ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანთა ტრეფიკინგის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებებს ყველაზე მეტად ამ კუთხით, მესამე
კალათის 23 ქვეყანა არღვევს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და სირია მოხვდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ამბობს, რომ ადამიანებით ვაჭრობა მრავალ მილიარდიანი კრიმინალური ინდუსტრიაა, რომელიც მსოფლიოს გარშემო 20 მილიონ ადამიანს ართმევს თავისუფლებას.
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს პირველ კალათაში ათავსებს და აცხადებს, რომ „საქართველოს მთავრობა სრულიად ასრულებს ტრეფიკინგის აღკვეთისთვის მინიმალურ მოთხოვნილებებს“. შესაბამისად, „განგრძობითი და სერიოზული ძალისხმევიდან“ გამომდინარე, „საქართველო რჩება პირველ კალათაში“.
ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ საქართველო არის წყარო, ტრანზიტი და დანიშნულების ადგილი ქალების და გოგოების სექს-ტრეფიკინგისა. უმეტეს შემთხვევაში ქართველი ქალები და გოგონები იძულებითი პროსტიტუციის მსხვერპლი ხდებიან ქვეყნის შიგნით და თურქეთში, ასევე ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. აქვე ნათქვამია, რომ გვხვდება „კაცების, ქალების და ბავშვების იძულებით შრომის შემთხვევები.“ საქართველოს სატრანზიტო ქვეყანად იყენებენ ცენტრალური აზიიდან თურქეთში, ქალთა ექსპლუატაციის დანაშაულებრივ სქემებში.
ანგარიში აფიქსირებს საქართველოს მთავრობის პოზიტიურ ნაბიჯებს ტრეფიკინგის ბრძოლის კუთხით, თუმცა ხაზგასმულია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, სამართალდამცავების ქმედებები არ გაძლიერებულა და სამართალდამცავმა ორგანოებმა „უფრო ნაკლები მსხვერპლი გამოავლინეს“. ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ეროვნულ სამოქმედო გეგმას 2017-2018 წლისათვის, მის მუშაობას გამოძიების წარმოების და მოწყვლადი მოსახლეობის გამოვლენის კუთხით და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ჩაატარა ცნობიერების გაზრდისთვის საჭირო კამპანია.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მსხვერპლის იდენტიფიკაცია არ ხდება და რომ ხშირია „ქუჩაში ბავშვების ექსპლუატაცია, როდესაც მათ აძალებენ შემწეობის თხოვნას და დანაშაულის ჩადენას“. კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობამ ითანამშრომლა აზერბაიჯანის მთავრობასთან აზერბაიჯანის მოქალაქის ექსტრადიციის საქმეში, თუმცა საქმის დეტალები დაზუსტებული არ არის.
სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში განიხილავს, საქართველოს მთავრობის მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული მშვიდობისმყოფელი ნაწილების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდების გამოძიების საქმეზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ჩაატარა „სრულყოფილი გამოძიება“ და ესაუბრა „მოწმეებსა და დაზარალებულებს, რის შედეგადაც განაცხადა, რომ ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ არ ქონია ადგილი სექსუალური ძალადობის ფაქტს.“ თუმცა აქვე დაზუსტებულია, რომ „მთავრობას საბოლოო ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია“ და გაუგებარია „ადგილი ჰქონდა თუ არა ტრეფიკინგის დანაშაულს“. (...)

















