უკრაინულ გამოცემა «Вести»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია უკრაინაში ვადამდელი არჩევნების ალბათობა, რომელიც გაზაფხულზე საკმაოდ
მაღალი ჩანდა, დღეს კი იმდენად აქტუალური აღარაა. განსაკუთრებით ყურადღება აქვს დათმობილი მიხეილ სააკაშვილის პარტიის - „ახალი ძალების მოძრაობის“ („რუხ ნოვიხ სილ“) მდგომარეობას და მის სამომავლო ბედს.
ანასტასია რიაბოკონის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
როგორც ცნობილია, იგეგმებოდა პარტნიორობა ლვოვის მერ ანდრეი სადოვოის პარტია „სამოპომოჩს“ და მიხეილ სააკაშვილის „ახალი ძალების მოძრაობას“ შორის, მაგრამ ახლა ანდრეი სადოვოის საქმეები ცუდად წაუვიდა, თან მასზე ნეგატიურად მოქმედებს ის ფაქტი, რომ გავრცელდა ხმები რუსული ფულით სარგებლობის შესახებ (ლვოვში ერთადერთი რუსული ბანკი არსებობს - „მოსკოვის ვითიბი ბანკი“). შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს განვითარებული სკანდალების კვალობაზე, ლვოვის მერმა სპონსორები დაკარგა.
რაც შეეხება თვითონ მიხეილ სააკაშვილს, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს, მისი პოზიციებიც არასახარბიელოა. ამას წინათ იგი ტელეარხ „ზიკ“-ის თოქ-შოუს წამყვანი გახდა, თან მოკავშირეებს ეძებს. მაგრამ მისი მცდელობის მიუხედავად, საჯარო პოლიტიკის ველზე დარჩეს, ის სულ უფრო ნაკლებად ჩანს ახალ ამბების ნაკადში. ბოლო სამი წლის მანძილზე მიხეილ სააკაშვილმა დიდი ტრანსფორმაცია განიცადა - იმედების მომცემი პოლიტიკოსიდან აუტსაიდერამდე, რომელსაც საქართველოში ექსტრადიციით ემუქრებიან. თავდაპირველად მიხეილ საკაშვილის რეიტინგი 10%-ს აღწევდა. როგორც პოლიტტექნოლოგები ამბობენ, მაღალი ცნობადობა მის სპონსორებს მილიონები დაუჯდათ, მაგრამ რეიტინგის გამოყენება საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ვერ მოახერხა: ახლა მისი რეიტინგი სადღაც 1,5%-ის ფარგლებში მერყეობს და მიხეილ სააკაშვილი უკვე ინვესტიციების მიზიდვისათვის საეჭვო ფიგურად იქცა.
„მიხეილ სააკაშვილის სიტუაცია ხელიდან გაშვებული შანსის ნათელი მაგალითია“, ამბობს პოლიტოლოგი ანდრეი ზოლოტარევი, - როცა მას ყველაზე კარგი მდგომარეობა ჰქონდა დიდი პოლიტიკაში შესასვლელად, ექს-პრეზიდენტი რეგიონული გუბერნატორი გახდა, შემდეგ კი იგი დიდხანს აჭიანურებდა პირად არჩევანს - დარჩენილიყო უკრაინაში თუ საქართველოში წასულიყო. მაგრამ რადგანაც სამშობლოში მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, გასაგები გახდა, რომ იქ მისი შანსები ძალიან დაბალი იყო. ამასობაში მიხოს შეხლა-შემოხლა მოუვიდა პრეზიდენტთან...“.
„დღეს მიხეილ სააკაშვილს ოპონენეტებთან ბრძოლაში შედარებით მცირე რესურსები აქვს: მას არ ჰყავს ძალოვანი ფრთა, არ ჰყავს სპონსორები, არ აქვს რეიტინგი, თუმცა, კაცმა რომ თქვას, იგი მაინც „დაყოვნებული მოქმედების ბომბად“ მაინც რჩება პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსათვის: მიხომ ბევრი რამ იცის უკრაინის შიდა პოლიტიკის შესახებ, შეუძლია უცხოელი სპონსორების მიზიდვა და გავლენის მოხდენა კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულ ბიუროზე [დირექტორის პირველი მოადგილის გიზო უგლავას მეშვეობით]. ეს ყველაფერი პეტრო პოროშენკოს თავს შეაკავებინებს მკვეთრი მოძრაობისაგან“, - ამბობს პოლიტოლოიგი მიხეილ დავიდიუკი.
http://vesti-ukr.com/politika/246092-politicheskij-daunshiftinh

















