„მთელი დღე ვდგავარ და თევზს ვიჭერ, სანამ ვედრო არ გაივსება. აბა, რა გავაკეთო, სხვა საქმე არ მაქვს“, - ამბობს პატარა მეთევზე ანდრეი. იგი 12 წლისაა და იმ ქვეყანაში იზრდება,
რომელიც ოფიციალურად არ არსებობს და სადაც დრო, ფაქტიურად, „გაყინულია“. წლები გადის. შესაბამისად, მატულობს იმის ალბათობა, რომ ანდრეი საბოლოოდ რუსი გახდება. იქვე ახლოს, ბიჭვინთის პლაჟზე სამხედროფორმიანი ანდრეის მამა დგას. „აქ მხოლოდ წვრილ თევზს თუ დაიჭერ... თურქული შხუნები ზღვაში არაფერს ტოვებენ... ვისაც როგორც უნდა, ისე აკეთებს. ჩვენზე არავინ ზრუნავს“, - ამბობს იგი. აფხაზეთი თვითგამოცხადებული ჯუჯა-სახელმწიფოა, რომელშიც დაახლოებით 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ფორმალურად ეს ქვეყანა საქართველოსთან ჯერ კიდევ საომარ მდგომარეობაშია, თუმცა ევროპის ამ რეგიონში მომხდარი ერთ-ერთ სისხლისმღვრელი ომიდან უკვე 25 წელი გავიდა. აფხაზეთის კონფლიქტი ევროპის ერთ-ერთი მივიწყებული, „გაყინული“ კონფლიქტია, სადაც ვლადიმირ პუტინი ნელა, მაგრამ სერიოზულად უჭერს ხუნდებს“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - პერ იუჰანსენი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ვრცელი სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:
რუსეთის იმპერატორის ოჯახს, შემდეგ კი „კაგებე“-სა და საბჭოთა ლიდერებს, იოსებ სტალინიდან დაწყებული და ლეონიდ ბრეჟნევით დამთავრებული, ყველას ერთი აზრი ჰქონდა: აფხაზეთი ევროპის ერთ-ერთი უმშვენიერესი საკურორტო და დასასვენებელი რეგიონი უნდა გამხდარიყო. სამეფო დინასტიის დიდი მთავრებიც და კომუნისტი ლიდერებიც სუბტროპიკებში დასვენებას ამჯობინებდნენ - შავი ზღვის თეთრ პლაჟებზე.
„ფრთხილად იყავით, აფხაზეთი უკანონობა სუფევს“, - გამაფრთხილა რუსმა მესაზღვრემ აფხაზეთში შესვლისას. მართლაც შესამჩნევია, რომ ამბოხებულ რესპუბლიკაში დრო თითქოსდა გაჩერებულია: „აქ ომის შემდეგ თითქმის არაფერი არ გაკეთებულა“, ამბობს ოლია, რომელიც საბჭოური ოცნების ქალაქ გაგრაში თავის გოგონას - მარიას ასეირნებს.
1993 წელს მომხდარმა ომმა აფხაზეთს ის შედეგი მოუტანა, რომ მოსახლეობის ნახევარი, ძირითადად ქართველები, ქვეყნიდან იქნენ გაძევებული. ომის დროს ორივე მხარე უკან არ იხევდა მასობრივი მკვლელობებისა და დარბევა-ყაჩაღობის ჩადენაზე. ირგვლივ ეკალ-ბარდიანი და გავერანებული, ნახევრად დანგრეული და მიტოვებული ქართველების სახლები ჩანს.
იმ დროს, როცა მსოფლიოს ლიდერები უკრაინით, ჩრდილოეთ კორეით, სირიითა და დონალდ ტრამპით არიან დაკავებულები, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთს ეწვია - პირველად ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. ეს ფაქტი აპრილში მოხდა. ვიზიტის ოფიციალური მიზანი სოხუმის ყველაზე დიდი ახალმშენებლობის - რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნა იყო, თუმცა მხარეები იმავდროულად აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად გაიოლებული პროცედურის შესახებაც შეთანხმდნენ.
„სერგეი ლავროვი ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების რეჟიმებს აჩვენოს, რომ რუსეთი მათ არ მიატოვებს და საერთაშორისო არენაზე მხარს დაუჭერს, თუმცა ეს ყველაფერი ილუზიაა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რადიო „თავისუფალი ევროპა//თავისუფლების“ ეთერში.
ამასთან, როგორც ბოლო თვეებში მომხდარი მოვლენები მოწმობს, რუსეთი ნელა, მაგრამ მაინც აშკარად იმარჯვებს ევროპის რამდენიმე გაყინულ კონფლიქტთან მიმართებით: სერგეი ლავროვმა აპრილში აფხაზეთს 9 მილიარდი რუბლი ჩაუტანა; მანამდე კი, მარტის თვეში, კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის - სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალები“ ოფიციალურად შევიდნენ რუსეთის ფედერაციის არმიის შემადგენლობაში; მაისში ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპთან და ანგელა მერკელტან გამართული საუბრის შუალედში, სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტს“ შეხვდა, „ფართო ინტეგრაციასთან“ დაკავშირებული საკითხების განსახილველად; მოლდოვაში უკიდურესად პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტი იქნა არჩეული; სომხეთში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო ხელისუფლება მოსკოვზე დამოკიდებული გახდა, ამჟამად მიმდინარეობს რუსეთის სამხედრო ბაზის გაფართოება, გაფორმდა შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ...
თუმცა არის საპირისპირო მოვლენებიც: ამას წინათ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ ქართველთა 63% რუსეთს მთავარ საფრთხედ მიიჩნევს, მოლდოვას პრეზიდენტმა იგორ დოდონმა კი საკუთარ ტყავზე გამოსცადა უფროს-უმცროსობის პრინციპი, როცა კრემლში მიღებისას ვლადიმირ პუტინმა ოთხ საათს ალოდინა. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ კრემლი არ ჩქარობს: რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება კონფლიქტები, მით უფრო კარგია რუსეთისათვის -მოსკოვი ხუნდებს უფრო კარგად მოუჭერს. ახლახან გამოქვეყნებული ეუთოს მოხსენება გვაფრთხილებს, რომ ევროპაში გაყინულმა კონფლიქტებმა შეიძლება ახალი ძალით იფეთქონ. როგორც „აფტონპოსტენს“ გერმანელმა დოქტორმა ჰანს-იოაჰიმ შმიდტმა განუცხადა, იგი ვერ ხედავს ვერავითარ გადაწყვეტილებას ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად: „რუსეთი აძლიერებს თავის გავლენას, თანაც მნიშვნელოვნად. მაგრამ თუ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გვსურს, ეს კონფლიქტები უნდა მოვაგვაროთ“. დოქტორ შმიდტის თქმით, საერთაშორისო იზოლაციამ სეპარატისტები იძულებული გახადა მხოლოდ რუსეთს მიკედლებოდნენ. „ისინი ჩვენ სრულ იზოლაციაში არ უნდა მოგვექცია“, - აცხადებს გერმანელი დოქტორი.
ეუთოს ექსპერტები მიუთითებენ კონფლიქტების რამდენიმე მიზეზზე, რომლებიც ევროპამ 25 წლის მანძილზე ვერ მოაგვარა: ყველა კონფლიქტი სსრ კავშირის დაშლის შედეგადაა გამოწვეული; კონფლიქტები ნაციონალისტებმა გააჩაღეს, მაგრამ მისი მოგვარების „გასაღები“ მოსკოვს აქვს; კონფლიქტის ყველა მხარე ფიქრობს, რომ მათ საბოლოო გამარჯვება შეუძლიათ, თანაც ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, თუმცა იმავდროულად დარწმუნებულნი არიან, რომ ეს უახლოეს ხანში ვერ მოხერხდება; თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს ჯგუფები მართავენ, რომლებიც საკუთარ ჯიბეს ისქელებენ კონფლიქტის ხარჯზე, იფროვებენ როგორც პოლიტიკურ, ასევე ფინანსურ კაპიტალს; კონფლიქტები ისტორიულად ერთმანეთისაგან განსხვავდებიან და ამიტომ სხვადასხვანაირი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.
