„ერთ პუნქტში ადვოკატ ვოლფგანგ ბლაშნიცს ნამდვილად უნდა დავეთანხმოთ: თუ ვენის პროკურატურა რუსეთის სპეცსამსახურს („ფე-ეს-ბე“-ს) შეეკითხება,
ესა და ეს კონკრეტული პიროვნება მართალაც თქვენი აგენტია თუ არა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ „ფე-ეს-ბე“ უარყოფით პასუხს გასცემს: ბრალდებული მუჰამედ ი. ჩვენი აგენტი არ არის. მაგრამ 38 წლის ბრალდებული მაინც აცხადებს, რომ იგი უდანაშაულოა და ტერორისტული აქტებისაგან შორს დგას“, - ასე იწყება ავსტრიის გაზეთ „სტანდარდში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ორგანიზაცია „კავკასიის იმარატის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მუჰამედ ი.-ს სასამართლოს პროცესია გადმოცემული (ავტორი - მიხაელ მოსენდერი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას თავისუფალი თარგმანით:
პუბლიკაციაში მკითხველი ეცნობა საქართველოში 2012 წელს მომხდარი ინციდენტის ისტორიას, რომელშიც განსასჯელიც მონაწილეობდა: „2012 წელს მუჰამედ ი. საქართველოში ჩავიდა, რუსეთის საზღვართან ახლოს - იქ, სადაც საქართველოს უშიშროების ძალებსა და „კავკასიის იმარატის“ ბოევიკებს შორის სროლა ატყდა. იმ ინციდენტის დროს სამი ქართველი თანამდებობის პირი და შვიდი ისლამისტი დაიღუპა. დღეს ისლამისტ-ბოევიკთა რაზმის ლიდერი განსასჯელის სკამზე ზის.
პროკურორი ლეოპოლდ ბინი ამ საქმეს საკმაოდ დიდხანს იძიებდა. მან დაადგინა, რომ ისლამისტ ბოევიკებთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა აჰმედ ჩატაევს - „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივისტს, რომელმაც ერთი წლის წინ სტამბოლის აეროპორტში აფეთქება განახორციელა:
„2012 წლის ივნისის ბოლოს ბრალდებული საქართველოში გაფრინდა, თან სნაიპერული შაშხანის ოპტიკური სამიზნე წაიღო“, - ამბობს პროკურორი. იარაღით და სხვა საჭირო საგნებით უზრუნველყოფის შემდეგ აჰმედ ჩატაევი, მუჰამედ ი. და 16 ბოევიკი სასაზღვრო ზონაში შეიკრიბნენ. მათი გეგმა ითვალისწინებდა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე გადასვლას, დაღესტანში შეღწევას და იქ ბრძოლის გაგრძელებას.
ამ ოპერაციას შეიძლება „ბილეთი ერთი მიმართულებით“ ეწოდოს. ბოევიკებს იმედი არ ჰქონდათ, რომ უკან ცოცხლები დაბრუნდებოდნენ. ლეოპოლდ ბენი დარწმუნებულია, რომ რაზმში „თხუნელა“ იყო, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურები გააფრთხილა:
„ეს სრულიად დასაშვებია. არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა თავის მხრივ საქართველო გააფრთხილა და მოითხოვა, რომ ქართულ უშიშროების სამსახურს ბოევიკების მოძრაობა აღეკვეთა. მართლაც, [ქართველებმა] ჯგუფთან კონტაქტი დაამყარეს, მოლაპარაკების მიზნით. იმის გამო, რომ მოლაპარაკება ჩაიშალა, ქართველებმა შეტევა გადაწყვიტეს. საინტერესოა, რომ ბრძოლაში რაზმის 100 წევრიდან მხოლოდ 17 მონაწილეობდა. ღამით მომხდარი სროლების დროს მუჰამედ ი. და აჰმედ ჩატაევი დაიჭრნენ, მაგრამ გაიქცნენ და თავს მაინც უშველეს. უკან, ავსტრიაში დაბრუნებისას მუჰამედ ი.-მ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და ევროპელ „ისლამისტ ძმებს“ ემირატისთვის ბრძოლაში სოლიდარობისაკენ მოუწოდა”.
პუბლიკაციაში დიდი ადგილი ეთმობა პროკურორ ლეოპოლდ ბინის, მოსამართლე ანდრეას ბემის და ადვოკატ ვოლფგანგ ბლაშნიცის შეკითხვებს ბრალდებულისადმი. ადვოკატის არგუმენტებით, მუჰამედ ი.-ს მიმართ ტეროროზმის მუხლი არ უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან მის მოქმედებას საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრებისათვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია. ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა მუჰამედ ი.-მ მკვლელობა, ამ საკითხში, ავსტრიასთან შედარებით, საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტად არის კომპეტენტური.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა: მისი მტკიცებით, როცა იგი ჩეჩნეთის საპყრობილეში იჯდა, პრეზიდენტ რამზან კადიროვის ინფორმატორი იყო. სწორედ მისი დავალებით იმყოფებოდა ავსტრიაში 2007 და 2012 წლებში, რუსული პასპორტით. მუჰამედ ი.-ს თქმით, იგი საკმაოდ წარმატებულად მოქმედებდა, 2010 წელს მნიშვნელოვანი ოპერაცია განახორციელა. გარდა ამისა, საქართველოში ყოფნისას სწორედ მან გაუგზავნა პრეზიდენტ რამზან კადიროვს „ეს-ემ-ესი“. მუჰამედ ი.-ს განცხადებით ირკვევა, რომ იგი ორმაგი აგენტის როლსაც ასრულებდა: „მე ავსტრიის პოლიციასაც ვატყობინები ინფორმაციებს, გეგმავდა თუ არა რამზან კადიროვი აქ ვინმეს მკვლელობას“.
http://derstandard.at/2000058869210/Terrorprozess-Der-tschetschenische-Doppelagent
---------
ავსტრიის ელექტრონული მედიის მიერ 9 ივნისს გავრცელებული ცნობების თანახმად, სასამართლო პროცესზე პირველი ქართველი მოწმე დაჰკითხეს (დანარჩენები ივლისში იქნებიან მიწვეულნი). მოწმის ჩვენებით, ლოპოტას ხეობაში მომხდარი შეტაკებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მისი სახლის კარს ხუთმა ჩეჩენმა მიუკაკუნა, მათ შორის ერთ-ერთი მუჰამედ ი-ც იყო, რომელიც „აბუ ჰამზის“ სახელით გაეცნო. მათ დაჭრილი ჰყავდათ და დახმარება ითხოვეს. იგი ჯიპით წაიყვანეს დაჭრილისათვის სამედიცინო დახმარების გასაწევად.
(www.vienna.at/emirat-kaukasus-terror-prozess-gegen-tschetschenen-in-wien-fortgesetzt/5320554)

















