„ჩვენთვის, გერმანელებისათვის, უკვე დიდი ხანია ცნობილია ჩინური, ტაილანდური, ინდური თუ აზიის სხვა ხალხების ეროვნული კერძები, მაგრამ გადაჭარბებული არ იქნება თუ
ვიტყვი, რომ გურმანებისთვის ჭეშმარიტი ქვეყანა უფრო დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მდებარეობს, მაგრამ მის შესახებ ძალიან ცოტა რამ თუ ვიცით“, - ასეთი შესავალით იწყება ვრცელი სტატია, რომელშიც გადმოცემულია საქართველო-გერმანიის ურთიერთობის მოკლე მიმოხილვა და ქართველი ხალხის კულინარული ტრადიციები (ავტორი - ჰაიდი დრისნარი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს, რომელიც ტელეეთერში ტურიზმის თემაზე გადაცემული ფილმის საფუძველზეა მომზადებული:
„წიგნები, რომლებიც გერმანულ ენაზე ქართულ სამზარეულოს გვაცნობს, საკმაოდ დიდი იშვიათობაა. ასევე გაგიძნელდებათ ჭეშმარიტად ქართული რესტორნის მოძებნაც. არადა, კავკასიის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ «Georgien»-ს ვეძახით, რუსები - «Grusija»-ს, ხოლო იქაური ხალხი საკუთარ სახელმწიფოს «Sarkartvelo»-ს უწოდებს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო ცნობილი კარგი და გემრიელი კერძების მოყვარულთათვის. ბოლო დროს კი დასავლეთმა თანდათან დაიწყო ამ ქვეყნის მიმართ ყურადღების მიპყრობა - როგორც აბრეშუმის დიდი გზის ახალი პროექტის ერთ-ერთ მიმართულებად - ეკონომიკურ პარტნიორის, მოგზაურობის მარშრუტის სახით და რაც მთავარია ჩვენთვის - როგორც გურმანების ელდორადოდ.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. გერმანია ევროკავშირის პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა (1992 წლის 23 მარტს) და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა (1992 წლის 13 აპრილს). გერმანია ასევე პირველი სახელმწიფო იყო, რომლის საელჩო თბილისში გაიხსნა, თუმცა ურთიერთობა გერმანელებს და ქართველებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებამდე დიდი ხნის წინ დაიწყო. პირველი ემიგრანტი შვაბელი გლეხები საქართველოში 1817 წელს გამოჩნდნენ და მათი შთამომავლები (მართალია, მცირე რაოდენობით), დღესაც იქ ცხოვრობენ. 2017 წელს აღინიშნება გერმანულ-ქართული კავშირების ორსაუკუნოვანი იუბილე და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავი. ღონისძიებები უკვე დაიწყო და 2018 წლის შუახანებამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის შემოდგომაზე საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.
ამას წინათ, გერმანულ-ქართული ურთიერთობების იუბილეს ჩარჩოებში, გამომცემლობა «Leopold Stocker Verlag»-მა გერმანულ ენაზე დასტამბა წიგნი ქართული კულინარიის შესახებ. 176-გვერდიანი წიგნი სახელწოდებით „ქართული სამზარეულო“ უხვადაა ილუსტრირებული ფერადი ფოტოსურათებით, მისი ავტორია შოთა დვალიშვილი, რესტორან „მასპინძელოს“ შეფ-მზარეული (სტატიაში ფართოდაა გადმოცემული ქართული სამზარეულოს სპეციფიკა).
წიგნი გერმანულ ენაზე თარგმნა დოქტორმა მაია ფანჯიკიძემ. იგი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, გერმანული ენისა და ლიტერატურის მკვლევარი, გამოქვეყნებული აქვს ბევრი სამეცნიერო ნაშრომი. მაია ფანჯიკიძე რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ელჩი იყო გერმანიასა და ნიდერლანდებში, ბოლო კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. წიგნის შესავალში მაია ფანჯიკიძე გერმანელ მკითხველს აცნობს ქართული სუფრის სპეციფიკას, სადღეგრძელოების თემატიკას - მშვიდობაზე, სამშობლოს სიყვარულზე, ოჯახზე, მშობლებზე და შვილებზე... იმ ლეგენდას, თუ როგორ მიიღეს ღმერთისაგან ქართველებმა საცხოვრებელი ადგილად სამოთხის მსგავსი ადგილი - კავკასიის მთებით, შავი ზღვით, აყვავებული ხეობებით, ნაყოფიერი ველ-მინდვრებით და რომელსაც დღეს საქართველო ჰქვია. აქ ყოფილან ცნობილი მწერლები და პოეტები, მათ შორის ალექსანდრე დიუმა, ალექსანდრე პუშკინი, ბორის პასტერნაკი და სხვები, რომლებიც საქართველოს სილამაზის ხილვისას „სიყვარულით თვრებოდნენ“ და „გულს თბილისში ტოვებდნენ“: „თბილისით აღფრთოვანებული და მოხიბლული ვარ“, - წერდა ალექსანდრე დიუმა 1858 წელს.
