„ერთი კონკრეტული პირის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმისგან არასაჭირო სკანდალის შექმნა და ამის პოლიტიკურ პრობლემად წარმოჩენა არის აშკარა მცდელობა,
რომ ძირი გამოეთხაროს ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობას. ეს არის საზიანო როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის მომავლისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის,“ - ამერიკული რადიოსადგურის "Radio Voice of America"-ს კორესპონდენტს ელინ სულეიმანოვმა, აზერბაიჯანის ელჩმა შეერთებულ შტატებში.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ აზერბაიჯანელ დიპლომატთან ჩაწერილი ინტერვიუს რეზიუმეს:
შეკითხვაზე, იყო თუ არა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეში ჩართული ქართული მხარე, ელჩმა უპასუხა, რომ მათ არ იციან, რა მოხდა კონკრეტულად საზღვრის მეორე მხარეს, რადგან მათ აფგან მუხთარლი საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს და გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს:
„ჩვენ არ გვჯერა, რომ ამ საქმეში რამენაირად ჩართულია ქართული მხარე. ცხადია, საჭიროა გამოძიების გაგრძელება. ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მოხდა ქართულ მხარეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს საზღვრის დამცველთა გაფრთხილების გარეშე და ესაა ის, რაც მოხდა“, - განაცხადა ელჩმა.
ელინ სულეიმანოვის თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს ისტორიულად კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ და ერთი კონკრეტული საქმის „პოლიტიკურ პრობლემად“ წარმოჩენა სკანდალის ხელოვნურად შექმნისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭების მცდელობას ჰგავს. ამასთან შეკითხვაზე, ვინ შეიძლება ცდილობდეს ამის გაკეთებას, ელჩი კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ გამოძიების პასუხებს უნდა დაველოდოთ.
ჟურნალისტი 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, მოგვიანებით კი იგი ბაქოში აღმოჩნდა. როგორც მან ადვოკატს აცნობა, ის თბილისის ცენტრში დააკავეს, რამდენიმე ავტომობილის გამოცვლის შემდეგ კი აზერბაიჯანის საზღვარზე გადაიყვანეს. აფგან მუხთარლი ამბობს, რომ მის დაკავებაში ქართველი სამართალდამცველებიც მონაწილეობდნენ.
აზერბაიჯანულმა მხარემ აფგან მუხთარლის ბრალი წაუყენა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის (დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის) გადატანისა და სამართალდამცავებისთვის ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევისთვის.
„ვნახოთ, რას გვიჩვენებს გამოძიება, მაგრამ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაფუჭების ყველა მცდელობა უნდა იყოს უარყოფილი. ჩვენ ვართ მოძმე სახელმწიფოები, ძალიან დიდი ხანია, ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ და ვართ მეზობლებზე მეტი - ვართ ძმები და დები, ეს პარტნიორობა კი უნდა გაღრმავდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - ამბობს ელინ სულეიმანოვი.

















