„მიმდინარე წლის ივნისის თვეში [უნგრულმა] ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოს მიმართულებით არსებულ რეისებს კიდევ ერთი ახალი დაამატა, ამჯერად ბრიტანეთის ქალაქ
ლუტონიდან, მაგრამ არა თბილისში, არამედ დასავლეთ საქართველოში მდებარე ქუთაისში, რომლის შესახებ მე ადრე არაფერი მსმენია. თურმე ეს ქალაქი სვანეთის ჭიშკარი ყოფილა - სვანეთისა, რომელიც ბუმბერაზი მთების სამფლობელოა და სადაც ბრიტანელებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელოდებათ“, - ნათქვამია გავლენიანი ბრიტანული გამოცემის "The Guardian"-ის მიერ ჯერემი ჰედის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში, რომელშიც საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს სვანეთის რეგიონის ბუნება, ღირსშესანიშნაობები და სვანთა ყოფა-ცხოვრება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„საქართველომ დამოუკიდებლობას 1991 წელს მიაღწია, საბჭოთა კავშირის დაშლის ჟამს. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა, თუმცა აქ საბჭოთა კავშირს ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაგონებს: ტრადიციული საცხოვრებელი სახლები, ოთხკუთხა კორპუსები, ავტობუსის გაჩერებათა მოსაცდელები, დიდი ქანდაკებები და ეკალ-ბარდმოდებული მიტოვებული ფაბრიკა-ქარხნები“, - აღნიშნავს ავტორი და მკითხველს ქუთაისიდან მესტიამდე მგზავრობის შთაბეჭდილებებს უყვება: „გზაზე გვირაბები გავიარეთ. ქვემოთ აქაფებული მღვრიე მდინარე ღმუის, ზემოთ - ღრუბლებიანი მწვერვალები ჩანს... ირგვლივ მთები, ტყეები და მწვანე მდელოებია“. მოგზაურობა კი სოფელ ბეჩოს სტუმრობით იწყება, რომელიც სვანეთის ერთ-ერთი მიმზიდველი სოფელია. ავტორის დაკვირვებით, სვანები ამტანი და შრომისმოყვარე ხალხია, ტურიზმი კი მათთვის დამატებით შემოსავლების საფუძველია.
სტატიაში გადმოცემულია ერთ-ერთი მცირე სასტუმროში გატარებული დღეები - თუ როგორ ცდილობდა დიასახლისი ბრიტანელი სტუმრების პატივისცემას, როგორ უმზადებდა კუბდარს... „კუბდარი სვანებისათვის მთავარი საჭმელია, პურის მსგავსი, ოღონდ მისი შიგთავსი საქონლის ფარშს, ხახვს და სხვა საიდუმლო სანელებლებს შეიცავს“, - წერს ავტორი სვანური სამზარეულოს თავისებურებებზე და იქვე აღნიშნავს სვანური არაყის „საგემოვნო ღირსებებს“..
„რადგანაც სვანეთში საქართველო-რუსეთის საზღვარი გადის, ჩვენ, მთებისაკენ მიმავალნი, ქართველ მესაზღვრეთა პოსტიც ვნახეთ, რომელზეც ქართული დროშა ფრიალებდა. წვიმდა, ჯარისკაცებმა შეგვიფარეს, ცხელი ჩაი დაგვალევინეს და სველი ტანსაცმელი გაგვიშრეს“, - მადლიერებით წერს ჯერემი ჰედი.
„გარდიანის“ ჟურნალისტი მესტიას და მულახს ეწვია. „მესტია ბეჩოსთან შედარებით უფრო განვითარებული და კეთილმოწყობილია. აქ ძალიან ბევრი სასტუმრო და პანსიონატია, თუმცა წვიმიანი ამინდების გამო ტურისტები ბევრნი არ იყვნენ. აქ არის ადგილობრივი მუზეუმი, რომელიც მოგზაურს საინტერესო წარმოადგენას აძლევს სვანთა ყოფა-ცხოვრებაზე. მულახში უამრავი კოშკია, შუა საუკუნეებში აშენებული, მტრებისაგან თავდასაცავად“, - ნათქვამია პუბლიკაციაში, რომლის დასასრულს ავტორი ასეთ დასკვნას აკეთებს: „მართალია, ზოგჯერ ამინდი არ გვიმართლებდა, მაგრამ ჩვენი მოგზაურობა მაინც ღირდა, აბსოლუტურად“.
https://www.theguardian.com/travel/2017/jul/23/georgia-kutaisi-svaneti-walking-hiking-mountains-caucasus-mountains

















