აზერბაიჯანული გამოცემა «Эхо»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება სომხეთის რკინიგზების მდგომარეობას,
რომელიც კონცესიური მართვის უფლებით, რუსეთისადმია გადაცემული. მასში აგრეთვე საუბარია სომხეთის სატრანსპორტო პერსპექტივაზე, კერძოდ, იზოლაციიდან გამოსვლაზე და საქართველოს რკინიგზით სავარაუდო სარგებლობაზე (აფხაზეთის მონაკვეთი), „სატრანსპორტო დერეფნით“ სარგებლობის მიზნით (ავტორი - ნურანი//ტოფიგა კასიმოვა).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
„სომხეთში რკინიგზების მდგომარეობის ნახევარწლიური ანგარიში გამოქვეყნეს. ყველა მონაცემები საუკეთესოდ გამოიყურება: გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრების გადაყვანის გეგმა გადაჭარბებულია... მაგრამ ეს ის მონაცემები არაა, რომელიც სომხეთს სურს. ერევანში მშვენივრად ესმით: სომხეთი, რომელსაც ოდესღაც რეგიონში საუკეთესო სარკინიგზო ლოჯისტიკა ჰქონდა (თურქეთთან და ირანთან კავშირის ჩათვლით), დღეს მხოლოდ საქართველოსთან აქვს მიმოსვლა. თეორიულად სომხეთს შეუძლია საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების მეშვეობით (საბორნე მიმოსვლით) რუსეთს და ევროპას დაუკავშირდეს, მაგრამ ამისათვის სომეხ ბიზნესმენებს ფული არ აქვთ. მართალია, არსებობდა კიდევ სომხეთ-ირანის ერთმანეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტი (ძველი მარშრუტი - ერევანი-ჯულფა დღეს აღარ არ მოქმედებს), მაგრამ ირანულმა მხარემ საბოლოოდ მასზე უარი თქვა, რადგან სომხეთი ჩიხურ მიმართულებად ჩათვალა.
ამას წინათ სომხებს „გულს იმედი ჩაესახათ“ - გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის პრაღის შეხვედრის დროს მხარეებმა 2011 წელს ხელმოწერილი სატრანსპორტო დერეფნების შესახებ შეთანხმების იმპლიმენტაციაზე მოილაპარაკეს. სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვაან მარტიროსიანმაც აღნიშნა, რომ ერევანს იმედი აქვს საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სატრანსპორტო-სავაჭრო დერეფნები გაიხსნებაო, მაგრამ დღეს უკვე ცნობილია - ერევნის იმედები ოფიციალურად დასამარდა: სომხური მასმედია ნაღვლიანად წერს, „დერეფნები“ არ იქნებაო და ზურაბ აბაშიძის განმარტებას იმოწმებენ - საქართველო არ განიხილავს „დერეფნებში“ სომხების ტვირთების ტრანზიტსო.
