logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): საქართველო და აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
«Radio Voice of America» (აშშ): საქართველო და აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
12:42 28.07.2017
როგორც ცნობილია, 419 ხმით 3-ის წინააღმდეგ ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში, ყირიმის ანექსია და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია - ეს ის საკითხებია, რომელთა გამოც კანონმდებლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება გადაწყვიტეს.
ეს კანონპროექტი გულისხმობს სადამსჯელო ზომებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგაც. კონგრესმენები ამბობენ, რომ ეს არის გზავნილი აგრესიული რეჟიმებისთვის, რომელთა საფრთხის შემცველ ქმედებებსაც ამერიკა არ შეურიგდება. „ეს სამი რეჟიმი ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებს უქმნის საფრთხეს და მათივე მეზობლების დესტაბილიზაციას ახდენს,”- განაცხადა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ედ როისმა.

საქართველო და ამერიკის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კანონპროექტის სანქციებში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები. ბარაკ ობამას ბრძანებით 2014 წელს დაწესებული სანქციები უშუალოდ უკრაინას შეეხებოდა და ქვეყნის მიმართ რუსეთის აგრესიის პასუხი იყო. ამჯერად კანონპროექტი ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ამერიკის მხარდაჭერასა და რუსეთის აგრესიული ქმედებების საწინააღმდეგო ნაბიჯებსაც განსაზღვრავს. “რუსეთი ისჯება სხვადასხვა დესტრუქციული ზომების, მათ შორის უკრიანისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისა და ოკუპაციის გამო“, - ვკითხულობთ კანონპროექტში, რომლის ერთი თავიც მთლიანად ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში რუსეთის გავლენას ეხება. კანონპროექტით მკაცრდება ის სანქციები, რომლებიც ობამას ბრძანებით მოქმედებდა და აწესებს ახალ ზომებსაც: უკრიანის ტერიტორიის ანექსიას და სეპარატისტების მხარდაჭერას, ამერიკაში განხორციელებული კიბერთავდასხმის ბრალდებაც ემატება. ახალი სანქციების ობიექტებია რკინიგზა, სავაჭრო ფლოტი, სამთო-სამრეწველო და მძიმე ინდუსტრია. შეზღუდვები უწესდება ასევე რუსულ ენერგოკომპანიებთან დაკავშირებულ ბიზნესებს.

„ვფიქრობ, ამერიკამ და ნატომ 2008 წელს შეცდომა დაუშვეს, როდესაც უკრაინასა და საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე უარი უთხრეს, ეს რომ არა, რუსეთი ვერ გაბედავდა ამ ქვეყნების მიმართ სამხედრო აგრესიის განხორციელებას. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ისევე როგორც ყირიმი და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი“, - ამბობს „ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში კონგრესმენი ელიოტ ენგელი.

საერთაშორისო კანონმდებლობისა და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვისკენ მოუწოდებს რუსეთს კონგრესმენი ჯერალდ ნადლერიც, რომელმაც კანონპროექტს ასევე მხარი დაუჭირა. „რუსეთის პრეზიდენტი ღიად გამოხატავს, რომ სურს მე-19 საუკუნის დროინდელი “გავლენის სფეროების” დაბრუნება, სურს იყოს დომინანტი და ჰქონდეს უფლება ჩაერიოს მეზობელი ქვეყნების საქმეებში. ამან თავის დროზე მსოფლიო ომებამდე მიგვიყვანა. მაგრამ ეს დაუშვებელია, მას ამის უფლება არ აქვს ისევე, როგორც ამერიკას არ აქვს უფლება უთხრას მექსიკას რა გააკეთოს და რა - არა. ამგვარ რამეს ჩვენ არ დავუშვებთ. მე მხარს ვუჭერ ამ სანქციებს იმისთვის, რომ ვუთხრათ რუსეთის მთავრობას, რომ ის ვალდებულია დაემორჩილოს საერთაშორისო კანონმდებლობას, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს მაშინაც კი, თუკი ისინი მეზობელი ქვეყნები არიან,” - ამბობს ჯერალდ ნადლერი.

