„მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე უამრავი მოსაზრება ვრცელდება. რა მოხდა
სინამდვილეში, ეს, ალბათ, მოგვიანებით გაირკვევა, მაგრამ დიდი ალბათობით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს საკითხი პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს იქნა განხილული. უკრაინის პრეზიდენტმა თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ „ექსტრადიციის გარემოებებს შევისწავლიო“. კი მაგრამ, ნუთუ პეტრო პოროშენკო აზრზე არ იყო თბილისიდან გაგზავნილი მოთხოვნების შესახებ? და პირიქით, მან მიხეილ სააკაშვილი შეიფარა და თანამდებობაზეც დანიშნა? პრეზიდენტის უყურადღებობით, როგორც იტყვიან, „უბეში გველი გამოიზარდა“ - მიხეილ სააკაშვილმა მფარველი მეგობრის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო...“-ნათქვამია აზერბაიჯანულ გამოცემა «Каспiй»-ს მიერ ალი საიდოვის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
საერთოდ, ექს-პრეზიდენტისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი ბალაგანს ჰგავს. ერთი მხრივ, განა უკრაინის ხელისუფლებამ არ იცოდა, რომ როცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის მიღების ანკეტას ავსებდა, იგი ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე იყო, თანაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული [თავის დროზე მსოფლიო მასმედიამ ამ ფაქტზე უამრავი ინფორმაცია გაავრცელა]. ამიტომაც ბრძანებულებაში დასახელებული მიზეზი, რომ მიხეილ სააკაშვილმა თითქოს ფაქტები დამალა და ანკეტაში მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფაქტი არ ჩაწერაო, დამაჯერებლად არ ჟღერს. მოკლედ, აშკარაა, რომ მას ანგარიში გაუსწორეს. გამოიყენეს, შემდეგ ზედმეტი აღმოჩნდა და მოისროლეს.
მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად აქტიური პიროვნებაა, მას აშშ-ში ფართო კავშირები აქვს, თანაც მისი კრიტიკა ძალიან აგრესიულია. ამბობენ, რომ იგი შესაძლოა საქართველოს გადასცენო. თუმცა ქართველი პოლიტოლოგები თვლიან, რომ სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი საქართველოს არ ჭირდება, მისი ექსტრადირება დამატებითი თავის ტკივილია ხელისუფლებისათვის - ანუ არაა გამორიცხული, რომ ექსტრადირებამ პოლიტიკური პრობლემები გამოიწვიოს იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი ციხეში სხედან, მიშიკოს კი მაინცდამაინც მნიშვნელოვანი ბრალი ვერ წაუყენეს. ამ ისტორიის ფინალი შეიძლება ის იყოს, რომ ექს-პრეზიდენტი ან აშშ-ში დარჩება, ან თავისი ცოლის - სანდრა რულოვსის სამშობლო ჰოლანდიაში. მართალია, თვითონ მიშა იძახის, უკრაინაში დავბრუნდები და იქიდან არსად წამსვლელი არ ვარო, მაგრამ მაინც...“.
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

