„სომხებმა ბოლო ხანებში კიდევ ერთი აფხაზური იმედგაცრუება“ განიცადეს, - წერს სტატიის ავტორი და იმ ინციდენტს იხსენებს, რომელმაც აფხაზეთის საზოგადოებაში (განსაკუთრებით იქაურ სომხურ წრეებში) დიდი ხმაური გამოიწვია: 5 ივლისს გაგრაში, ომის ვეტერანებთან შეხვედრისას „აფხაზეთის ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბის“ ვიცე-პრეზიდენტმა ჯემალ ბარციცმა ნეგატიურად შეაფასა სომხების როლი 1992-93 წლების ომში და განაცხადა, რომ იმ სომხებს, რომლებიც „ბაგრამიანის სახელობის ბატალიონებში“ იბრძოდნენ, აფხაზებისაგან განსხვავებით, სრულიად სხვა მიზნები ჰქონდათ - ძარცვით ხელი მოითბეს, სახლები აიშენეს და ქონება დააგროვესო. ვინც დაიღუპა, ისინი აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში კი არ დაღუპულან, არამედ პირადი საქმისთვისო. სომხები ბრძოლოში საკუთარი ინიციატივით ჩაერთვნენ და ერთანირად უსწორდებოდნენ როგორც ქართველებს, ასევე აფხაზებსო“. უფრო მეტიც - ჯემალ ბარციცის თქმით, სომხები დღეს აფხაზეთში ბატონ-პატრონებივით იქცევიან, ქედმაღლური დამოკიდებულება აქვთ აფხაზებთან, სომხებისთვის აფხაზეთი ბიზნეს-შემოსავლების ადგილად გადაიქცა. ბევრი ღატაკი სომეხი ახლა მილიონერია და თავიანთ შემოსავლების ნაწილს სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტში გზავნიან. მათი რაოდენობა ჩვენთან ყოველწლიურად მატულობს, სომხეთი კი ჩუმადაა, რომ საქართველო არ გააღიზიანოს“. ჯემალ ბარციცი დაიმუქრა კიდეც: „თუ სომხეთის ხელისუფლება აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, სომხებს აფხაზეთის დატოვება მოუწევთო“
აფხაზეთის სომხობა ჯემალ ბარციცის განცხადებამ ძალიან შეაშფოთა: სომხური თემის თავმჯდომარემ გალუსტ ტრაპეზონიანმა კრება ჩაატარა და აღნიშნა, რომ მან წერილები გაუგზავნა პრეზიდენტს, პროკურატურას, უშიშროების საბჭოს... მაგრამ სომხებს მშვენივრად ესმით, რომ მიმართვებით და წერილებით საკითხს ვერ გადაწვეტენ. ამაზე ლაპარაკი არც სოხუმში და არც მოსკოვში არ მოსწონთ, მაგრამ ფაქტია: ე.წ. „სუვერენული აფხაზეთის რესპუბლიკის“ არსებობა საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. აფხაზეთში ანარქია სუფევს, კრიმინალური ვითარება სავალალოა: ამაზე მეტყველებს ამას წინათ მომხდარი რუსი ტურისტების მკვლელობაც...
პირველმა ეიფორიამ დამოუკიდებლად აღიარების თაობაზე უკვე გაიარა, საკურორტო აფხაზეთში მღელვარება მატულობს. თანდათანობით ყველაფერმა - სანატორიუმებმა, უძრავმა ქონებამ, სხვადასხვა ობიექტებმა - რუსებისა და სომხების ხელში გადაინაცვლა, მაგრამ ბიზნეს-აქტიურობა არ ჩანს, ინვესტიციებიც ასევე. მოკლედ, „ფრონტის იქითა მხარეს“, საქართველოში რომ ამბობდნენ, აფხაზეთი შეიძლება „კრასნოდარის მხარის სტატუსში აღმოჩნდესო“, თითქმის ისე მოხდა, თანაც ხმის უფლების გარეშე.
ოფიციალური ერევანი, გალუსტ ტრაპეზონიანისაგან განსხვავებით, დუმილს ინარჩუნებს. უბრალოდ, არ იციან, როგორი რეაგირება მოახდინონ. აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარება სომხეთისთვის „ქართული სარკმლის“ - საზღვრის დახურვას ნიშნავს, თანამემამულეებისადმი მხარდაჭერა სარისკოა, რადგან მოსკოვმა შეიძლება ეს ჟესტი „ვერ გაიგოს“. არადა, თუ აფხაზეთში დარბევები დაიწყება და ერევანი მაინც ჩუმად იქნება, ეს მთლად უარესია.
სტატიის დასასრულს ავტორი წერს სომხების განზრახვაზე, რომელთა თანახმად, 2009 წელს ერევანი რუსეთში სამხედრო ბაზების შექმნას გეგმავდა - სოჭში, აფხაზეთთან ახლოს და დაღესტანში, აზერბაიჯანის საზღვართან. „დღეს სომხეთში ამ ფაქტზე დუმილს ამჯობინებენ“.
http://ru.echo.az/?p=60949

















