პოლონური გამოცემა «Super Express», პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის 2001-2004 წლებში, ლეშეკ მილერის სტატიას აქვეყნებს, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტსა
და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შეეხება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი", გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
აშშ-ის პრეზიდენტს ფრანკლინ რუზველტს მიაწერენ ფრაზას, რომელიც მას 1939 წელს უთქვამს ერთ-ერთი ლათინურამერიკელი დიქტატორის მისამართით: „ის, რა თქმა უნდა, ძაღლიშვილია, მაგრამ მაინც ჩვენი ძაღლიშვილია“. ეს ფრაზა უნივერსალურ პრინციპად იქცა, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკური შეთვისებადობა-შემგუებლობის არსს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.
რუზველტის ფრაზა მაშინ გამახსენდა, როცა „გასტროლებზე მყოფი“ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში დავინახე. როგორც ცნობილია, საქართველოს ექს-პრეზიდენტს სამშობლოში ბრალდება წაუყენეს საპროტესტო აქციების დარბევაზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე და საბიუჯეტო თანხების განიავებაზე. მასზე გამოცხადებულია ძებნაც, თუმცა ამ ბრალდებებს მიხეილ სააკაშვილისათვის ხელი არ შეუშლია, რომ რამდენიმე დღე ვარშავაში გაეტარებინა - სხვათა შორის, ძალადაკარგული პასპორტით: მას ხომ ჩამორთმეული აქვს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მოქალაქეობაც...
საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოითხოვა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთში მას არაფერი მსგვავსი რამ არ ემუქრება - იგი ხომ სწორედ იმას ამბობს, რაც დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას სიამოვნებს: „სმოლენსკის კატასტროფა ვლადიმერ პუტინის შურისძიებაა ლეხ კაჩინსკის მიმართ იმის გამო, რომ იგი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს აქტიურობდა და თბილისში ჩასვლის დროს მტკიცე [ანტიპუტინური] პოზიცია დაიკავა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. ექს-პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინი „სისხლიანი მკვლელია, რომლის ხელობა ადამიანების ხოცვაა. რუსეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკის სიკვდილით პოლონეთის დამოუკიდებლობის ბოლოსმოღება სურდაო“. ოქროს სიტყვებია. ასეთი სიტყვები ყველანაირ პასპორტზე და ვიზაზე ძვირად ფასობს. ვინ იცის, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი ოდესმე პოლონელიც კი გახდება და მსოფლიოში პოლონური დოკუმენტებით ივლის...
რაც შეეხება 2008 წლის მოვლენებს: ევროკავშირის სპეციალურმა კომისიამ შვეიცარიელი ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით გამოიკვლია [რუსეთ-საქართველოს ომის] გარემოებები, რის შედეგადაც ნათელი გახდა, რომ 7-8 აგვისტოს ღამით სამხედრო მოქმედება ქართულმა არმიამ განახორციელა სამხრეთ ოსეთში შეჭრის მიზნით. მოკლედ, გამოდის, რომ ომი რუსეთმა კი არა, საქართველომ დაიწყო.
როცა მთელი მსოფლიო თვალს პეკინის ოლიმპიურ თამაშებს ადევნებდა, მიხეილ სააკაშვილმა გმირობის ჩადენა გადაწყვიტა. მაგრამ რისი იმედი ჰქონდა, როცა უაზრო [წინასწარ წაგებულ] ომს იწყებდა? ეგონა, რომ სწრაფად და იოლად გაიმარჯვებდა? ან იქნებ ფიქრობდა, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა? ან ამერიკა სამხედრო დახმარებას გაუწევდა? შესაძლოა მიხეილ სააკაშვილს ეგონა, რომ იგი თავის მყიფე მდგომარეობას განიმტკიცებდა და მთელ მსოფლიოს მოულოდნელი ფაქტის წინაშე დააყენებდა? თუმცა, აწი მნიშვნელობა აღარ აქვს, რას ფიქრობდა და რისი იმედი ჰქონდა - ყველაფერმა უქმად ჩაიარა: ქართველმა პრეზიდენტმა ყველაფერი წააგო, რისი წაგებაც შეიძლებოდა. ახლა იგი სიამოვნებით თამაშობს რობინ ჰუდის როლს, თავის თავს გმირად წარმოსახავს, მაგრამ სადაა მისი შერვუდის ტყე?
http://www.se.pl/wiadomosci/opinie/leszek-miller-robin-hood-bez-lasu_1013280.html

















