აზერბაიჯანული გამოცემა «Новое время», საქართველოში შეერთებული შტატების სამხედრო ინტერესების შესახებ
ვრცელ მასალას აქვეყნებს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან ნატო აღმოსავლეთით გაფართოებას შეუჩერებლად, პერმანენტულად აგრძელებს. ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ყოფნას აძლიერებს, თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკის გატარებას საქართველოს მეშვეობით ცდილობს. ბოლო დროს თბილისს აშშ-ის უმაღლესი სამხედრო სარდლობის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ - ამ დღეებში საქართველოს აშშ-ის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი მარკ მაილი ეწვია...
როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, თბილისსა და ვაშინგტონს შორის მიღწეულია პრინციპული შეთანხმება სამხედრო მომზადების ცენტრის დაარსების საკითხში, რომელსაც ამერიკელი კონგრესმენები კურირებენ (ამ ინიციატივას პენტაგონშიც ჰყავს ლობისტები - გენერლები ფედერიკ ჰოჯესი და ანტონიო აუგუსტო). თუ საბოლოო ჯამში კონგრესი ამ წინადადებას მოიწონებს, არაა გამორიცხული, რომ 2018 წლისათვის საქართველოში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების 25-ათასიანი კონტინგენტი გამოჩნდეს. ამით საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს დასავლეთის მიმართულებით, კიდევ ერთი ძაფით მიებმება ოკეანისიქით მდებარე ქვეყნის სამხედრო სტრუქტურებს.
რაც შეეხება სამხედრო ბაზებს: როგორც ჩანს, ამერიკა საქართველოს ტერიტორიაზე ორ სახმელეთო და ერთ საზღვაო ბაზას დაარსებს, ანუ ზუსტად იმდენს, რამდენიც რუსეთს აქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მართალია, ამერიკული ბაზების დანიშნულება ჯერ უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, სახმელეთო ბაზებიდან ერთ-ერთი სამხედრო საჰაერო ბაზა იქნება. როგორც ცნობილია, აშშ იყენებს თურქეთში მდებარე ინჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზას, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ვაშინგტონი ინჯირლიყს სრულად ვერ აკონტროლებს, რადგან, მისი მართვა თურქეთთან ერთად ხდება. ანკარის პოლიტიკის გათვალისწინებით (იყო შემთხვევები, როცა თურქეთმა ამერიკას ბაზით სარგებლობა შეუზღუდა), ვაშინგტონისთვის ინჯირლიყის ბაზის შეცვლა საქართველოში მდებარე ბაზით სასარგებლო იქნებოდა, თუმცა ამერიკას, პოლიტიკური მოსაზრებით, თურქეთიდან წასვლაც არ უნდა, რადგან ერაყთან და ირანთან ახლოს ყოფნა სურს. რა თქმა უნდა, ბაზის საქართველოში გადატანით, 500-700 კილომეტრი თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავისათვის მაინცდამაინც დიდი მანძილი არ არის, მაგრამ სამხედრო-სტრატეგიულმა ფაქტორმა ჯერ-ჯერობით პოლიტიკური ვერ გადასძალა.
ცხადია, ამერიკელებისათვის ძალიან მაცდურია საქართველოში სამხედრო-საჰაერო ბაზის დაარსება, აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის ენერგორესურსების გათვალისწინებით. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებების მიუხედავად, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცესთან დისტანცირებასაც გულისხმობს, მოვა დრო და შეიძლება ეს გეგმაც განხორციელდეს: აშშ-ის უმაღლეს ხელისუფლებაში საკმაოდ ბევრია კონსერვატიული პოლიტიკოსები, რომლებიც იდეას მხარს უჭერენ.
საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზის დაარსების საკითხზე კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიქმეთ გაჯიევმა: მისი თქმით, ყოველი ქვეყანა თვითონ ირჩევს საგარეო და თავდაცვით პოლიტიკას, აზერბაიჯანი კი სხვა ქვეყნების საქმეებში არ ერევა. „რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს ქვეყანას, აზერბაიჯანი მიუმხრობლობის მოძრაობის ორგანიზაციის წევრია და ბლოკებსგარეშე სტატუსს ინარჩუნებს. ბაქო ზუსტად ასრულებს თავის ვალდებულებას ამ ორგანიზაციის წინაშე. სწორედ ამიტომ მიუმხრობლობის მოძრაობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი აზერბაიჯანში ჩატარდება, პირველად ევროპაში 1989 წლის შემდეგ“, - აღნიშნა ჰიქმეთ გაჯიევმა.
არადა, რამდენიც არ უნდა აცხადოს აზერბაიჯანმა თავისი ნეიტრალობის თაობაზე, მეზობელ ქვეყანაში თუ აშშ-ის ბაზა დაარსდება, ბაქო იძულებული გახდება თავის პოლიტიკაში კორექტივები შეიტანოს შეიმუშაოს. ვნახოთ, რა რეაგირებას მოახდენს აზერბაიჯანი რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე.
http://www.novoye-vremya.com/w101723/.../#.WY0u8oqQzs0

















