აზერბაიჯანულ გამოცემა «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილული და კომენტირებულია კარნეგის
ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მოხსენება „სამხრეთ კავკასიაში ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ“.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
„მოხსენების მიზანია რეკომენდაციების მომზადება ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებისათვის. როგორც კარნეგის ცენტრის ექსპერტები აღნიშნავენ, ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოლიტიკამ რეგიონის მიმართ რამდენიმე ეტაპი გაიარა, რომელთაგან თითოეული ეტაპი „გარკვეული ამბიციური მიზნით“ იყო გამოხატული, მათგან კი ყველაზე მთავარი იყო: რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნება, „გაყინული“ კონფლიქტების განახლების თავიდან აცილება, დემოკრატიული გარდაქმნებისადმი მხარდაჭერა და მართვის სრულყოფა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - აზერბაიჯანში, საქართველოში და სომხეთში, რომლებისთვისაც ასევე აუცილებელი იყო დახმარება საერთაშორისო ინტეგრირების სფეროშიც.
მაგრამ ჰქონდათ თუ არა დასახული მიზნები მიღწევის შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს? მოხსენების ავტორები ამ კითხვას დუმილით გვერდს უვლიან, თუმცა აღიარებენ ისტორიული დროის ფაქტორს, როცა „მოვლენების განვითარების კვალობაზე რეგიონი სულ უფრო რთული ხდება“. ასეთ მოვლენებად ისინი თვლიან „ევროპული უსაფრთხოების სისტემის ნგრევას „ცივი ომის“ შემდგომ პერიოდში, ენერგორესურსების ბაზრების ცვლილებებს, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდას, აშშ-ის ხელისუფლებაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლას და ევროკავშირის შიგნით გაჩენილ პრობლემებს“. საბოლოო ჯამში, კარნეგის ცენტრის ექსპერტები თვლიან, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ვერ შეძლეს სამხრეთ კავკასიაში „ეთნიკური კონფლიქტების და სახელმწიფოთაშორისო წინააღმდეგობების მოგვარება“.
მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაში მაინც აგრძელებს თავისი გეგმების წარმოჩენას.
ამას წინათ ქალაქ განჯას აშშ-ის დელეგაცია ეწვია ბრიგადის გენერლის ჰოფერ სმიტის მეთაურობით (იგი ოკლაჰომის შტატის სამხედრო დეპარტამენტსა და ეროვნულ გვარდიას ხელმძღვანელობს), რომლის მიზანს აზერბაიჯანისა და აღნიშნულ შტატს შორის თანამშრომლობის გაფართოება წარმოადგენს.
საქართველოს ხელისუფლება კი მზადაა თავის თავზე ისეთივე პასუხისმგებლობა აიღოს, როგორსაც ნატოს წევრი ქვეყნები იღებენ. ეს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაა, რომელიც მან თბილისში გამართულ ქართველი დიპლომატების ყოველწლიურ შეხვედრაზე გააკეთა. „საქართველო აღიარებულია ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც სრულად იზიარებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებს და მზადაა მისი წევრობისათვის პასუხიმგებლობისა და ვალდებულებების ასაღებად“, - აღნიშნა პრემიერმა და ხაზი გაუსვა თბილისში 29 მაისს გამართული ნატოს ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობას, ალიანსში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, თბილისი აქტიურად მონაწილეობს ნატოს ეგიდით გამართულ სამხედრო წრთვნებში, რომლებიც საკუთრივ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს ხოლმე. ახლაც მალე, 30 ივლისს იწყება და 12 აგვისტომდე გაგრძელდება მანევრები კოდური სახელწოდებით Noble Partner 2017 („ღირსეული პარტნიორი-2017“), რომელშიც 2800 სამხედრო მოსამსახურე იქნება ჩართული საქართველოდან, აშშ-დან, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, სლოვენიიდან, უკრაინიდან... ასეთ სამხედრო წრთვნებში მონაწილეობის მიზანია ქართველი ჯარისკაცების ჩვევა-უნარების გაუმჯობესება სტაბილურობის უზრუნველყოფად მიმართულ ოპერაციებში მონაწილეობისათვის, თანამშრომლობის განვითარება ქართულ არმიისა და ნატოს წევრების შეიარაღებულ ძალებს შორის. სხვათა შორის, სამხედრო მანევრებს დაესწრება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც: თბილისში ვიზიტის დროს იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრს გიორგი მარგველაშვილს.
მოკლედ, ჩვენ მომსწრენი ვართ იმისა, თუ როგორ აქტიურდება ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რასაკვირველია, ეს მიუთითებს აშშ-ის დაინტერესებას აზერბაიჯანითაც. დასავლელი ანალიტიკოსების ვერსიით, ამერიკა კასპიის ზღვის არემარეში ერთ-ერთი ძირითადი მიზნის განხორციელებას ცდილობს, კერძოდ - აშშ-ის ყოფნა გულისხმობს რეგიონის გადაქცევას ენერგიის სტაბილურ და უსაფრთხო მომპოვებელ-სატრანზიტო კვანძად, რაც გააიოლებდა ირანისა და რუსეთის მოქმედებაზე დაკვირვებას.
ამასთან, ანალიტიკოსები იმასაც აღიარებენ, რომ კასპიის ზღვის ენერგოპოტენციალით სარგებლობა ევროპასაც დაეხმარება, რუსეთზე და აშშ-ზე მათი დამოკიდებულების შემცირების საკითხში. ამერიკული საექსპერტო საზოგადოების ამჟამინდელი პროგნოზით, აზერბაიჯანისა და აშშ-ის თანამშრომლობა სამომავლოდ სტაბილურად განვითარდება.
http://novoye-vremya.com/w99166/.../#.WXGAB4qQzs0

















