"საქართველოში ჟურნალისტ ფარმან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით აჟიოტაჟია ატეხილი, რომელშიც ერთი მუჭა უფლებადამცველები,
„ენჯეო“-შნიკები და სხვა აქტივისტები მონაწილეობენ. თუ მათ მოქმედებას დავაკვირდებით, უნებლიედ დასკვნას გააკეთებთ: ჩვენს წინააღმდეგ არამეგობრულად განწყობილი ძალები გაბოროტებულნი არიან, სურთ ბუზი სპილოდ გადააქციონ და საქმე გაბერონ. მოკლედ, ყოველგვარ ფარგლებს გადააჭარბეს"-ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა «Каспiй»-ს მიერ პოლიტოლოგ ტოფიკ აბასოვის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას:
ჟურნალისტ ფარმან მუხთაროვის საქმე იმ მიკროსერიალს ჰგავს, საიდანაც გარკვეული წრეები მაკროეფექტის მიღებას ცდილობენ, რასაკვირველია, თავიანთ სასარგებლოდ. მომხდარი ფაქტის დეტალები ბევრად მოგვაგონებს რუს-ებრაელ-უკრაინელ-ბელორუს ბლოგერ ალექსანდრ ლაფშინს, რომელიც „დანის პირზე“ დადიოდა და გაუგებარია, რისი იმედით. საბოლოოდ მან ყველანაირ საზღვარს გადააბიჯა და იმ ორმოში ჩავარდა, რომელსაც აზერბაიჯანის იმიჯის გასაფუჭებლად თხრიდა. ალბათ, იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, რომელიც ალექსანდრ ლაფშინმა ბაქოს იზოლატორში გაატარა, მას ჭკუა ასწავლეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ უიღბლო პიროვნების თავსდატეხილი ამბავი სხვა მის თანამოაზრეებს გაკვეთილად არ გამოადგათ: ისინიც ასევე საფლობში აღმოჩნდნენ ჩაძირულნი საკუთარი ავანტიურიზმისა და უწმინდური ქცევის გამო. რას ვიზამთ, ასეთი ტიპებისათვის საზღაური ყოველთვის მაღალია.
დღეს ასეთი ადამიანების რიგში დგას აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ფარმან მუხთარლი თავისი საეჭვო „საქმენი საგმირონით“, რომელიც „ჰაერს არყევს“ და ცდილობს საკუთარზე თავზე ყურადღების მიპყრობას, პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებასთან ერთად. პრინციპში მან, როცა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, კარგად იცოდა რაზეც მიდიოდა. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა ყველგან, ყველა ქვეყანაში ერთნაირად მკაცრად ისჯება. რადგანაც იგი შეგნებულად წავიდა რისკზე, გამოდის, რომ ფარმან მუხთარლს სხვა ცოდვებიც აქვს ჩადენილი, არანაკლებ სერიოზული. მისი ისტორიიდან ჩანს, რომ ჟურნალისტი კანონებს არღვევდა და ამიტომაც ამჯობინებდა ჩუმად გადაადგილებას, საზღვარზე გადასვლის ჩათვლით, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებს მიჯნავს. მაგრამ ის მოწოდება-მოთხოვნები, რომლებიც [საქართველოში] გაისმის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერებისაგან, არაორაზროვნად მიუთითებს იმაზე, რომ საქმეში პოლიტიკური ელემენტი არსებობს. შემთხვევითი არაა, რომ მათში აშკარად შეინიშნება ისეთი ტრადიციული ხელწერა, რომელიც ანტიაზერბაიჯანულ საერთაშორისო ძალებისთვისაა დამახასიათებელი. ამ ბანაკში პირველი რიგი და პირველი ადგილები ყოველთვის სომხურ წრეებს აქვთ დაკავებული, რომლებიც მუდმივად ცდილობენ აზერბაიჯანი თანამეგობრობიდან გარიყონ, შუღლი ჩამოაგდონ მის ურთიერთობაში მეზობლებთან და მსოფლიოს გავლენიან სუბიექტებთან.
