ამერიკული რადიოსადგურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მომავალი ვიზიტის შესახებ
და ამასთან დაკავშირებით - მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ექსტრადიციასთან დაკავშირებით. პუბლიკაციაში გადმოცემულია საკითხის წინაისტორია - თუ როგორ აღმოჩნდა საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში, რატომ დანიშნა იგი უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის ოლქის გუბერნატორად, რატომ დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილი თავის „მეგობარ“ პეტრო პოროშენკოს და ა.შ.
როგორია ქართველი ექსპერტების თვალსაზრისი მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ექსტრადირებასთან მიმართებით? გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„ამერიკის ხმის“ რუსულ სამსახურისთვის გაკეთებულ კომენტარში ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების და მისი უკრაინული გუნდის საუბრები, თითქოსდა მოლაპარაკება მიდის ექსტრადირებაზეო, მხოლოდ „თავის დაზღვევის მიზნით“ დაწყებული საუბარია; „ეს სრულიად მოსალოდნელი იყო მათი მხრიდან, რადგან ისინი დღეს უკრაინაში თავს ძალიან არამყარ, მყიფე მდგომარეობაში გრძნობენ. გარდა ამისა, ეს არის ჩვეულებრივი და მორიგი შავი პიარი პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ, პრეზიდენტის ავტორიტეტისა და იმიჯის შელახვის მიზნით, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთის თვალში“.
ექსპერტი გია ნოდია სრულიად დასაშვებად მიიჩნევს, რომ ქართული მხარე უკრაინის წარმომადგენლებთან საუბარში, ან დიპლომატიური არხებით, შესაძლოა დაინტერესებულია ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებით, მაგრამ პრაქტიკულად ექს-პრეზიდენტის ქართული მხარისადმი გადმოცემა ნაკლებად სავარაუდოა და შეუძლებელიც კი, რადგან ამ შემთხვევაში მთავარ ფაქტორს საკითხის იურიდიული მხარე წარმოადგენს [მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის კონსტიტუცია კი მოქალაქის გადაცემას კრძალავს]. გარდა ამისა, გია ნოდიას თქმით, ექს-პრეზიდენტის ექსტრადირება უკრაინის მხრიდან არაპოპულარული ნაბიჯი იქნება, რომელიც იქაურ ხელისუფლებას პოლიტიკური თვალსაზრისით არ აწყობს. „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მიაღწია ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში მყოფი „ნაციონალი“ ჩინოვნიკების გადმოცემას, ამ ფონზე თვითონ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება არარეალური სცენარია“, - ამბობს გია ნოდია „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურისადმი მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ გინდაც მოხდეს ექს-პრეზიდენტის ექსტრადიცია, მისი ყოფნა განსასჯელის სკამზე დასავლეთში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს. „ისიც შეიძლება მოხდეს, რომ საქართველოს მთავრობამ არ მიაქციოს ყურადღება ასეთი სასამართლო პროცესით ქვეყნის იმიჯის შელახვის შესაძლებლობას და გააკეთოს ის, რაც სურს“, - ამბობს გია ნოდია.
«Радио Голос Америки»

















