"აზერბაიჯანი ყველაზე სტაბილური და უსაფრთხო სახელმწიფოა არამარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთელ
მსოფლიოში: ჩვენ, სომხეთის გარდა, რეგიონის ყველა ქვეყანასთან კეთილმეზობლურ პოლიტიკას ვატარებთ, რომელიც ურთიერთინტერესს, თანამშრომლობას და პარტნიორობას ეფუძნება"- ასე იწყება აზერბაიჯანული გამოცემა «Каспiй»-ს მიერ გოგშარ ალიევის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირეოდენი შემოკლებით:
სამწუხაროდ, ასეთი პოლიტიკის გატარებით ძალიან შეშფოთებულნი არიან უცხოური ანტიაზერბაიჯანული წრეები, კერძოდ, სომხეთი და სომხური ლობი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობენ შუღლის ჩამოგდებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, დაარღვიონ ჩვენს შორის არსებული კეთილი დამოკიდებულება და მოძმე ხალხები ერთმანეთს აუმხედრონ. შემთხვევითი არაა, რომ აღნიშნული ძალები ასევე ცდილობენ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ბინძური ინსინუაციების რეალიზების პლაცდარმად გადააქციონ.
ამ დღეებში საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებისა და სამართალდამცველი ორგანოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გამომჟღავნებული იქნა ანტიაზერბაიჯანული ქსელი და მისი მფარველი წრეები, განხორციელებული იქნა კონკრეტული ღონისძიებები მათი საქმიანობის შესაჩერებლად. კერძოდ, აღკვეთილი იქნა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის უკანონო საქმიანობა, ხოლო მისი მიცემით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში აზერბაიჯანის საწინააღმდეგო მთელი ქსელისა და მისი მონაწილეეების ჭეშმარიტი სახე გამჟღავნდა.
დღეს სომხური და ის უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ორგანიზაციები, რომლებიც სომხური ლობის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, აფგან მუხთარლის დაცვასა და ამით აზერბაიჯანის ავტორიტეტის შელახვას ცდილობენ, ისინი ძალას არ იშურებენ საქართველოს მთავრობაზე გავლენის მოხდენის მიზნითაც. კერძოდ, სომხურ მასმედიაში ისეა ყველაფერი წარმოდგენილი, თითქოსდა ანტიაზერბაიჯანული ქსელის მტრული საქმიანობის გამჟღავნება - ეს აზერბაიჯანის პროვოკაციაა და ამით „მეზობელ საქართველოს ზიანი მიადგება“. აი, სწორედ ასე ცდილობს სომხური ლობი ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების დარღვევას.
გაზეთ „კასპიის“ რედაქციას ამ საკითხზე აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის დეპუტატებმა თავისი მოსაზრებები გაუზიარეს.
ელმან ნასიროვი:
„აფგან მუხთარლის უკანონო საქმიანობის აღკვეთით და პასუხისგებაში მიცემით ანტიაზერბაიჯანული ძალების ჭეშმარიტი სახე გამოვლინდა. სომხურმა დიასპორამ, პროსომხურმა და ანტიაზერბაიჯანულმა ძალებმა აფგან მუხთარლის დაკავების ირგვლივ შოუ მოაწყეს. ისისნი აცხადებენ, რომ აფგან მუხთარლი თითქოსდა ჟურნალისტური, პროფესიული საქმიანობისთვის დააკავესო, მაგრამ ეს უსაფუძვლო, მცდარი თვალსაზრისია. აფგან მუხთარლი როგორც ჟურნალისტი არ მუშაობდა. იგი იყო სხვა ჟურნალისტის - ჰაჯიჯა ისმაილოვას პირადი მცველი, რომელიც აზერბაიჯანში ჩადენილი სისხლის სამართლის დანასაულისათვის პასუხისგებაში იყო მიცემული. ჰაჯიჯა ისმაილოვას დაპატიმრების შემდეგ აფგან მუხთარლი საქართველოში გაიქცა და იქ არსებულ ანტიაზერბაიჯანულ ძალებს მიემხრო, აკეთებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებს. ახლა ამ ძალებს სურთ, რომ აფგან მუხთარლის საქმიანობას „კანონიერი“ შეფერილობა მისცენ და ის „სიმართლის, თავისუფლების“ მებრძოლად წარმოადგინონ. საქართველოში მოქმედი სომხური დიასპორა და ანტიაზერბაიჯანული ელემენტები, ემყარებიან რა ამ პიროვნების დაპატიმრებას, ცდილობენ ზიანი მიაყენონ ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობას, მაგრამ მათი მცდელობა ფიასკოს განიცდის - ეს იმიტომ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული დამოკიდებულებაა.
ამ ძალებს არაერთხელ მიუმართავთ მსგავსი მეთოდებისათვის, არაერთხელ გადაუდგამთ ნაბიჯები ბაქოსა და თბილისის ძმური ურთიერთობის გაუარესების მიზნით. თავიანთი ბინძური გეგმების განსახორციელებლად ისინი სხვადასხვა ფორმებითა და ხერხებით სარგებლობდნენ, იყენებდნენ აფგან მუხთარლის მსგავს ადამიანებს გამყიდველი და მოღალატე წრეებიდან. სწორედ ასეთი ადამიანები ცდილობენ მუდამ ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის რღვევას. ეს მცდელობები დღესაც გრძელდება. დაე, მათ იცოდნენ, რომ არავის და არასოდეს არ შეუძლია ზიანის მიყენება ჩვენი ურთიერთობებისთვის“.
სავალან მირზოევი:
„განსაზღვრული მტრული ძალების მცდელობები აზერბაიჯან-საქართველოს კავშირების დაზარალების მიზნით, აფგან მუხთარლის დაკავების საფუძველზე, აბსოლუტურად უშედეგო იქნება. ისინი არ ცხრებიან, ადრეც გაუკეთებიათ ამგვარი სიბინძურე, ადრეც ცდილობდნენ ბაქო-თბილისის მტკიცე კავშირების ჩაშლას, მაგრამ მათი ფაფხური წარუმატებელია. ჯერ ერთი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ აფგან მუხთარლი ქართულმა მხარემ დააკავა და ჩვენ გადმოგვცა. როგორც აზერბაიჯანის პროკურატურამ განაცხადა, იგი დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო. მეორე - რაც შეეხება ანტიაზერბაიჯანული ძალების იმედებს, რომ ამით თითქოსდა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები დაირღვევაო, ეს გამორიცხულია. ამ მიზნით მიმართული ყველა მცდელობა ადრეც ჩაშლილა და მომავალშიც ჩაიშლება. იმიტომ, რომ ჩვენი ხალხების მეგობრობას დიდი ისტორიული წარსული აქვს და მას ვერანაირი ძალა ვერ გააუარესებს“.
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

















