"უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბინოკლით „რუსულ საფრთხეს“ შეხედა. ეს მოხდა მისი საქართველოში ვიზიტის დროს. კიეველმა ლიდერმა
"სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვართან" მისვლა ისურვა, რომელსაც თბილისი რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარებს. სოფელ ხურვალეთში უკრაინელ ლიდერს მისი ქართველი კოლეგა გიორგი მარგველაშვილი ახლდა. იქ სპეციალურად მათთვის დადგეს მაგიდა, დაალაგეს დურბინდები, რომლებითაც პეტრო პოროშენკომ და გიორგი მარგველაშვილმა საზღვრისიქითა ტერიტორიას უმზირეს"-ნათქვამია რუსულ გამოცემა «Аргументы и факты»-ს მიერ ანდრეი სიდორჩიკის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ რუსული მედიასაშუალების გამოხმაურებას საქართველოში პოროშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით:
უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სვიატოსლავ ცაგოლკომ ფეისბუქში დაწერა, რომ მათ დურბინდით „რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ბაზა“ დაათვალიერეს. მისი ჩანაწერი ისე ჟღერს, რომ შეიძლება კაცმა იფიქროს - კიეველმა ლიდერმა პირდაპირ საქართველოდან დაინახა „ლუბიანკის“ სარდაფებიო, მაგრამ სინამდვილეში საქმე ეხება რუსი მესაზღვრეების ბაზას, რომლებიც, ხელშეკრულების თანახმად, "სამხრეთ ოსეთის საზღვრის" დაცვას უზრუნველყოფენ.
შემდეგ პეტრო პოროშენკომ, ტრადიციისამებრ, გაუტია: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით. ეს ხაზი შეტაკებისა და ოკუპაციის ხაზი კი არ არის, არამედ უფსკრულია - უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის. შეხედეთ ამ ადამიანებს თვალებში, რომლებიც მავთულხლართის მიღმა აღმოჩნდნენ. ეს რუსეთის პოლიტიკის შედეგია. აქეთ მხარეს ჩვენ ვხედავთ აყვავებულ თბილისს, ბათუმის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს, სამთო-სათხილამურო კურორტებს, ბედნიერ ხალხს, ინვესტორებს, ეკონომიკურ ზრდას, ევროპასტან უვიზო რეჟიმს, ასოცირების შეთანხმებას... იქით მხარეს კი ადამიანებს ელემენტარული უფლებებიც კი არ აქვთ, აკლიათ სამედიცინო მომსახურება, განათლება, სოციალური დაცვა...“.
კიეველმა ლიდერმა პარალელები გაატარა სამხრეთ ოსეთსა და დონბასში არსებულ სიტუაციასთან მიმართებით. სამწუხაროდ, არცერთმა იქ მყოფმა კორესპონდენტმა, რომელიც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ცრემლნარევ“ სიტყვებს უსმენდა სამხრეთ ოსეთში „მომხდარ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე“, არ გაახსენა მას 2014 წლის გამოსვლა, როცა პეტრო პოროშენკო დონბასის მოსახლეობის გასაგონად აცხადებდა: „ჩვენ სამუშაო გვექნება, მათ კი არა. ჩვენთან პენსიები იქნება, მათთან კი არა. ჩვენი ბავშვები სკოლაში წავლენ, მათი კი უსწავლელები დარჩებიან და სარდაფებში ისხდებიან. აი, ასე იქნება. ჩვენ ამ ომს მოვიგებთ!“.
2008 წელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ახლა კი უკრაინელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი სწორედ ასე მოქმედებდა სამხრეთ ოსეთში - ქართული არმიის „გრადებმა“ ცხინვალის მოსახლეობა აიძულა სარდაფებისთვის შეეფარებინათ თავი, მაგრამ ომი მაინც ვერ მოიგეს: რუსეთის არმია სიტუაციაში ჩაერია და საქართველომაც უკან დაიხია - დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტაზე. რასაკვირველია, ამ ყველაფერზე პეტრო პოროშენკომ დუმილი არჩია.
უკრაინის პრეზიდენტმა თბილისში კონფუზიც ვერ აიცილა, თუმცა ამაში იგი დამნაშავე ნამდვილად არ არის: კიეველი ლიდერი საქართველო-უკრაინის ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, მის ზურგსუკან კი ორენოვანი წარწერა ჩანდა, ოღონდ შეცდომით: ქართულად ყველაფერი სწორად იყო, სტუმრების ენაზე კი... Україна-ს ნაცვლად Укараїна.
სოციალურ ქსელებში დიდი დისკუსია დაიწყო - შეურაცხმყოფელია თუ არა ეს კაზუსი უკრაინისათვის? ქართველებს, ალბათ, უნდა გავუგოთ - მათთვის რუსული ენა უკვე რთულია, ბიზნესინტერესები კი სწავლას აიძულებს... და ახლა კიდევ უკრაინული ენაც დაემატა, თავისი ეშმაკური განსხვავებებით... მოკლედ, მოხდა ის, რაც მოხდა, არაფერი აღარ ეშველება.
პეტრო პოროშენკოს ცეცხლოვანი „რეჩის“ (სიტყვის) მიუხედავად, ქართულ უკრაინული ურთიერთობის საკითხი არა იმდენად მოსკოვს, არამედ მიხეილ სააკაშვილს აღელვებს. სამშობლოში მიშიკოს გამომძიებლები მოუთმენლად ელოდებიან, უკრაინაში კი მისი თავიდან მოშორება ძალიან ბევრ სურს, შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაქოვის ჩათვლით. ასე რომ, ყოფილ ქართველ ლიდერს სამომავლოდ წყნარი ცხოვრება არ ელოდება.
http://www.aif.ru/politics/world/ukaraina_s_vami_poroshenko_iz_gruzii_posmotrel_na_bazu_fsb

