წიგნის გაცნობის დროს დავრწმუნდი, რომ საქართველოს შესახებ მე საკმაოდ ცოტა რამ ვიცოდი, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის შემდგომ მოვლენებს. კი, წამიკითხავს, რომ საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე ადრე კოლხეთის სამეფო არსებობდა, სადაც ბერძენი არგონავტები ოქროს საწმისის საძებნელად გაემართნენ, მაგრამ იმერეთზე, სამეგრელოზე, აჭარაზე, გურიაზე და სხვა კუთხეებზე არაფერი გამეგონა. საქართველოს ყოველ მხარეს თავისი სამზარეულო აქვს. ვთქვათ, განა იცით, რომ ცნობილი ქართული ხაჭაპური სხვადასხვა სახის არსებობს? აჭარული, იმერული, მეგრული... ჩემი პირველი გაცნობა ქართულ სამზარეულოსთან თავდაპირველად, წლების წინ, მხოლოდ მწვადით და „ჩახოხბილით“ შემოიფარგლებოდა, ახლა კი ვიცი შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით, უამრავი სახის ბოსტნეულის სალათა...
წიგნი „ქართული სამზარეულო“ შესავალში მკითხველს მოუთხრობს აგრეთვე ქვეყნის ისტორიას, რომელიც ძალიან ღრმა, საუკუნეთა მიღმა, მითიურ პერიოდში იწყება - პრომეთესა და ზემოთხსენებული არგონავტების ხანაში. განა ბევრმა იცის გერმანიაში, რომ ქართული ენა თავისი ორიგინალური შრიფტით მსოფლიოს ენებს შორის ერთ-ერთი უძველესი ცოცხალი ენაა?
ან კიდევ ის ფაქტი, რომ საქართველოში ქრისტიანობა ჯერ კიდევ 337 წელს გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად? შესავალში ისიც არის აღნიშნული, თუ რა კავშირი არსებობს თამარ მეფესა და ფრიდრიხ I ბარბაროსას შორის და ისიც, რომ ქართული ეროვნული პოლიფონიური სიმღერა „ჩაკრულო“ ამერიკულმა კოსმოსურმა ზონდმა „ვიოიაჯერ“-მა სამყაროს უსასრულო სივრცეში გაიტანა, როგორც პლანეტა დედამიწის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში. საქართველოს უნიკალური ისტორია მოწმობს, რომ მისი სტრატეგიული მდებარეობა უძველესი დროიდანვე მრავალ უცხოელ დამპყრობელს იზიდავდა. შედარებით უფრო თანამედროვე [საბჭოთა და მისი შემდგომი] პერიოდის აღწერისას საუბარია მე-20 საუკუნეში იოსებ სტალინის დროინდელ „წმენდებზე“, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების ბრძოლაზე მაფიასთან და კორუფციასთან, რუსეთთან კონფლიქტზე... 2009 წლიდან საქართველო ევროკავშირის პროექტის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრია, 2014 წელს კი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც გააფორმა და, შესაბამისად, საქართველოზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ვრცელდება. საერთოდ კი, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრობამდე თბილისს გრძელი გზა აქვს გასავლელი. აქვე ვიტყვით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ახლახან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა - ქართველებისთვის 2017 წლის მარტიდან შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლაა ნებადართული.
ოსმალური (თურქული), სპარსული (ირანული) და რუსული ისტორიულ გავლენათა შედეგები საქართველოში შთამბეჭდავ მრავალფეროვნებას ქმნის. და თუ ამას დავამატებთ [სუბტროპიკულ] კლიმატს და ნაყოფიერ მიწას, ხილისა და ბოსტნეულის სიუხვეს, მოგზაური შთაბეჭდილებების აუწერელ არომატს იგრძნობს. ბოლოს კი მთავარი - ქართული ღვინო! საქართველოს ექსპორტის ეს მნიშვნელოვანი პროდუქტი ევროპის სავაჭრო ქსელშიც შეიძლება ვნახოთ. ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ცნობილი კომპანიაა „შატო მუხრანი“, რომელსაც 100 ჰეტარი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე ქართული ავტოხთონური და უცხოური ვაზის ჯიშები აქვს გაშენებული. სხვათა შორის, „შატო მუხრანის“ მთავარი ენოლოგი (მეღვინე) გერმანელი პატრიკ ჰონეფია, რომელიც მკაცრად ადევნებს თვალს ღვინის დამზადების პროცესს: ვაზის მოვლიდან და მოსავლის მიღებიდან ყურძნის წვენის ღვინოდ ქცევამდე და მის ბოთლში ჩასხმამდე. თუ ვინმეს ცნობისმოყვარეობა აღეძვრება კავკასიის პატარა ქვეყნის მიმართ, იქ ჩასვლა ძნელი არ არის. საქართველო ჩვენგან პაპუა-ახალ გვინეასთან შედარებით ბევრად ახლოს მდებარეობს, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპისათვის ჯერ-ჯერობით მაინც ეგზოტიკურ ქვეყანად რჩება. ტურისტებს იქ ხელგაშლილნი ხვდებიან, ქართული გამოთქმაც კი არსებობს - „სტუმარი ღვთისაა“. ქართველი უცნობ ადამიანსაც კი ახლობელივით ღებულობს და მასზე ზრუნავს.
(სტატიის დასასრულს მოცემულია ზოგიერთი ქართული კერძის მომზადების წესი).
http://www.n-tv.de/leute/essen/Der-Gast-kommt-von-Gott-article19877592.html

