საქართველო კანონპროექტის ტექსტში

კანონპროექტში ნათქვამია, რომ რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე და ევროპა-ევრაზიის სხვა ქვეყნებზე გავლენის მოხდენას სხვადასხვაგვარად ცდილობს: აფინანსებს იმ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობასა და მათ შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ამკვიდრებენ ქსენოფობიურ და არალიბერალურ შეხედულებებს, ამით კი ევროპულ ერთობას ძირს უთხრიან. ქვეყანაში უკიდურესადაა შევიწროვებული დამოუკიდებელი მედია და მის ნაცვლად მთავრობა აფინანსებს და აკონტროლებს მედიასაშუალებებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წყაროები არიან.
„რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს ბუდაპეშტის მემორანდუმის (1994 წ.) და ჰელსინკის აქტით (1975 წ.) ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას - მან განახორციელა ყირიმის უკანონო ანექსია 2014 წელს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია 2008 წელს და ასევე ახლაც გრძელდება დესტაბილიზაციისკკენ მიმართული ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში”, - ვკითხულობთ კანონპროექტში, რომელიც იქვე აკონკრეტებს საქართველოს ნაწილს:
„რუსეთის მთავრობა განაგრძობს საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტოში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების იმ პირობების დარღვევას, რომელიც მისგან მოითხოვს რუსული სამხედრო ძალის გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან, ჰუმანიტარული ჯგუფებისთვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებზე თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფას და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წევრებისთვის კონფლიქტური ზონების მონიტორინგის საშუალების მიცემას. რუსეთის მთავრობა ასევე არ ასრულებს მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც აღმოსავლეთ უკრიანაში მიმდინარე კონფლიქტს ეხება და რომელსაც 2015 წლის 11 თებერვალს უკრიანის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა მოაწერეს ხელი, ისევე როგორც მინსკის პროტოკოლს რომელიც 2014 წლის სექტემბერში იქნა მიღებული. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება არღვევს ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის 80-იანი წლების ბოლოს მიღწეულ შეთანხმებას მოკლე და საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტების შეზღუდვისა და “ღია ცის შესახებ" შეთანხმების პირობებს“.
კონგრესის ხედვით, რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა აღმოსავლეთ უკრიანაში მიმდინარე ძალადობრივ ქმედებებზე, მათ შორის წელს, 24 აპრილს OSCE-ის ამერიკელი მონიტორის დაღუპვაზე და შესაბამისად, ამერიკის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას: ა) გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიიდან; ბ) დაუბრუნოს ამ ქვეყნების საზღვრებზე კონტროლი მათსავე ლეგიტიმურ ხელისუფლებას; გ) შეწყვიტოს ყველა მცდელობა, რომ ამ ქვეყნებში ხალხის მიერ არჩეულ მთავრობებს ძირი გამოუთხაროს.
კანონპროექტში ასევე განმარტებულია, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ იყენებდა და კვლავ განაგრძობს ტრადიციულ სამხედრო ძალების, სადაზვრერვო ოპერაციებისა და “გავლენის კამპანიების” გამოყენებას, რაც წარმოადგენს აშკარა და რეალურ საფრთხეს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის. ამის პასუხად, კონგრესის წევრთა განმარტებით, ევროპა-ევრაზიის ქვეყნებმა უნდა გააორმაგონ მათი პოლიტიკური სისტემებისა და ინსტიტუციების, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. კონგრესი ადასტურებს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობას: “ამერიკა მხარს უჭერს ინსტიტუტებს, რომელთა დისკრედიტირება, დაზარალებაც სურს რუსეთს, მათ შორის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირს. ძლიერი ნატო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ევროპასა და ევრაზიაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ამერიკამ უნდა გააგრძელოს ევროკავშირთან პარტნიორობა რუსეთის მთავრობის აგრესიის წინააღმდეგ და გააძლიეროს ამ ქვეყნის აგრესიული ქმედებების საწინააღმდეგო პროგრამების მხარდაჭერა“, - ნათქვამია სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ მოწონებულ კანონპროექტში.
კანონში ვკითხულობთ: „ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს საზღვრების ძალადობრივი შეცვლის მეთოდებს, მათ შორის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ყირიმის, აღმოსავლეთ უკრაინისა და დნესტრისპირეთის ოკუპაციასა და არალეგალურ შეჭრებს ამ ტერიტორიებზე“.
2018-2019 ფისკალური წლისთვის რუსეთის გავლენასთან ბრძოლის ფონდი 250 000 000 $ -ით განისაზღვრა. კანონპროექტში გაწერილია, რომ ეს თანხები დაიხარჯება აუცილებელი ინფრასტრუქტურისა და საარჩევნო მექანიზმების კიბერთავდასხმებისგან დაცვისთვის შემდეგ ქვეყნებში: ქვეყნები, რომლებიც არიან ნატოსა და ევროკავშირის წევრები; არიან მოწყვლადნი რუსეთის გავლენის მიმართ და ამერიკის დახმარების გარეშე რუსეთის ქმედებებს ეფექტურად ვერ უპირისპირდებიან; ასევე ნატოს ან ევროკავშირის გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნები - მათ შორის - ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, საქართველო, მაკედონია, მოლდოვა, კოსოვო, სერბეთი და უკრაინა. რუსეთის გავლენასთან ბრძოლის ფონდის რესურსები დაიხარჯება ამ ქვეყნებში კორუფციასთან ბრძოლის პროგრამებში, ასევე იმ პროგრამებში, რომლებიც ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელ სასამართლოს (პროკურატურას), ჩართულობას, პოლიტიკურ გამჭვირვალობასა და კონკურენციას. ფონდი ასევე უპასუხებს იმ არასტაბილურობითა და ჰუმანიტარული კრიზისით შექმნილ გამოწვევებს, რომლის მიზეზიც საქართველოში და უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრა გახდა.
ფონდის ერთ-ერთი მიმართულება კი იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მხარდაჭერა იქნება, რომლებიც რუსულ პროპაგანდასა და რბილ ძალას ებრძვიან. (...)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა