თბილისში, 29 მაისს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობის დასრულების წინ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის
მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღეს.
19-პუნქტიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც “ალიანსის ღირებულებებს იზიარებს.” აქვე ხაზგასმულია, რომ ნატოს წევრობის გადაწყვეტილებას იღებენ ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყანა და ამ პროცესზე “გავლენა არ აქვს მესამე ქვეყანას.”
ასამბლეის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას თან ახლავს გზა სტაბილურობისკენ. ამის მაგალითად დოკუმენტში ევროატლანტიკური და გაალობალური უსაფრთხოებაა მოყვანილი“. დეკლარაცია მადლობას უხდის საქართველოს მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც ქვეყანას „ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვს, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით“. დოკუმენტში ნახსენებია ბუქარესტის სამიტზე მიღებული დეკლარაცია და გამეორებულია განცხადება, რომ „საქართველო ნატოს წევრი გახდება“.
დეკლარაცია საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებს გააგრძელოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, როგორიცაა სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი და ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის წინ წაწევა, მედია მრავალფეროვნების შენარჩუნება და ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგით დაძაბულობის შემცირებისა. დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მოუწოდებს გაიყვანოს სამხედრო ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
დეკლარაციის დასკვნითი, 19-ე პუნქტის მიხედვით, ალიანსი აგრძელებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერას.

















