აზერბაიჯანის გაზეთ «Каспiй»-ს 6 ივნისის ნომერში რამდენიმე მასალაა გამოქვეყნებული აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით:
I. „საკითხი ამოწურულია: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გაუკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის განცხადებას აფგან მუხთარლის დაკავებასთან დაკავშირებით“. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა უკვე გააკეთეს განცხადება ამ საკითხზე. ჩვენ ვთვლით, რომ აფგან მუხთარლის საქმის პოლიტიზების მცდელობა არასწორია, ეს საკითხი იურიდიულ სიბრტყეზე უნდა იყოს განხილული. ის წრეები, რომლებიც აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრული ურთიერთობის დარღვევას ცდილობენ, მიზანს ვერასოდეს მიაღწევენ“.
II. „გამოცდილი მოკავშირე: „საქართველო და აზერბაიჯანი ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას არ დაუშვებენ“. კომენტარს აკეთებს ქართველი ექსპერტი კახა გოგოლაშვილი. მისი თქმით, საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არიან ძალები, რომლებთაც მომხდარი ამბით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობის გაფუჭება სურთ, მაგრამ რადგანაც ეს ორივე ქვეყნის მთავრობამ კარგად იცის, ისინი უფლებას არ მისცემენ ამ ძალებს თავიანთი მიზნები შეისრულონ. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ორ ქვეყანას შორის მტკიცე ეკონომიკური ინტეგრაცია არსებობს, აზერბაიჯანს დიდი ინვესტიციები აქვს ჩადებული საქართველოს ეკონომიკაში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ღრმავდება საქართველო -აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობაც... მოკლედ, ბაქოსა და თბილისის ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს“.
III. „შანტაჟი ვერ გაუვათ: პროსომხური ძალები ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობას ზიანს ვერ მიაყენებენ“. სტატიაში კომენტარს აკეთებს საქართველოში მოქმედი სახალხო მოძრაობა „გეირათის“ ხელმძღვანელი ასკერ ალიბალა: „პროსომხური ძალები მუდამ ეჭვით უყურებდნენ აზერბაიჯანისა და საქართველოს ძმურ დამოკიდებულებას. ისინი ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, ყოველთვის გამოიყენებენ სხვადასხვა მეთოდებს ორი მოძმე ქვეყნის ურთიერთობის გასაფუჭებლად, მაგრამ ხრიკები არ გაუვათ. პროსომხურ ძალებს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შოუს დადგმა სურთ, მაგრამ ასეთი მცდელობა ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს ორი მეზობელი ხალხის მეგობრობას, რომელსაც ღრმად აქვს გადგმული ფესვები“.
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

















