სომხური გამოცემა «aravot»-ი, სომხური ტვირთის ფსოუსა და როკის გვირაბით გატანის შესაძლებლობასთან
დაკავშირებით რუბენ მეღრაბიანის ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან ვერსიას, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ:
„საქართველოს ევროპული არჩევანი რუსეთს მოსვნებას არ აძლევს, რადგანაც თბილისის კურსი „რუსული“ სისტემისათვის სახიფათო ალტერნატივად ითვლება. საქართველომ გაბედა და ისეთი ცხოვრება დაიწყო, როგორიც თვითონ სურს და არა ისეთი, როგორსაც ადრე ჩრდილოეთიდან კარნახობდნენ მრავალი წლის განმავლობაში.
რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველოში ბოლო დროს ძალიან ბევრი რამ დადებითად შეიცვალა. ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებას „ქართული ნიმუშის“ მსგავსი გარდაქმნებისა ძალიან ეშინია. ამიტომაც ცდილობს თავის მოკავშირეებს უკარნახოს, რომ „საქართველოს თემაზე“ ბევრი არ ილაპარაკონ.
რუსეთი ცდილობს კონტროლი აღადგინოს პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რომელმაც ბოლო დროს ჰიბრიდული სახელწოდება მიიღო - „ევრაზია“, თუმცა საქართველო თვლის, რომ „ევრაზიასთან“ მას არავითარი კავშირი აღარ აქვს. რასაკვირველია, მოსკოვი იძულებულია ანგარიში გაუწიოს მისგან თავისუფალი საქართველოს არსებობას. როგორც არ უნდა აღშფოთება გამოხატონ რუსმა იმპერიელებმა, შოვინისტებმა და ე.წ. „ლიბერალებმა“, რომლებიც ოპოზიციური რიტორიკით არიან შენიღბულნი, ისინი თვითონაც აღიარებენ, რომ ქართული გარემო, საქართველოში არსებული სიტუაცია ასობით ათას რუს ტურისტს ძალიან მოსწონს.
ესე იგი, „რაღაც უნდა გაკეთდეს“ იმისათვის, რომ ასეთი შთაბეჭდილება განეიტრალდეს. ჰოდა, სანამ დასავლეთი თავისი შიდა პრობლემებითა და კორექციებითაა გართული, რომლებიც წლობით გრძელდება, რუსეთი თავისი „ივანისებური“ სიჯიუტით აჭერს ფეხს ქართულ აქილევსის ქუსლს - საზღვრის საკითხს. მოსკოვს სურს, რომ „მოკავშირე“ სომხეთთან დასაკავშირებლად ახალი გზა ჰქონდეს და ამისათვის ცდილობს მხოლოდ მისგან აღიარებულ „სახელმწიფოებს“ - აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს მოლაპარაკებაში თანაბარი სტატუსი ჰქონდეთ, რაზედაც, ცხადია, საქართველო არასოდეს დათანხმდება.
ამ მოსკოვურ „ოპერაში“ „რუსეთ-საქართველოს საუკუნო მეგობრობის“ თემაზე აუცილებლად უნდა გაჟღერდეს სომხეთის მთავრობის არია, ვთქვათ, „ლარსის ალტერნატივაზე“, „აფხაზეთის რკინიგზაზე“ და სხვა „სასწაულებზე“. ასე მოხდა მაშინაც, როცა კარასინ-აბაშიძის კონსულტაციების დროს კვლავ წამოიწია საკითხმა, თუ როგორ უნდა იქნეს გაკონტროლებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული რუსეთ-საქართველოს საზღვარი. „სავაჭრო დერეფნების“ პრობლემა ჯერ გადაწყვეტილი არაა, სომხეთი კი ამ დროს, ყველაზე დაძაბულ მომენტში, იწყებს იმის ძახილს, რომ აი, უკვე ვიპოვეთ „ლარსის ალტერნატივა“ და „რუსეთის ტრანზიტის ახალი მიმართულებაო, სომხეთი საქართველოს ევრაზიულ კავშირთან ვაჭრობაში დაეხმარებაო.. მაგრამ საბოლოოდ რა გამოვიდა? სომხეთის ტრასპორტის მინისტრის „საიმედო“ განცხადებებს ზურაბ აბაშიძემ დამსახურებულად გადაასხა „ცივი წყალი“, როცა თქვა, რომ ერევანს ამ საკითხში რაიმე შორსმიმავალი იმედები არ უნდა ჰქონდეს.
ესე იგი, რა საჭირო იყო „ეს „ევრაზიული ზღაპრები“ ქართულ თემაზე? მით უმეტეს, რომ საეჭვოა სომხეთის მთავრობამ არ იცოდეს, რაზეა სინამდვილეში ლაპარაკი... განა ერევანი ვერ ხვდება, რომ ასეთი რამ შეუძლებელია, სანამ რუსეთი არ შეცვლის თავის მიერვე შექმნილ „რეალიებს“?
სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი გზების თემა ყველაზე საყვარელ არგუმენტად ითვლება სომხეთის მთავრობებისათვის, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან ქვეყნის დამაქცევარი პოლიტიკის გატარების შემდეგ. რა თქმა უნდა, „ლარსის ალტერნატივის“ ძიება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გავიხსენოთ, რამდენჯერ ეძებდნენ და იპოვეს - ხან ირანთან დამაკავშირებელ გაზსადენში, რკინიგზაში, ხან სპარეთის ყურესა და შავი ზღვის დერეფანში... და საერთოდ, განა ჩვენმა მთავრობამ თვითონ არ აირჩია „ლარსი“ რუსეთთან (და შესაბამისად, ევრაზიულ კავშირთან) დამაკავშირებელი კომუნიკაციის სახით და სომხეთს ლოდივით არ ჩამოჰკიდა კისერზე? რომელ ალტერნატივაზე ლაპარაკობს ჩვენი მთავრობა?
იმავდროულად, სომხეთის მთავრობამ მშვენივრად იცის, თუ რა კაპიკის ფასი აქვს რუსეთთან შეთანხმებებს, „რუსულ ალტერნატივებს“ და როგორი პერსპექტივა აქვს სომხეთს ნგრევადაწყებულ რუსულ სახელმწიფოსთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერევანმა თავი უნდა დაანებოს რუსეთთან გზების საიმედო ალტერნატივებზე ფიქრს. ეს ჩვენს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობაში შეიძლება ხინჯად დარჩეს - ერთადერთ მეზობელთან, რომელთანაც საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და რომლის წარმატებებზეა დამოკიდებული სომხეთის წარმატებებიც.
http://ru.aravot.am/2017/07/18/246182/

















