თეირან-ვაშინგტონის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ირანულმა მედიამ მაინც საკმაოდ ფართოდ გააშუქა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, თანაც უფრო მეტი ყურადღება მაიკ პენსის იმ განცხადებას დაუთმო, რომელიც ვაშინგტონის მიერ გამოცხადებულ სანქციებს ეხება - „პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის მიერ შემუშავებულ სანქციებს მალე აუცილებლად ხელს მოაწერსო“. როგორც ცნობილია, აშშ-ის კონგრესმა შეიმუშავა კანონი რუსეთის, ირანისა და ჩრდ.კორეის წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციების გამოცხადების თაობაზე, ამიტომაც არის დაინტერესებული ირანის მედია ამ სანქციების ბედით.
ირანის სახელმწიფო ტელეკომპანია Press TV-ის მიერ ვაზიანიდან გადაცემულ რეპორტაჟებში, რომელთა ავტორი თბილისში აკრედიტებული კორესპონდენტი სვეტლანა ალიმოვა გახლავთ, ასახულია როგორც ნატოს სამხედრო წრთვნების დაწყება (ვიდეოსიუჟეტში ფართო პლანითაა ნაჩვენები ამერიკული სამხედრო ტექნიკის შემოსვლა თბილისში), ასევე მაიკ პენსისა და გიორგი კვირიკაშვილის ერთობლივ პრეს-კონფერენცია. განსაკუთრებით ხაზგასმულადაა გადმოცემული მაიკ პენსის ნეგატიური პოზიცია რუსეთის პოლიტიკის მიმართ, რომელსაც მოსკოვი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ახორციელებს. გარდა ამისა, როგორც ტელერეპორტაჟშია აღნიშნული, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა ამერიკის პოზიცია, რომლის თანახმად, ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხში.
ზოგადად, ირანის ინგლისურენოვან ტელეეთერში საქართველოს შესახებ გაშვებული მასალების შინაარსი ობიექტურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
რაც შეეხება არაბულ მედიას: ყატარის საერთაშორისო სტატუსის მქონე ტელეკომპანია Al Jazeera-ს ეთერში პირველ აგვისტოს გადაიცა კორესპონდენტ რობინ ფორესტ-უოკერის მიერ მომზადებული ვრცელი რეპორტაჟი თბილისიდან, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან, მაიკ პენსის გამოსვლით. მასში მთავარი აქცენტი გადატანილია რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე მეზობლების მიმართ: „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა ვიზიტით, მკაცრად დაგმო ქვეყნის მეხუთედი ნაწილის ოკუპაცია რუსეთის მიერ და განაცხადა, რომ ამერიკა კრემლს დამატებით სანქციებს გამოუცხადებს. მაიკ პენსის ყოფნა თბილისში აღქმული იქნა როგორც მხარდაჭერა იმ ქვეყნისათვის, რომლის სეპარატისტული რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფებიან“.
www.presstv.ir/Detail/2017/07/31/530212/Georgia-US-launch-joint-military
www.aljazeera.com/video/news/2017/08/vice-president-condemns-russias-occupation-georgian-land-170801191305047.html

















