ერევნის რუსულენოვან გაზეთის «Голос Армении»-ს კორესპონდენტმა ზარა გევორქიანმა ინტერვიუ ჩამოართვა სომეხ ექსპერტებს, რომლებიც
საუბრობენ როგორც თურქეთ-აზერბაიჯან- საქართველოს თანამშრომლობაზე, ასევე სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსიტუტის დირექტორი რუბენ საფრასტიანი კომენტარს უკეთებს საქართველოში გამართულ სამხედრო სწავლებებს სქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეცქვედანაყოფების მონაწილეობით (კოდური სახელწოდება - „კავკასიური არწივი - 2017“) და აცხადებს, რომ მსგავსი სამხედრო მანევრების ჩატარება საფრთხესთანაა დაკავშირებული: „შეხედეთ რუკას და მიხვდებით - „კავკასიური არწივი - 2017“ სომხეთის წინააღმდეგაა მიმართული“, - ამბობს ექსპერტი.
მსგავსი თვალსაზრისი აქვს საქართველოს საკითხების ექსპერტს, პოლიტოლოგ ჯონი მელიქიანს, თუმცა იგი მოვლენებს ობიექტური გარემოებებით ხსნის:
„საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს და თურქეთთან, ნატოს წევრთან, თბილისი აქტიურად თანამშრომლობს - მიუხედავად იმისა, რომ ანკარას დღეს თავის ნატოელ კოლეგებთან პრობლემები აქვს. აზერბაიჯანისთვის საქართველოს ერთგვარი ხიდის როლს ასრულებს თურქეთთან ურთიერთობაში. რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში სომხეთმა? ვფიქრობ, ჩვენც უნდა გავააქტიუროთ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა, რათა შევამციროთ ანკარა-ბაქოს სამხედრო თანამშრომლობის რისკები. ქართული მხარე აცხადებს, რომ მისი თანამშრომლობა რომელიმე სახელმწიფოსთან არავის წინააღმდეგ არ არისო მიმართული, მაგრამ რა ვუყოთ თურქეთსა და აზერბაიჯანს? ჩვენ ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ბაქოსა და ანკარას საკუთარი მიდგომები აქვთ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის მიდგომები სომხეთის მიმართ მეგობრული არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში შეეცდება არ გადადგას სომხეთის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები, მაგრამ გასაგებია, რომ ყველაფერი საქართველოზეც არ არის დამოკიდებული. აშკარაა, რომ თბილისი, ბაქოსა და ანკარასთან თანამშრომლობის დროს, ცდილობს ბალანსის დაცვას, თანამშრომლობს სომხეთთან და ამ დროს სომხეთმაც უფრო აქტიურად უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯი. ჩვენი აქტიურობა ამ შემთხვევაში აუკიდურესად აუცილებელია“.
ჯონი მელიქიანი ეხება აგრეთვე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაში მომხდარ სკანდალურ ფაქტს ოპოზიციური ჟურნალისტის გატაცების თაობაზე: „ეს, რასაკვირველია, ისეთი ინციდენტია, რომელიც ბაქოსა და თბილისის ურთიერთობაზე ნეგატიურად მოქმედებს. რომელი კუთხიდანაც არ უნდა შევხედოთ აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს, ყველა მიმართულებით ნონსენსს ვაწყდებით: თუ საქართველო ჟურნალისტის გატაცებაში მართლაც მონაწილეობდა - ეს ერთი ისტორიაა და ძალიან ნეგატიური. თუ არ მონაწილეობდა - მაინც არასასიამოვნო ხასიათი აქვს: ისე გამოდის, რომ აზერბაიჯანმა სპეცოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა, თბილისს კი ეძინა. ეს სილის გაწვნას ჰგავს... ახლა საქართველოს ხელისუფლება ცდილობს როგორმე თავი გაიმართლოს, მაგრამ ამას ისე მოუხერხებლად აკეთებს, რომ პირიქით საკუთარ თავს ზიანს აყენებს. ოპოზიცია ხელისუფლებას აზერბაიჯანის ანტიდემოკრატიულ რეჟიმთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ბუნებრივია, ამ ფაქტმა ბაქო-თბილისის ურთიერთობებში ნეგატიური ფონი შექმნა, რომელიც გარკვეულ გავლენას მოახდენს თანამშრომლობის პერსპექტივაზეც“, - ასეთ პროგნოზს აკეთებს სომეხი ექსპერტი.
ჯონი მელიქიანი ინტერვიუში ეხება აგრეთვე სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს. სხვათა შორის, სასაზღვრო თემაზე ამას წინათ საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმაც იმსჯელეს ერევანში გამართულ შეხვედრაზე.
„რამდენადაც ვიცი, სომხური მხარე მზადაა დელიმიტაციის პროცესის გასაგრძელებლად, მაგრამ მას ქართული მხარე აბრკოლებს. აქ ერთი საინტერესო ნიუანსია, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს პოზიციაზე. საქმე იმაშია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარიც არ არის დელიმიტირებული, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, პრობლემები თბილისს ბაქოსთან მეტი აქვს, ვიდრე ერევანთან. ამ კომპლექსის 80% საქართველოს ტერიტრორიაზეა, 20% კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაც ძალზე პრინციპული მომენტია ორივე მხარისათვის. აბა, წარმოვიდგინოთ: თუ საქართველო სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციას დაასრულებს, კაზუსი გამოვა - თბილისს თავის სტრატეგიულ მოკავშირესთან და პარტნიორ აზერბაიჯანთან სასაზღვრო პრობლემები აქვს იმ დროს, როცა [არამოკავშირე, მაგრამ] კეთილ მეზობელ სომხეთთან დელიმიტაცია უკვე დასრულებულია! ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენს ქვეყნებს შორის და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში მოგვარდება. ყოველ შემთხვევაში, მხარეებმა განაცხადეს, რომ დელიმიტაციას შემოდგომაზე დაუბრუნდებიან“, - ამბობს ინტერვიუში სომეხი ექსპერტი.
http://golosarmenii.am/article/54756/dialogi-s-prepyatstviyami

















