 1994 წელს რუსეთის თავდაცვის მინისტრი პავლე გრაჩოვი მონათლა. შეგახსენებთ, რომ ეს ის გრაჩოვია, რომელიც აფხაზეთში რუსების ჯარების სამხედრო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა საქართველოს წინააღმდეგ... გარდა ამისა, პატრიარქი ხშირად მოიხსენიებს მეგობრად ვლადიმერ პუტინს, ხოლო რუსულ ეკლესიას ქართული ეკლესიის პარტნიორად მიიჩნევს. ანუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულ უფრო მეტად ხდება რუსეთის ხელისუფლების დასაყრდენი საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა სასულიერო მოღვაწე კრემლის აგენტია, უფრო სწორად, კრემლის გავლენის გამტარებელი აგენტები. ქართულ ეკლესიაში საკმაოდ ბევრი წესიერი ადამიანია, მაგრამ სინოდის წევრთა დიდი ნაწილი, მაღალ იერარქთა დიდი ნაწილი, კათოლიკოს-პატრიარქის მეთაურობით, პრაქტიკულად გამოდის საქართველოს დასავლური კურსის წინააღმდეგ. ქართული ეკლესია ანტიდასავლურობას აჟღავნებს, რაც პრორუსულ ორიენტაციას ნიშნავს“, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი ინტერვიუში.
სხვათა შორის, ასეთი მკვეთრი კრიტიკული გამონათქვამები პატრიარქის წინააღმდეგ, რომელიც საზოგადოებაში ურყევი ავტორიტეტით სარგებლობს, ადრე არცერთ პოლიტიკოსს არ გაუჟღერებია. როგორც ჩანს, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა იმ სკანდალის შედეგია, რომელიც უმაღლესი იერარქიის ერთ-ერთი წარმომადგენლის - მამა გიორგი მამალაძის დაპატიმრებამ გამოიწვია, პატრიარქის მოწამვლის მცდელობის ბრალდებით.
------
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ გამოაქვეყნა აზერბაიჯანელი სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ცოდნა-განათლებას ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ეუფლებიან - მათი რაოდენობა დღეს 2650-ს აღწევს. სწორედ მეზობელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდა მოქალაქეებს უკავიათ პირველი ადგილი საქართველოში ცოდნის მისაღებად ჩამოსულ უცხოელებს შორის. როგორც თსუ-ს პროფესორი კახა გაბუნია ამბობს „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ ჟურნალისტთან საუბარში, აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ინტერესი ქართული უმაღლესი სასწავლებლების მიმართ ობიექტური ფაქტორებით აიხსნება: „პირველი - ამ შემთხვევაში გავლენას ახდენს ძველი ტრადიცია, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში ჩამოყალიბდა - თბილისის უმაღლესი სასწავლებლები რეგიონში ყველაზე პრესტიჟულად ითვლებოდნენ; მეორე - ბაქო საკმაოდ ძვირი ქალაქია ყველა თვალსაზრისით“. გარდა ამისა, საქართველომ სამხრეთ კავკასიაში ერთერთმა სახელმწიფომ, ხელი მოაწერა შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების თაობაზე, შეუერთდა ბოლონიის პროცესსაც, აქედან გამომდინარე, საქართველოში ბაკალავრის წოდებამიღებულ ახალგაზრდას თავისუფლად შეუძლია სწავლის გაგრძელება ევროპის უმაღლეს სასწავლებელების მაგისტრატურაში.
http://ru.rfi.fr/kavkaz/20170819-v-gruzii-otmetili-25-letie-s-nachala-gruzino-abkhazskogo-konflikta

















