უკრაინული გამოცემა «Новое время» აქვეყნებს ვლადიმერ ოგრიზკოს სტატიას, რომელიც 2007-2009 წლებში უკრაინის
საგარეო საქმეთა მინისტრის ტანამდებობვას იკავებდა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თბილისში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა უკრაინისა და საქართველოს ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
ორივე ქვეყნის საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები ერთმანეთს ზუსტად ემთხვევა. როგორც საქართველოს, ისევე უკრაინასაც მიზნად აქვს დასახული ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ის საკვანძო მიმართულება, რომელიც ღრმა დასავლური რეფორმების გატარებას ითვალისწინებს. სამოქმედო გეგმა, რომელიც ორივე ქვეყანამ უნდა შეასრულოს, პრაქტიკულად ერთი და იგივეა. რა თქმა უნდა, თითოეულს თავისი ეროვნული თავისებურება და მზადყოფნის დონე აქვს, მაგრამ საერთო მიზნების არსებობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კიევმა და თბილისმა არამხოლოდ ითანამშრომლონ, არამედ ძალისხმევის სინქრონიზებაც მოახდინონ, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში. ამიტომაც დეკლარაციას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან ორივე ქვეყანამ სამომავლო ურთიერთობის მაღალი დონე დააფიქსირა. ერთადერთი, რომ ეს მხოლოდ ლოზუნგად არ დარჩეს, საჭიროა ყოველდღიური მუშაობა მისი რეალიზებისათვის. სწორედ ამ შემთხვევაში ექნება დეკლარაციას სინერგიული ეფექტი და შედეგი.
რა უნდა გაკეთდეს ამ მიზნით?
შედეგის მისაღწევად სხვადასხვა სფეროებში ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის მიმართულებებს უნდა გადავხედოთ. პოლიტიკურ ნაწილში ძალიან ბევრი შიდა სამუშაოებია შესასრულებელი როგორც უკრაინულ, ასევე ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ ორივეს გვსურს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა, მაგრამ იმავდროულად ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს. აი, ამ დროს შეგვიძლია მაქსიმალური ურთიერთქმედება, დაწყებული კორუფციასთან ბრძოლით, დამთავრებული პოლიტიკური სიტემის მოდერნიზაციით. ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების მიერ ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებებში თუ ჩავიხედავთ, იქ ბევრ საკითხს ვნახავთ, რაშიც ჩვენ თანამშრომლობა, ერთობლივად მუშაობა და მათი გადაწყვეტა შეგვიძლია.
ეკონომიკას რაც შეეხება, აქაც სამუშაო ძალიან ბევრია. ჩვენ საქართველოსთან ერთად შავი ზღვის რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეგვიძლია, განსაკუთრებით კი ტრანსპორტის სფეროში - საბოლოოდ უნდა გავდოთ მტკიცე საზღვაო ხიდი ერთმანეთთან, რომელიც ორივე მხარეს მაქსიმალურ მოგებას მისცემს. ეს ხიდი უნდა აიგოს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის საფუძველზე, დისკრიმინაციის გარეშე და ევროკავშირის სტანდარტების დონეზე.
აღარაფერს ვამბობ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სადაც ჩვენ ამოუწურავი შესაძლებლობები გვაქვს: ორივე ქვეყნის არმიები ხომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, შესაბამისად, უნდა ვისარგებლოთ ერთმანეთის გამოცდილება-ძალისხმევით, რათა შეიარაღებულმა ძალებმა საჭირო სტანდარტს მიაღწიონ.
მოკლედ, საქართველოსთან თანამშრომლობის ყოველი დარგი უამრავ კონკრეტულ საკითხს მოიცავს, რომლებიც ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ.
------
რაც შეეხება უკრაინაში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს, აქაც ერთი უბრალო ჭეშმარიტება უნდა გავითვალისწინოთ: ჩვენს ქვეყანას თავის ყველა მეზობელთან საუკეთესო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ცუდია, რომ ჩვენ ერთი ისეთი მეზობელი-აგრესორი გვყავს - რუსეთის ფედერაცია, რომელთანაც ურთიერთობა არ გვარდება, მისი ცივილიზებული ველურობის გამო. თუმცა ეს მათი პრობლემაა. როდის დაუბრუნდება რუსეთი ცივილიზაციას, როგორც ჩანს, ჯერ არავინ არ იცის, ამიტომაც მოსკოვის მიმართ გამონაკლისი უნდა დავუშვათ: [მასთან საუკეთესო ურთიერთობები ვერ გვექნება].
მაგრამ სხვა ქვეყნებთან მიმართებით ჩვენ უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ მათთან შეგვიძლია და უნდა გვქონდეს კიდეც ნორმალური დამოკიდებულება. ცხადია, ეს ეხება ბელარუსსაც, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ბელარუსს დამოუკიდებელი როლის შესრულება დღეს, სამწუხაროდ, არ შეუძლია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კიევს მინსკთან კონტაქტები და დიალოგი არ ჰქონდეს, არაფერი რომ არ ვთქვათ საკმაოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინტერესებზე. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ცნობილი სატრანსპორტო დერეფანი „ბალტიის ზღვა - შავი ზღვა“, რომელსაც ორმხრივი მომგებიანი ურთიერთობის გამოცოცხლება შეუძლია.
მოკლედ, ბელარუსთან მიმართებით მე მხოლოდ ეკონომიკურ განზომილებას ვხედავ. მოსკოვის დაუკითხავად მინსკი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში თითსაც ვერ გაანძრევს და შესაბამისად, ვერაფერს გააკეთებს.
http://nv.ua/ukr/opinion/ogryzko/gruzija-ta-bilorus-shcho-pidpisav-poroshenko-1518109.html

















