გავლენიანი ამერიკული სააგენტოს «The Associated Press»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება რუსეთში
ფიფას ეგიდით დაწყებულ პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირს, რომელიც „კონფედერაციის თასის“ სახელითაა ცნობილი. ტურნირი 2 ივლისამდე გასტანს და მასში 7 ქვეყნის ეროვნული ნაკრები გუნდები მონაწილეობს (ავტორი - ჯეიმს ოლიგვორტი).
რა შუაშია საქართველო? საქმე იმაშია, რომ ტურნირის დროს ფეხბურთელები და მათი გულშემატკივრები ქართული სამზარეულოს კერძებით იქნებიან უზრუნველყოფილი.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის რეზიუმეს:
„საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, კავკასიის რეგიონში მდებარეობს, ოთხი მილიონი მცხოვრებით. საქართველო ცნობილია ტრადიციულად უხვი და გემრიელი კერძებით, ღვინით, რითაც რუსების გული მოინადირეს. ქართული ტრადიციული ხაჭაპური და ხინკალი რუსეთში დიდი ხანია ფავორიტია. იგივე შეიძლება ითქვას ქართულ ღვინოზეც“, აღნიშნავს სტატიის ავტორი, რომელიც ესაუბრება მირზა ორმოცაძეს, მოსკოვის ცენტრალურ გამზირზე ახლახანს გახსნილი რესტორნის შეფ-მზარეულს. „კერძების მოსამზადებლად ჩვენ ყველაფერი საქართველოდან მოგვაქვს“, - ამბობს იგი.
ქართული რესტორნები რუსეთში ყველგანაა და, რასაკვირველია, იმ ოთხ ქალაქშიც, სადაც „კონფედერაციის თასის“ ტურნირი ჩატარდება: მოსკოვთან ერთად სანკტ-პეტერბურგში, ყაზანში და სოჭში, მაგრამ იქ ვერ ნახავთ რუსულ ტრადიციულ საჭმელებს - სუპებს და რაგუს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იანი წლებიდან, რუსული სამზარეულო მოულოდნელად დიდი პრობლემის წინაშე დადგა - მას უცხოელი კონკურენტები გამოუჩნდნენ. თავიდანვე ჩანდა, რომ, რომ ეს წაგებული ბრძოლა იყო. რუსულ ბაზარზე სწრაფად ვრცელდებოდა პიცა, შაურმა, სუში და სხვა ეგზოტიკური კერძები.
დღეს რუსულ კერძებს ძირითადად სასადილოებში და კაფეებში თუ შეხვდებით, სადაც ფასდაკლებით მოგემსახურებიან. საზოგადოებრივი კვების ასეთი ობიექტები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდნენ, სურსათის დეფიტის პირობებში მოსახლეობა იქ იკვებებოდა. რაც შეეხება მაღალი კლასის რესტორნებს, რუსული ეროვნული კერძები იქ მხოლოდ ექსპერიმენტის სახით აქვთ.
ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის რთული, წინააღმდეგობრივი ისტორია ეროვნულ საჭმელებზეც აისახა. ბევრს ჰგონია, რომ „ბორშჩი“ რუსული კერძია, მაგრამ ის უკრაინული წარმოშობისაა. რუსებს ძალიან უყვართ ბრინჯის ფლავი ქიშმიშით, მაგრამ ეს საჭმელი შუა აზიიდან შევიდა რუსეთში.
რაც შეეხება ქართველ მზარეულებს, ისინი დახელოვნებულნი არიან, მათ მიერ შედგენილი მენიუ მსოფლიოს ყველანაირ კერძებს მოიცავს. როგორც მირზა ორმოცაძე ამბობს, მისი ახლობლები რესტორნებს პოლონეთში ხსნიან, ნიუ-იორკელებს კი გემრიელი ხაჭაპურით იზიდავენ.
http://hosted.ap.org/dynamic/stories/s/soc_confed_cup_russian_steps?site=ap§ion=home&template=default

















