„რუსეთი და ოსი სეპარატისტები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ „მცოცავ ანექსიას“ აგრძელებენ და სულ უფრო
მეტ ტერიტორიას იტაცებენ. ბოლო ფაქტი - რუსმა მესაზღვრეებმა გამმიჯნავი ხაზი სოფელ ყარაფილასთან საქართველოს სიღრმეში გადმოსწიეს“ - აღნიშნულია აზერბაიჯანულ გამოცემა «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - რაუფ ორუჯევი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში გადმოცემულია ბოლო დღეებში მომხდარი მოვლენები: ბორდერიზაციის უკანონო პროცესი („საზღვარმა“ ნავთობსადენის მონაკვეთიც იმსხვერპლა, რომლის ოპერატორი ბრიტანული კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმი გახლავთ), საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადება, მოსახლეობის რეაქცია და ა.შ. ამ თვალსაზრისით სტატიაში ავტორი საუბრობს ერთ-ერთი მოქალაქის, რაფტინგის ფედერაციის პრეზიდენტის დავით კაჭარავას წინადადებაზე, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეთა მუდმივ პატრულირებას გულისხმობს (პოლიციასთან ერთად).
პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა აგრეთვე რუსეთის 58-ე არმიის მიერ სამხრეთ ოსეთში (ანუ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ჩრდილოელი მეზობლის მიერაა ოკუპირებული) დაწყებული სამხედრო წრთვნების ფაქტსაც, რომელიც რუსულ პრესაში არ შუქდება.
„ოფიციალური თბილისი ამ სამხედრო მანევრებს მთელი რეგიონისთვის საგანგაშო სიგნალად მიიჩნევს“, - აღნიშნულია სტატიაში. ავტორი იმოწმებს სამოქალაქო შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელშვილის განცხადებას და თავდაცვის ექს-მინისტრის, ამჟამად კი არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმატორთა კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის დიმიტრი შაშკინის თვალსაზრისს.
რატომ მაინცდამაინც დიმიტრი შაშკინის თვალსაზრისს? მკითხველის ამ სავარაუდო კითხვაზე ავტორის პასუხი ასეთია: იმიტომ, რომ „დიმიტრი შაშკინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს სამჯერ იყო მთავრობის წევრი და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფო მოღვაწედ ითვლება“. სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული დიმიტრი შაშკინის ინტერვიუ, რომელიც მან ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს მისცა. „რუსეთს აქვს ინტერესი და ეს უკვე არის არა მარტო საქართველო, ეს ინტერესი არის ირანი. რუსეთს დაეძაბა ურთიერთობა აზერბაიჯანთან. ეს მესიჯი არის აზერბაიჯანისთვის, ეს წვრთნები ირანისთვის. ისინი არ მალავენ, რომ აინტერესებთ დერეფანი საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთში „გიუმრის“ ბაზაზე გასასვლელად. ამისთვის ისინი ემზადებიან და არც მალავენ,“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

















