"საქართველოში ვიზიტის დროს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თავის მართლება მოუწია უკრაინის გენერალური პროკურატურის მოქმედების
გამო: როგორც ცნობილია, „ნეზალეჟნის“ სამართალდამცველებმა ორჯერ უთხრეს უარი ქართველ კოლეგებს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე, პეტრო პოროშენკომ კი განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურას არაფერი უთხოვიაო. ოთხშაბათს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უარყო პეტრო პოროშენკოს ნათქვამი და აღნიშნა, რომ კიევში თბილისიდან ყველა დოკუმენტი გაგზავნილი იყო მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებისათვისო, რომლებითაც მის მიერ ჩადენილი დანაშაულებანი დასტურდებოდაო"-ამის შესახებ რუსულ გამოცემა «Московский комсомолец»-ის მიერ პაველ ივანოვის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
სისხლის სამართლის საქმეებით „დამძიმებულმა“ მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა და სასამართლო თავიდან აიცილა. იგი სწრაფად გამოჩნდა უკრაინის პოლიტიკურ არენაზე, თუმცა ასევე სწრაფად შეავიწროვეს და გზის ნაპირზე გაირიყა. რატომ? იმიტომ, რომ მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერიდან და პრეზიდენტის მეგობრიდან იგი ხელისუფლების კრიტიკოსად, ოპოზიციონერად გადაიქცა, რომელმაც პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვა. მაგრამ მისი ყველაზე სულელური გადაწყვეტილება ის იყო, როცა მან 2016 წლის იანვარში დონბასში ყოფნისას უკრაინის არმიის პოზიციები გაამჟღავნა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ ამოშალა იგი პეტრო პოროშენკომ ახლობლების წრიდან. აშკარაა, რომ პრეზიდენტის სახელს და რეიტინგს დიდ ზიანს აყენებდა ოდიოზურ პიროვნებებთან მეგობრობა, მაგრამ რატომღაც პეტრო პოროშენკო ყოფილი მეგობრის ქართული თემიდისადმი გადაცემა არ სურს.
თვითონ მიხეილ სააკაშვილმა კი პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტი საკმაოდ ირონიულად მოიხსენია და სოციალურ ქსელში დაწერა - თბილისში უკრაინის პრეზიდენტი დაამცირეს, მას აეროპორტში მხოლოდ განათლების მინისტრი დახვდაო...
ემუქრება თუ არა მიხეილ სააკაშვილს, საბოლოო ჯამში, სამშობლოში ექსტრადაცია? ამის შესახებ ექსპერტებს ვკითხეთ:
დენის დენისოვი, კონფლიქტოლოგიისა და სამშვიდობო ინიციატივების ინსტიტუტის დირექტორი:
„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას თეორიულად არ გამოვრიცხავ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება თავისი ხალხის წინაშე ამ ფაქტის გამართლება. პეტრო პოროშენკოსა და მიხეილ სააკაშვილს შორის დღეს სერიოზული კონფლიქტი არსებობს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინელმა ლიდერმა თანამდებობაზე დასავლეთის რჩევით დანიშნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მართვის ნიჭი არ ჰქონია. ყოფილმა პრეზიდენტმა ტრადიციულად დაიწყო თავის მართლება და საკუთარი წარუმატებლობა სხვებს გადააბრალა - ოდესაში იმიტომ ვერ ვაკეთებდი საქმეს, რომ კიევში მექრთამე ჩინოვნიკები სხედანო. საინტერესოა, რომ ბოლო დროს საუბარი დაიწყეს მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოდესური გარემოცვის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებზე. რა თქმა უნდა, საქართველოს ექს-პრეზიდენტს აშშ-ში გავლენიანი კავშირები აქვს, ერთგვარი იმუნიტეტიც, მაგრამ თუ მას ქართულ თემიდას მაინც გადასცემენ, პასუხისმგებლობას თავს ვეღარ აარიდებს“.
ვლადიმერ ნოვიკოვი, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სოციალ-პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი:
ალბათ, ჯერ საკითხის იურიდიული მხარე უნდა დაზუსტდეს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის, მან 2015 წლის მაისში უკრაინული პასპორტი მიიღო და, როგორც ცნობილია, კიევი თავის მოქალაქეებს სხვებს არ გადასცემს. ანუ ექსტრადირებისთვის უკვე სამართლებრივი ბარიერი არსებობს. სხვა საქმეა, თუ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთმევა, მაგრამ ეს კიევის პრეროგატივაა. თუ იგი ხელისუფლებისთვის რეალურ საფრთხის წყაროდ გადაიქცევა, მაშინ ექსტრადირების საკითხიც რეალურად დადგება. თუმცა დღეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აქტიურობა უკრაინის ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მისი პოლიტიკური კარიერაც ბუნდოვანია“.
http://www.mk.ru/politics/2017/07/19/ekspert-ekstradiciya-saakashvili-v-gruziyu-vopros-vremeni.html

















