გასული კვირას ჩეხეთში, პრაღაში გაიმართა ქართულ-რუსული მოლაპარაკების ბოლო და გადამწყვეტი ტური უმოქმედო სატრანსპორტო დერეფნების
აღდგენის საკითხში. მხარეებმა შეძლეს და მივიდნენ შეთანხმებამდე, რომელიც კარს უღებს სომხეთს სატრანსპორტო ბლოკადისაგან თავის დასაღწევად. მიღწეული შეთანხმება იმედს იძლევა, რომ შეიძლება აღდგეს პირდაპირი მიმოსვლა სომხეტსა და რუსეთს შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით“, - ნათქვამია სომხურ გამოცემა «Новое время»ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც ვრცლადაა გადმოცემული 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულების ისტორია, მასზე ხელმოწერის მიზეზები და გარემოებები, სომხეთის ინტერესები და პერსპექტივა (ავტორი - არტემ ერკანიანი).
„მართალია, სომხეთი პრაღაში გამართული კონსულტაციების პირდაპირი მონაწილე არ იყო, მაგრამ ერევანი მის მსვლელობაზე ირიბ გავლენას მაინც ახდენდა და ხელს უწყობდა შედეგის მიღწევას. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებაში გარდატეხა მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, როცა სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი მოსკოვში ჩავიდა, რუსეთის მთვარობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მინისტრმა განაცხადა, რომ სანამ სატრანსპორტო კომუნიკაციების უწყვეტი მოქმედება არ აღდგება, მანამ სომხეთ-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობა ვერ განვითარდებაო. ბუნებრივია, ეკონომიკური კავშირების დასუსტება პოლიტიკურ ურთიერთობაზეც აისახებაო. ამასთან, კარენ კარაპეტიანმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ საჭიროა მოიძებნოს საქართველოს სამხედრო გზის (ნატახტარი-ზემო ლარსი) ალტერნატივა. ჩვენი მინისტრის კრემლში შეხვედრიდან ორიოდე დღის შემდეგ მოსკოვმა და თბილისმა განაცხადეს, რომ მათი პოზიციები სავაჭრო დერეფნების საკითხში ერთმანეთს დაუახლოვდა. ცხადია, ეს შემთხვევით არ მომხდარა“, - ხაზს უსვამს ავტორი.
მხარეებს შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ მისი რეალიზების გზაზე ბევრი დაბრკოლება რჩება: ქართული ოპოზიცია რუსეთთან კონტაქტების წინააღმდეგია, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ახსნა-განმარტების მიცემისათვის დაიბარა. კომუნიკაციების ამოქმედებისადმი ნეგატიურად არიან განწყობილნი აგრეთვე სოხუმსა და ცხინვალშიც: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთის განცხადებით, ტვირთების ტრანზიტი მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ისინიც მიიღებენ მონაწილეობას სრულფასოვანი მხარის სახით, შესაბამისი იურისდიული ბაზის შემუშავების საფუძველზე. ნათელია, რომ თბილისი ცხინვალთან და სოხუმთან პირდაპირ მოლაპარაკებას არასოდეს არ დათანხმდება. ამრიგად, თუ მოსკოვს მართლაც სურს პრაღაში მიღწეული შეთანხმების რეალიზება, მაშინ მტკიცე პოლიტიკური ნება უნდა გამოამჟღავნოს და აღნიშნულ რესპუბლიკებთან სადაო საკითხები უნდა მოაგვაროს.
ცხადია, სურვილის შემთხვევაში მოსკოვს იოლად შეუძლია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგობის დაძლევა, მაგრამ რთული საკითხია აზერბაიჯანის პოზიციის შეცვლა, რომელსაც პროცესის დამუხრუჭებას აშკარად ცდილობს. მართლაც, ჩვენი ქვეყნის ინიციატივამ სატრანსპორტო იზოლაციისაგან გამოსვლის მიზნით ბაქოში შეშფოთება გამოიწვია. იქაური მმართველები აცნობიერებენ, რომ თუ დღეს უმოქმედო სატრანსპორტო კომუნიკაციები აღდგება, მაშინ მათი ძალისხმევა სომხეთის ბლოკადის მიზნით უაზრო გახდება. ერევანი განამტკიცებს თავის კავშირებს რუსეთთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკურ სიტუაციას მკვეთრად შეცვლის. აზერბაიჯანი უკვე ცდილობს საქართველოზე გავლენა ყველანაირი ბერკეტით მოახდინოს, რათა თავიდან აიცილოს აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე გამავალი დერეფნების გახსნა. ზოგიერთი აზერბაიჯანელი პოლიტიკური მოღვაწე არ ერიდებიან პირდაპირ მუქარებს და შანტაჟს: „საქართველომ აზერბაიჯანის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს, რადგან მისი ეკონომიკა აზერბაიჯანზეა დამოკიდებული... და თუ თბილისი პროსომხურ პოლიტიკას გააგრძელებს, ბაქო იძულებული იქნება საპასუხო ნაბიჯები გადადგას“.
რა არის აზერბაიჯანისთვის საქართველოზე გავლენის მოსახდენი მთავარი ბერკეტი? - ენერგეტიკა. საქართველო მოხმარებული გაზის ლომის წილს სწორედ აზერბაიჯანიდან იღებს. გასაგებია, რომ თუ გიორგი კვირიკაშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისაკენ მიმავალ გზებზე შლაგბაუმის აწევას ბრძანებს, მაშინ იგი იაფი აზერბაიჯანული გაზის მიწოდებაზე ვეღარც იოცნებებს. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეს, საქართველოს პრემიერს სიტუაციის აწონ-დაწონვა და პოზიტიურ-ნეგატიური მომენტების გათვალისწინება მოუწევს. მოსალოდნელ პლიუსებს შორის საქართველოსთვის სომხურ-ირანული ტვირთებიდან საბაჟო მოსაკრებლების სახით მიღებული მილიონობით დოლარი იქნება, ამოქმედებული დერეფნები კი „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ გლობალური სატრანსპორტო პროექტის მნიშვნელოვანი რგოლები გახდებიან. აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ტრაილერებისა და რეფრიჟერატორების ავტოქარავნები გაიჭიმებიან. გარდა ამისა, დერეფნების ამოქმედება სასარგებლო იქნება ქართველი ფერმერებისთვისაც - ისინი თავიანთ მოსავალს იოლად გაიტანენ რუსულ ბაზარზე. მოკლედ, საქართველოსთვის სასწორის ერთ პინაზეა ფართო ეკონომიკური პერსპექტივა, მეორეზე კი მხოლოდ იაფი გაზი.
http://nv.am/politika/58993?task=view

















