„დღეს საქართველოს სამცხე-ჯავახეთის მხარე უფრო მეტად და მტკიცედ არის ინტეგრირებული ქართულ სახელმწიფოში, ვიდრე ეს ოცი და გინდაც
ათი წლის წინათ იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არის დარჩენილი გზა, რომლის გავლა აუცილებელია. საბედნიეროდ, ისტორიას ჩაბარდა საბჭოთა პერიოდი, როცა ჯავახკში მხოლოდ შიდა „ვიზით“ შეიძლებოდა შესვლა, როცა რეგიონი „დახურული“ იყო როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისათვის. მოგვიანებით, 1990-იანი წლების დასაწყისიდან ჯავახკის „დედაქალაქს“ რუსეთის სამხედრო ბაზა წარმოადგენდა, ადგილობრივი მოსახლეობა კი მხოლოდ ბაზას ემსახურებოდა“, - ასე იწყება ვრცელი სტატია, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მიღწევები და პრობლემებია ასახული
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ რუბენ მეღრაბიანის ავტორობით გამოქვეყნებული ვრცელი სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:
„საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების კვალობაზე სამცხე-ჯავახეთში რეალობა შეიცვალა, ბევრი პრობლემა გაქრა, რეგიონი გაიხსნა გარესამყაროსთვის, ჩამოყალიბდა საბაზრო ურთიერთობები, დაიწყო დემოკრატიზაციის პროცესი, განმტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობა... წინ ფართო პერსპექტივა გამოჩნდა, თუმცა გაჩნდა ახალი პრობლემებიც“, - აღნიშნავს ავტორი და ამ თვალსაზრისით ქართული ენის სწავლების საკითხს ეხება:
„ჯავახკის სომხობა ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ ფორმალურად იყო საქართველოს ნაწილი, ცუდად ფლობდა ქართულ ენას, რაც საბჭოთა იმპერიის დროს დასაშვები იყო, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში ეს საკითხი რეგიონის განვითარებას ამუხრუჭებდა. თუმცა პრობლემის შესწავლისას მისი მოგვარების გზაც იქნა ნაპოვნი: ამჟამად საქართველო სომხური სახელმწიფო სკოლების რაოდენობის მიხედვით (120 სკოლაა გახსნილი!) მსოფლიოში პირველ ადგილზეა, მაშინ როცა ჩვენი „სტრატეგიული მოკავშირე“ რუსეთი არცერთ სკოლას არ ხსნის. სამცხე-ჯავახეთის სომხები ასევე ფართოდ ეუფლებიან ქართულ ენასაც, მუშაობს ადგილობრივი უნივერსიტეტი, მასმედია... სახელმწიფო ენის შესწავლა აუცილებელია, რადგან მოქალაქეს საშუალება ეძლევა საკუთარი შესაძლებლობები განახორციელოს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე კერძო სექტორში. მოკლედ, ჯავახკი დღეს, შეიძლება ითქვას, ორენოვანი რეგიონია“.
ავტორი დადებითად მიიჩნევს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ გარდაქმნებს, ძალისხმევას ადგილობრივი სომხების ინტერესების დაცვის მიზნით: „საქართველომ ევროინტეგრაციის გზა აირჩია, შესაბამისად ამ გზით ვითარდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებიც. სომხეთს და სომხობას, რომლებიც თავს ევროპული ცივილიზაციის ნაწილად მიიჩნევენ, საქართველოსთან მხოლოდ კეთილი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. საქართველო სომხეთისათვის ერთადერთი მეზობელია, რომლებსაც საერთო ღირებულებები აერთიანებთ.
ჯავახკს დიდი პოტენციალი აქვს იმაში, რომ საქართველოს მოდერნიზებასა და მის ევროატლანტიკურ ინტეგრირების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. უპირველესად კი ჯავახკმა რუსეთი უნდა დაივიწყოს: რუსეთი უკვე ლოგიკის მიღმაა, მისი ფუნქცია ჯავახკელი სომხებისთვის ამოიწურა. საქართველომ ვიზალიბერალიზება მიიღო, რაც სომხებსაც წინ დიდ შესაძლებლობებს უშლის. ჯავახკის სომხურ მოსახლეობას უნდა ახსოვდეს: რაც კარგია საქართველოსთვის, ის კარგია სომხებისა და სომხეთისათვის. საქართველოს წარმატება სომხეთისთვისაც წარმატებას ნიშნავს“, - ხაზს უსვამს ავტორი. მისი აზრით, რეგიონის სომხურმა მოსახლეობამ რეალიები უნდა გაითვალისწინოს და აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი მსხვილ საერთაშორისო პროექტებში ჩართვას და მათ განხორციელებას (ირანი-სომხეთი-საქართველო - „სპარსეთის ყურედან შავ ზღვამდე“).
საქართველო პროდასავლურ სახელმწიფოს წარმოადგენს. ეს ფაქტორი დასავლეთის ქვეყნების სომხურმა დიასპორამ უნდა გაითვალისწინოს. აშშ-სთან და საფრანგეთთან, სადაც მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორა არსებობს, საქართველოს სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობები აქვს. დადგა დრო, რომ ამერიკისა და საფრანგეთის პროსომხურმა წრეებმაც ზემოთხსენებული ფორმულა გაითავისონ: „რაც სასარგებლოა საქართველოსთვის, სასარგებლოა სომხეთისთვისაც“. ამ შემთხვევაში უფრო დავაზუსტებთ: „გინდა სომხეთისთვის კარგი და სასარგებლო საქმის გაკეთება? მაშინ გააკეთე იგივე საქართველოსა და ჯავახკის რეგიონისთვის“.
პუბლიკაციის დასასრულს ავტორი აღნიშნავს, რომ ივლისის დასაწყისში ახალციხეს და ახალქალაქს აშშ-ის ქალაქ გლენდეილის (კალიფორნია) ექს-მერი, ამჟამად კი გლენდეილის საბჭოს წევრი ზარა სინანიანი ეწვია. მას ადგილზე დახვდნენ სამცხე-ჯავახეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ახალგაზრდობის, ეკლესიის, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, ბევრი სომეხი და ქართველი... მთავარი, რაც ამ ვიზიტს ახლდა, ის იყო, რომ აშშ-ის სომხურ დიასპორაში არის სეგმენტი, რომელიც მზადაა წვლილი შეიტანოს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებაში, ჩართოს ამ პროცესში ჯავახკის სომხები. ეს ყველაფერი, ასეთი მიდგომა ხვალინდელი ევროპული სომხეთისა და ევროპული საქართველოს ინტერესებში შედის“.
http://ru.aravot.am/2017/07/11/245702/

















