აზერბაიჯანული გამოცემა «Новое время» საქართველოში მიმდინარე მრავალეროვან წვრთნებს და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის
თბილისში ვიზიტს ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის შემოკლებულ ვერსიას:
ამერიკელი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე თავიანთი ყოფნის გაფართოებას გეგმავენ. თბილისში ვიზიტის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ნატოში გაწევრიანების შესახებ.
ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე, ღია წყაროებში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის სამხედრო ბაზები არ არის, თუმცა დისკუსია მათი დაარსება-ორგანიზაციის თაობაზე ბოლო დროს საკმაოდ ხშირად და აქტიურად მიმდინარეობს. ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ სანამ საქართველო ნატოს წევრი გახდება, მანამ ქვეყნისათვის აუცილებელია, რომ მის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზა არსებობდესო.
იქნება თუ არა აშშ-ის სამხედრო ბაზა საქართველოში?
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ამერიკის ჯარებმა გაახშირეს სამხედრო წრთვნები საქართველოს არმიასთან ერთად. ჯერ კიდევ 2014 წელს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა კრწანისის ბაზაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზის მშენებლობაა განზრახულიო. უფრო ადრე, 2009 წელს ქართული მასმედია წერდა - 2015 წლისათვის ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის სამი სამხედრო ობიექტი - ორი სახმელეთო და ერთი საზღვაო ბაზა უნდა დაარსდესო. ამ ინიციატივას რიგი კონგრესმენები და აშშ-ის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ლობირებდა, მაგრამ პროექტის რეალიზება ვერ მოხერხდა.
აშკარაა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკურ სიტუაციას ძირფესვიანად შეცვლის. შავი ზღვა-კავკასიის რეგიონი პრიორიტეტულია არა მარტო აშშ-სათვის, არამედ რუსეთ-ევროპა-თურქეთისათვის, ხოლო თვით თურქეთისათვის მისი მნიშვნელობა თითქმის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ტოლფასია. ვაშინგტონი დიდი ხანია საქართველოს განიხილავს როგორც თურქეთში თავისი სამხზედრო ბაზირების ალტერნატივას. რა თქმა უნდა, თურქეთი ამას ხედავდა და ეჭვის თვალით უყურებდა პენტაგონის ზრახვებს საქართველოში ამერიკეული ბაზების შექმნის თაობაზე.
რას უნდა ელოდოს კავკასია?
ბუნებრივია, რომ რუსეთი ამერიკის გეგმებით კმაყოფილი არ იქნება. როგორც ჩანს, ქართველი პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ 2008 წელს რუსეთის ჯარებმა შიდა ქართლის მთავარი ქალაქი - გორი დაიკავეს და თბილისიდან ორ ნაბიჯზე იყვნენ. არავინ იცის, გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი, ეს ძალიან საეჭვო საკითხია, მაგრამ უკვე ლაპარაკია ახალ სრულმასშტაბიან ცივ ომზე. ვის აწყობს ეს ყველაფერი? საით უბიძგებს ვაშინგტონი თბილისს? რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად ახლოს მივიდა ჩვენი რეგიონი იმ უფსკრულამდე, რომლის შემდეგ უკვე ომი დაიწყება.
http://www.novoye-vremya.com/w100623/.../#.WYKc0oqQzs0

















