ლატვიური გაზეთის Neatkarīgā-ს კორესპონდენტი იურის პაიდერსი ესაუბრება აშშ-ის ყოფილ ელჩს საბჭოთა კავშირში (1987-91 წლებში), ცნობილ დიპლომატს
ჯეკ მეტლოკს, რომელიც რიგაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის „ბალტიის ფორუმის“ სტუმარი იყო.
ინტერვიუში ჯეკ მეტლოკი [„ლეგენდარული დიპლომატი“] იხსენებს ბალტიისპირეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლად გამოცხადების პერიოდს, აშშ-ის იმდროინდელ პოზიციას, შემდეგ ეხება ვაშინგტონის თანამედროვე ურთიერთობას რიგა-ვილნიუს-ტალინთან, მოსკოვთან და ა.შ. იგი მტკიცედაა დარწმუნებული, რომ ომი აშშ-რუსეთს შორის არ მოხდება. ჯეკ მეტლოკი საუბრობს აგრეთვე თეთრი სახლის მიერ დაშვებულ შეცდომებზე სსრ კავშირის დაშლის დროს, ახალი სახელმწიფოების შექმნის პერიოდში...
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- თქვენ რომ დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი იყოთ, რას ურჩევდით მას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხში? უკრაინასთან მიმართებით?
- პირველი - ჩემი აზრით (და მე ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ), უკრაინის ამბები (ყირიმის ჩათვლით) საერთოდ არ მოხდებოდა, რუსეთის პრეზიდენტისათვის გარანტიები რომ მიეცათ იმაში, რომ უკრაინას ნატოში არ მიიღებდნენ.
მეორე - დონბასისა და ყირიმის პრობლემა ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ, როგორც სხვადასხვა საკითხები. რატომ? ახლავე გეტყვით: ყველა სასაზღვრო-ტერიტორიული პრობლემა ყოფილი იუგოსლავიისა და საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დაკავშირებული იყო ერთ მთავარ პრობლემასთან: ახლადშექმნილ სახელმწიფოებს არ გააჩნდათ მტკიცედ ჩამოყალიბებული მიდგომები მათივე ქვეყნებში მცხოვრებ ეთნიკურ თუ ეროვნულ უმცირესობებთან. საბჭოთა კავშირში და იუგოსლავიაში არსებობდნენ ავტონომიები. სერბეთში, მაგალითად, კოსოვო. საქართველოში ორი ავტონომია - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ყველაზე პირველი, რაც ახალმა დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა განახორციელეს, ეს ავტონომიების გაუქმება იყო. ეს ნაბიჯი საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდეც კი გადადგა. სერბეთისა და კოსოვოს შემთხვევაში ჩვენ (ვაშინგტონმა) ერთი პოზიცია დავიკავეთ - მხარი დავუჭირეთ კოსოვოელ ალბანელებს, საქართველოს შემთხვევაში კი სრულიად სხვა გადაწყვეტილება მივიღეთ - მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებას გამოვუცხადეთ. სამწუხაროდ, არც საერთაშორისო სამართლისა და არც საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგში არ დაგვიყენებია ახალი სახელმწიფოების პასუხისმგებლობის საკითხი ყოფილი ავტონომიების წინაშე. უნდა ეცათ თუ არა მათ პატივი საკუთარი ავტონომიებისათვის? თუ ძალის გამოყენებით უნდა მოეხდინათ მათი ლიკვიდაცია? ამ საკითხში ჩვენ თანმიმდევრული პოზიცია არ გვქონდა.
მესამე - აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ გეოპოლიტიკურად ყირიმს რუსეთისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - იქ შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მთავარი ბაზაა დისლოცირებული. თუ გადავხედავთ უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებას, დავინახავთ, რომ უკრაინა ყირიმის გარეშე უფრო პოლიტიკურად სტაბილურია. უკრაინის მთავრობა ყირიმის ყოველგვარი [პოლიტიკური] ავტონომიის წინააღმდეგ გამოდიოდა. ისეთი ლიდერი, როგორიც ვიქტორ იანუკოვიჩი იყო, ვერასოდეს ვერ იქნებოდა არჩეული უკრაინის პრეზიდენტად, მისთვის ხმები ყირიმს რომ არ მიეცა. უკრაინაში იყო ოლქები, სადაც ერთი ლიდერი 90%-ით იღებდა ხმებს, ხოლო მეორე ლიდერი სხვა ოლქებში - ასევე 90%-ით, ვთქვათ, დონბასში. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ უკრაინაში არ იყო ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ქვეყანას გააერთიანებდა. რაც შეეხება დონბასს, რუსეთმა აშკარა შეცდომები დაუშვა და მომხდარი მის ინტერესებში არ შედიოდა...
http://nra.lv/politika/211381-legendarais-asv-vestnieks-dzeks-metloks-kars-starp-krieviju-un-asv-ir-neiespejams.htm

