სომხურმა სპეცსამსახურებმა, მათი მეშვეობით შექმნილმა ტერორისტულმა ქსელმა და ე.წ. უფლებადამცველებმა დიდი ხანია საქართველო ანტიაზერბაიჯანულ პლაცდარმად გადააქციეს. მათ, თავიანთი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიზნით, ტყუილად არ „შეყვარებიათ“ ის ქვეყანა, რომელსაც აზერბაიჯანთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს. გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანი უშუალოდ ესაზღვრება საქართველოს, ამ ქვეყნის სპეციფიკური და განსაკუთრებული პირობებიდან გამომდინარე, ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რომ სახიფათო ძალები მოსახლეობის მასას შეერიონ. მეორე მხრივ, საქართველოს იმ რეგიონებში, რომლებიც აზერბაიჯანს ესაზღვრებიან, სომხური სპეცსამსახურები ფუთფუთობენ, მათ იქ კონსპირაციული ადგილები აქვთ, ამუშავებენ და ინსტრუქციებს აძლევენ ფერშეცვლილ აგენტებს - ადგილობრივ ნატურალიზებულ სომხებს და რა დასამალია, აზერბაიჯანელ გარეწარ-მარგინალებს. აი, ასე იყენებს ერევანი თავის „ძმურ ურთიერთობას” თბილისთან, რათა ძირი გამოუთხაროს ქართულ-აზერბაიჯანულ ნორმალურ ურთიერთობას, რომელიც სომხურ ყელში ძვალივით არის გაჩხერილი. მაგრამ რადგანაც ბაქოს და თბილისს ერთმანეთთან სტაბილური დამოკიდებულება აქვთ, მათ შორის ღრმავდება ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა და მუდმივად მტკიცდება ერთმანეთისადმი ნდობა, ქართველები და აზერბაიჯანელები ახერხებენ ერთად გაანეიტრალონ ის რისკები, რომელბიც სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობის ძირის გამოთხრისკენაა მიმართული.
ჟურნალისტ ფარმან მუხთარლის საქმეს ანგაჟირების სუნი ასდის. რადგანაც გამოძიება არ დასრულებულა, ჯერ-ჯერობით რაიმე დასკვნების გაკეთება ნაადრევია, თუმცა მაინც ვიტყვით, რომ ცალკეული დეტალები სომხურ კვალზე მიგვანიშნებს. მის მიერ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა მხოლოდ საშუალებაა და არა მიზანი. შემთხვევითი არაა, რომ სომხური მასმედია და ის უცხოური საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც სომხური ლობის სამსახურში დგას, ფარმან მუხთარლის დასაცავად ერთ რიგში ჩადგნენ. მათი მიზანია ბაქოზე მასირებული ზეწოლის მოხდენა და ჟურნალისტის გადაქცევა „სინდისის პატიმრად“, ანუ თავისუფლებისა და უფლებებისათვის ბრძოლის მსხვერპლად, მაგრამ ამგვარი მცდელობა საღ ლოგიკას ვერ უძლებს.
დღეს საქართველოში პროსომხურ ძალებს გააფთრებული ყმუილი აქვთ გაჩაღებული - აი, შეხედეთ, როგორ უფუჭებს აზერბაიჯანი საქართველოს დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და როგორ მოქმედებს ბაქო თბილისის ინტერესების წინააღმდეგო. ასეთ აბდაუბდას ავრცელებენ ის ძალები, რომლებიც ანტიაზერბაიჯანულები არიან ყველანირ ფორმასა და გამოვლენაში. ისინი ვერ ხვდებიან, რომ საქართველო და აზერბაიჯანი - რეგიონის ორი წამყვანი სახელმწიფო - მხოლოდ უბრალო მეზობლები კი არ არიან, არამედ განუყრელი პარტნიორებიც, მოკავშირეებიც და თანამოაზრეებიც, რომლებიც ერთად წყვეტენ ენერგეტიკულ, სატრანსპორტო-კომუნიკაციურ საკითხებს, ამუშავებენ პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ააქტიურებს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკურ და სოციოკულტურულ ლანდშაფტს.
ამიტომაც იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში, ინსინუაციებისა და სიცრუის მეშვეობით, არევ-დარევის შეტანას ცდილობენ, წინ აუცილებლად ფიასკო ელოდებათ. შეუძლებელია გულწრფელი ურთიერთობებისა და საერთო სიკეთისაკენ სწრაფვის დამარცხება.
აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლება, ორი ქვეყნის ხალხი მუდამ იქნებიან კეთილმეზობლური პოლიტიკის გამტარებელნი, მეგობრული ურთიერთობის ერთგულნი. ეს უნდა ახსოვდეთ ჩვენს არაკეთილმუსრველებსა და განხეთქილების მოსურნეებს. იქნებ ჩვენმა ასეთმა კეთილმა ურთიერთდამოკიდებულებამ გზა აჩვენოს და კარგი მაგალითი მისცეს მათ, ვინც ვერ გამოსულა სიბნელის ტყვეობიდან და საუკუნო სიძულვილიდან.
http://www.kaspiy.az/news.php?id=61754#.WTG2UYq1vs0

















