ნორვეგიული გამოცემა „Norwegian Broadcasting Corporation“-ი, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას
ჟურნალისტ მორტენ იენტორფის სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველო ექს-პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. იგი პეტრო პოროშენკოს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ პრეზიდენტი არაფერს აკეთებს ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად.
მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოში მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა 2003 წელს თავის სამშობლოში, საქართველოში აჯანყების ხელმძღვანელი გახდა. მოგვიანებით იგი პრეზიდენტად აირჩიეს. მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაში შედის საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის წარმატება და ისიც, რომ საქართველომ ბოლო ათი წლის მანძილზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. მაგრამ გულღია და ხშირად იმპულსიურმა მიხეილ სააკაშვილმა ბევრი მტერი გაიჩინა. როცა 2013 წელს მისი პრეზიდენტობის ვადა მიიწურა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო. მას ქვეყნის დატოვება მოუხდა.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სამხედრო სამსახური გაიარა და იქ სწავლობდა. მოგვიანებით, პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ იგი აქტიურად უჭერდა მხარს მაიდანს, რომელმაც პრორუსული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დაამხო. ახალმა ლიდერმა პეტრო პოროშენკომ 2015 წელს მიხეიულ სააკაშვილი, როგორც ცნობილი რეფორმატორი და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი, ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. ამ ფაქტმა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო, მაგრამ გუბერნატორი გავლენიანი ბიზნესმენებისა და ბიუროკრატების წინააღმდეგობას წააწყდა. საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო, პარალელურად კი მან თავისი მეგობრისა და მოკავშირის პეტრო პოროშენკოს კრიტიკა დაიწყო. „უკრაინაში არანაირი პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ არსებობს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2016 წლის იანვარში, NRK-სათვის მიცემულ ინტერვიუში.
ექს-გუბერნატორმა გადადგომის შემდეგ პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა - „ახალი ძალების მოძრაობა“, რომლის მიზანი იმ პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლააა, რომელიც ხელს უშლის უკრაინის დემოკრატიზაციას და ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას, ევროსტანდარტებზე დამყარებულს. მაგრამ ახლა პარტიას არსებობა, ალბათ, თავისი ლიდერის გარეშე მოუწევს, რადგან მას მხოლოდ უკრაინის მოქალაქე უნდა ხელმძღვანელობდეს.
https://www.nrk.no/urix/ekspresident-fikk-inndratt-statsborgerskapet-i-ukraina-1.13618285

















