(თუ ვაშინგტონი და ბრიუსელი თავიანთ პოლიტიკას არ გააქტიურებენ, სამხრეთ კავკასიის რეგიონი ან „აფეთქდება“, ან რუსეთის კონტროლქვეშ მოექცევა)
გავლენიანი ამერიკული გამოცემა «Newsweek»-ი, ამერიკა-რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობისა და ამ კონტექსტში სამხრეთ კავკასიის მდგომარეობის შესახებ სტივენ ბლანკის ავტორობით ვრცელ მასალას აქვეყნებს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ შეზღუდონ ჩარევები მესამე ქვეყნების საქმეებში. არადა, ასეთი ტიპის შეთანხმება რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება. რუსეთი ცდილობს, რომ სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეუშალოს ფუნქციების შესრულებაში და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარებაში.
ბოლო დროს მომხდარი მოვლენები მოწმობს, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიღწეულ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეთანხმებას მოსკოვისათვის გროშის ფასი აქვს და რომ ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას რუსეთისათვის აზრი არ აქვს.
რუსეთი არ ერიდება მეზობლების საქმეებში ჩარევას მისთვის სასურველ მომენტში, ემუქრება მათ და რეგულარულად ატარებს სამხედრო წრთვნებს, მათი დაშინების მიზნით.
თუ ვაშინგტონი (აშშ) და ბრიუსელი (ნატო) თავიანთ პოლიტიკას არ გააქტიურებენ, [სამხრეთ კავკასიის] რეგიონი ან „აფეთქდება“, ან იძულებული იქნება რუსეთის ხელისუფლების კონტროლქვეშ მოექცეს. დასავლეთმა რეგიონის ქვეყნებს ზურგი არ უნდა შეაქციოს. ევროპული უსაფრთხოება სამხრეთკავკასიურ უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული.
რუსეთი საქართველოზე ზეწოლას აგრძელებს, რათა თბილისმა თავისი ტერიტორიული დანაკარგები ოფიციალურად აღიაროს, ყურადღებას არ აქცევს საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას მოლაპარაკებებზე და ითხოვს, რომ ქვეყანამ უარი თქვას ევროატლანტიკურ (ნატო-ევროკავშირთან) ინტეგრირებაზე. ივლისის დასაწყისში რუსმა მესაზღვრეებმა ცალმხრივად, 700 მეტრით გადაწიეს „საზღვარი“ საქართველოს შიგნით. რუსეთის ჯარები ბაქო-თბილისი-ფოთის საერთაშორისო ავტომაგისტრალიდან დღეს სულ რაღაც კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე დგანან.
სომხეთს რუსეთმა დამოუკიდებელი საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წაართვა, როცა ერევანი იძულებული გახდა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებულიყო. რუსეთს უფლება აქვს „ვეტო დაადოს“ სომხეთის ნებისმიერ შეთანხმებას ევროკავშირთან. ის სომხეთზე სამხედრო თვალსაზრისითაც ბატონობს: ერებუნისა და გიუმრის საჰაერო და სახმელეთო ბაზების მეშვეობით. მათი ფუნქციები თითქოსდა სომხეთის დაცვაა აზერებაიჯან-თურქეთის აგრესიისაგან, მაგრამ მათი მეშვეობით მოსკოვი დე-ფაქტოდ ახორციელებს პროტექტორატს სომხეთზე, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთისათვის შავი ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
რუსეთმა ბოლო ხანს ზეწოლა აზერბაიჯანზეც გააძლიერა - ჩაატარა ერთობლივი წრთვნები სომხეთთან ერთად მთიანი ყარაბაღის ახლოს, ასევე განახორციელა სამხედრო მანევრები ირანთან ერთად კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანის ნავთობ-გაზის საბადოების ახლოს. მოსკოვი ამას იმ მიზნით აკეთებს, რომ სურს ხელი შეუშალოს აზერბაიჯანს ევროპულ სტუქტურებთან დაახლოებაში და დაბლოკოს, როგორც კონკურენტი, ბალკანეთის გაზით მომარაგების საქმეში. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო მის ტერიტორიაზე მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ორგანიზაციის შეზღუდვა და დახურა მისი მთავარი ოფისი (სომხების გავლენით), ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა. მთიანი ყარაბაღის ახლო სომხეთის ჯარების მიერ დაწყებული სროლების დროს მცირეწლოვანი აზერბაიჯანელი დედა-შვილის დაღუპვის ფაქტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ეს კონფლიქტი არ ცხრება და ყოველ წუთს შეიძლება ახალი ძალით იფეთქოს. ყველაზე მთავარი [და არასასურველი] ისაა, რომ რაც მთიან ყარაბაღში მოხდება, ის მხოლოდ იქ არ დარჩება და მთელ რეგიონზე გავრცელდება..
როგორც ვნახეთ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს, კავკასიის უსაფრთხოება მჭიდროდაა დაკავშირებული ევროპულ უსაფრთხოებასთან. აშკარაა, რომ რეგიონში გაჩენილ ხანძარს სერიოზული შედეგები მოჰყვება როგორც ევროპაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში და საერთოდ, ნეგატიურ გავლენას მოახდენს მსოფლიო წესრიგზე.
საბედნიეროდ, ვაშინგტონის ხედვებში ცვლილება შეიმჩნევა. თუ ადრე ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონი [თითქმის სრულიად] იგნორირებული იყო, ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი სტამბოლში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას გაუჩნდა შესაძლებლობა აქტიურად იმოქმედოს და ბაქო-ერევანს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში დაეხმაროს. ასეთი პოლიტიკა პასუხობს რეგიონის ქვეყნების ინტერესებს და ამცირებს სამხედრო ინტერვენციის ალბათობას. ეს ძალზე საჭიროა როგორც რექს ტილერსონისთვის, ასევე ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ევროპელი კოლეგებისათვის. მათ რუსეთს უნდა აჩვენონ (ბაქოში, თბილისში და ერევანში რეგულარული ვიზიტებით), რომ ამ სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და მთლიანობას დაიცავენ და აქტიურად ჩაერთვებიან სამშვიდობო პროცესში.
თუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში თავის დღევანდელ პოლიტიკას გააგრძელებს, მაშინ ამას ომის გამოწვევაც შეუძლია: აქაური სახელმწიფოები საკუთარ დამოუკიდებლობაზე უარს არ იტყვიან. გარდა ამისა, მოსკოვი, აღვივებს რა კონფლიქტებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ და მთიან ყარაბაღში, თანაც ორივე დაპირისპირებულ მხარეს - სომხეთს და აზერბაიჯანს იარაღით ამარაგებს. ამით მოსკოვი ხელს უწყობს ისეთი შედეგის დადგომას (ომის დაწყებას), რომელიც მას თითქოსდა არ სურს.
რუსეთის პოლიტიკა იმის გარანტიას იძლევა, რომ ახალი ომების კერები გაჩნდება. ეს კი როგორც ვაშინგტონისთვის, ისე ევროპისათვის მიუღებელია. რექს ტილერსონის თქმისა არ იყოს, უგულვებელყოფის დრო დამთავრდა, დადგა პროცესებში მონაწილეობის, მათში ჩართვის დრო.
----------
შენიშვნა: სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საბჭოს (American Foreign Policy Council) ვებ-გვერდზე (http://www.atlanticcouncil.org/blogs/ukrainealert/there-he-goes-again-putin-meddles-in-the-south-caucasus). პუბლიკაციის ავტორი სტივენ ბლანკი საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია.
http://www.newsweek.com/while-trump-twiddles-and-tweets-putin-bullies-his-neighbors-637802

















