„კონსტიტუციის ახალ რედაქციაში სერიოზული ცვლილებები აღარ იქნება შეტანილი, რადგან დოკუმენტი პარლამენტში ორი მოსმენით უკვე მიიღეს. ასეთი
რეაქცია გამოხატა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ირაკლი კობახიძემ იმ კრიტიკაზე, რომელიც ბათუმში მყოფმა ევროკავშირის ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ გააჟღერა. პარლამენტის სპიკერის თქმით, იგი პირადად შეხვდება სტუმარს, განუმარტავს მას ძირითადი კანონის ცვლილებების არსს და ამით ყველა გაურკვევლობას მოხსნის“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «Независимая газета» სტატიაში (ავტორი - იური როქსი).
სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკუკიო საქართველოში გამართულ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესში მონაწილეობს. მის ჩამოსვლას ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუთმენლად ელოდებოდა. ისინი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ შულერობა-თაღლითობაში ადანაშაულებენ: მათი მტკიცებით, „მეოცნებეებმა” საზოგადოებას და ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებათა ერთი პროექტი წარუდგინეს, პარლამენტში კი სხვა პროექტი განიხილეს და მიიღესო.
ოპოზიცია ჯანი ბუკიკიოსაგან შველას ითხოვდა. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა კი სინანული გამოხატა მომხდარი ფაქტით, პოლიტიკურ ძალებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საჭიროა კომპრომისი მოიძებნოსო: „იმედგაცრუებული ვარ, რადგან პროცესი თავდაპირველად პროცესი ძალიან დამაიმედებლი ჩანდა. ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს სჯეროდა, რომ ჩვენი მოკრძალებული რჩევა გათვალისწინებული იქნებოდა. კარგად ვიმუშავეთ, მაგრამ ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“.
ჯანი ბუკიკიოს იმედგაცრუება ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ ხელისუფლებამ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება 2024 წლისათვის გადადო, ანუ 2020 წელს პარლამენტის არჩევნები ისევ შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ჩატარდება. არის კიდევ ზოგიერთი მცირე საყვედური სხვა საკითხების მიმართაც, მაგრამ მათი მნიშვნელობა პრინციპული არაა და შეიძლება გზადაგზა გამოსწორდეს.
ქართული პოლიტიკური ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია იქმნებაო - ხელისუფლება ისეთ კონსტიტუციას ღებულობს, რომელიც მხოლოდ მასზეა მორგებული და „ქართული ოცნების“ გარდა, სხვას არავის აწყობს. ისინი მმართველ პარტიას აფერისტობაში ადანაშაულებენ. „ნაციონალების“ მტკიცებით, „მეოცნებეებმა“ შეგნებულად მოატყუეს ვენეციის კომისია - მათ საკონსტიტუციო ცვლილებების სხვა პროექტი წარუდგინეს და როცა კომისიამ პროექტი მოიწონა, შემდეგ მასში ისეთი შესწორებები შეიტანეს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ სამომავლო არჩევნებში გამარჯვებას უზრუნველყოფს. ანუ შესწორებები მიმართულია რეჟიმის განმტკიცებისაკენ. „სიტუაციას ახალი რევოლუცია თუ გამოასწორებს“, - ამბობენ „ნაციონალები“.
--------
გაზეთის ნომრის გამოსვლის მომენტში კობახიძე-ბუკიკიოს შეხვედრის შედეგი (გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით) ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.
http://www.ng.ru/cis/2017-06-30/5_7019_georgia.html

















