„თბილისში მოტაცებული და ბაქოს ციხეში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატები სარჩელის შეტანას ადამიანის
უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებენ. პროცესმა უკვე მიიღო სახელწოდება - „მუხთარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირი ორი სამხრეთკავკასიური სახელმწიფოსათვის საკმაოდ არასასიამოვნო განცხადებებით გამოვიდნენ“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში (ავტორი - იური როქსი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
„ბოლო ორი დღის განმავლობაში „აფგან მუხთარლის საქმესთან“ დაკავშირებით რაიმე პრინციპულად ახალი ამბავი არაფერი მომხდარა. ერთი ეგაა, რომ აზერბაიჯანის პროსამთავრობო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აფგან მუხთარლის ნეგატიურ პორტრეტს „აუმჯობესებენ“: მოსახლეობას უხსნიან, თუ როგორ აღმოჩნდა იგი მშობლიური ქვეყნის ტერიტორიაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაქოს გაზეთების მტკიცებით, აფგან მურხთარლი ჟურნალისტი არ არის. იგი, მართალია, ჟურნალისტურ წრეებში ტრიალებდა, მაგრამ უფრო მეტად ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთის ემისრის როლს ასრულებდა, აზერბაიჯან-საქართველოს „ცუდად დაცულ“ საზღვარზე გადად-გადმოდიოდა და ბაქოელ ოპოზიციონერებს ფულით და ინსტრუქციებით ამარაგებდა. ამჯერად აფგან მუხთარლი სასაზღვრო ზონაში დააკავესო.
საქართველოს ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებისა და ოპოზიციის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, ცდილობს სკანდალის ჩაქრობას, მაგრამ ამას საკმაოდ არათანმიმდევრულად აკეთებს და წინააღმდეგობრივ განცხადებებ აჟღერებს. ოფიციალური თბილისი ხან ამბობს, რომ არ გამორიცხავს საკადრო ცვლილებებს ძალოვან უწყებებში, ხან აცხადებს, რომ აფგან მუხთარლის გატაცებაში არავინ დამნაშავე არ არისო. მთავრობის ასეთი მოქმედება ახალ უხერხულ კითხვებს ბადებს, რომელთა პასუხად გაისმის, რომ დაელოდეთ გამოძიების შედეგებსო. რასაკვირველია, ქართულმა ოპოზიციამ ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს: „მთავრობა დაბნეულია“, „უხესად დაირღვა ადამიანის უფლებები“, „ზიანი მიადგა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს“ და ა.შ.
ფაქტიურად უშედეგო აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის „კეთილი ჟესტი“, რომელიც კაზუსად გადაიქცა: პრემიერმა პრეზიდენტს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ცოლ-შვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სთხოვა, აფგან მუხთარლის ცოლმა ლეილა მუსტაფაევამ კი უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე: „ადრე ბინადრობის უფლებას გთხოვდით და უარი მითხარით, ახლა ქართული პასპორტი მე თვითონ აღარ მინდაო“.
დასავლეთი ჯერ მდუმარედ ადევნებდა თვალს მოვლენებს, შემდეგ კი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებისათვის არასასიამოვნოდ „დაიქუხა“: საქართველომ წესიერად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიოს მომხდარი ფაქტი, აზერბაიჯანმა კი დაჭერილი დისიდენტები გაათავისუფლოსო.
მაგრამ, როგორც ჩანს, მსგავსი „დაქუხებები“ ბაქოს ნაკლებად აღელვებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ჰიქმეთ გაჯიევმა დასავლეთს მოუწოდა, რომ სიტუაციის დრამატიზირებას ნუ მოახდენთო: „ის წრეები, რომლებიც სიტუაციის პოლიტიზებას ახდენენ, წარუმატებლად ცდილობენ ზიანი მიაყენონ აზერბაიჯან-საქართველოს კავშირებს. ისინი ვერასდროს ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზნებს“.
როგორც ქართველი და აზერბაიჯანელი, ასევე დასავლელი იურისტები, ექსპერტები და უფლებადამცველები თვლიან, რომ აფგან მუხთარლისა და გეზელ ბაირმალის მდგომარეობა, (იგი საქართველოს საზღვარზე დააკავეს „ვალუტის დიდი რაოდენობის უკანონოდ გადატანის მცდელობის“ გამო), საგანგაშოა და არაა გამორიცხული, მათ ციხეში რაიმე მოუვიდეთ, რადგან ისინი დაუცველები არიან.
ამასობაში ქართველმა სამართალდამცავმა ორგანოებმა კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რომელიც „აფგან მუხთარლის საქმეს“ უკავშირდება: ვიდადი ისკანდერლიმ, რომელიც ასევე თბილისში ემალება ბაქოს ხელისუფლების რეპრესიებს, განაცხადა, რომ მას სახლთან ორი საეჭვო პიროვნება ელოდა. ისინი აზერბაიჯანელ აქტივისტს მშობლიურ ენაზე დაემუქრნენ. ვიდადი ისკანდერლიმ სახლში მიბრუნება მოასწრო და პოლიცია გამოიძახა.
http://www.ng.ru/cis/2017-06-06/6_7003_baku.html

