„გაყინული“ კონფლიქტები ნორვეგიასთან უფრო ახლოა, ვიდრე ეს ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს მიაჩნია. საქართველოში ნორვეგია ნატოს პრესტიჟული პროექტის - JTEC-ის რეალიზებას ხელმძღვანელობს, რომელიც, ნორვეგიელი სამხედროების შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობების ნისტორიაში“. ნორვეგიელი ოფიცრები, რუსეთის ფედერაციის პროტესტის მიუხედავად, თბილისის ახლოს ქართველ ჯარისკაცებს წრთვნიან. ამას წინათ საქართველოში პირველად იმყოფებოდა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ინე-ერიქსონ სერეიდე, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ნორვეგიის პრესაში ეს მოვლენა მინიმალურად გაშუქდა.
რუსეთის პოლიტიკას თუ დავუკვირდებით, შევამჩნევთ, რომ მოსკოვს ეშინია, ვაითუ თავისი ოცნება ბოლომდე ვერ განახორციელოს. შარშან, წლის ბოლოს, აფხაზეთში მძლავრი საპროტესტო აქციები ჩატარდა იქ გამეფებული მრავალწლიანი კორუფციისა და ცხოვრების უკიდურესად დაბალი დონის გამო. ეკონომიკური კრიზისის გამო ვლადიმირ პუტინს სულ უფრო მეტად უჭირს აფხაზეთისთვის მილიარდების გამოყოფა, მაშინ როცა საქართველოში აშშ, ევროკავშირი და ნატოს ქვეყნები, მათ შორის ნორვეგიაც უფრო მეტ ინვესტიციებს აბანდებენ.
სიტუაცია საქართველოში ძალიან პოზიტიური მიმართულებით ვითარდება, რაც მკვეთრად კონტრასტულია სეპარატისტულ რესპუბლიკებში შექმნილ ვითარებასთან. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბოლო ოთხ წელიწადში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 500 ათასმა მოქალაქემ გაიუმჯობესა. თბილისმა აფხაზებს და ოსებს ქართული პასპორტების აღება შესთავაზა, ევროპაში უვიზოდ გადაადგილების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ხუდებს უჭერს, აქაური ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება ვლადიმირ პუტინისათვის ცუდი რეკლამაა. აფხაზები, ოსები, სომხები (მთიან ყარაბაღში) და დნესტრისპირეთის მოსახლეობა ძალიან დიდ ხარკს იხდიან ადგილობრივი რეჟიმების კორუმპირებულობის გამო. ისინი თიტქმის მაფიოზები არიან. აფხაზეთში „აფტონპოსტენის“ კორესპონდენტს გაგრიდან სოხუმამდე (100 კმ.) მგზავრობისას პოლიციის ექვსი პოსტის „გადალახვა“ მოუწია.
სოხუმის ნახევრად უდაბურ და მინგრეულ ნავსადგურის ერთ-ერთ შენობაში კი რუსებმა დიდი მონიტორი დადგეს, რომლის მეშვეობით მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია-24’“ს უყურებენ და პროპაგანდისტულ ინფორმაციას იღებენ. „აფხაზეთი ლამაზია, მაგრამ სამაგიეროდ ცხოვრებაა მძიმე“, - ამბობს ოლია, - არავინ არ იცის, ხვალ რა ელოდება. ასეთი ცხოვრების გაგრძელება აღარ შეგვიძლია“.
------
კონფლიქტი აფხაზეთში (1992-1993 წლები):
სარჩული: საბჭოთა პერიოდში აფხაზეთი ძალზე მულტიკულტურული რეგიონი იყო. მეფის რუსეთის დროს აქედან მუსულმანი აფხაზები ზალით გაასახლეს, ხოლო იოსებ სტალინის მმართველობის დროს ქართველები აქ ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფად იქცნენ (მოსახლეობის დაახლოებით 48%). აფხაზები, რუსები და სომხები - ყველა ერთად მხოლოდ 52%-ს შეადგენდნენ. მათ საქართველოს ნაწილად ყოფნა არ სურდათ.
რა მოხდა: როცა ქართული შეიარაღებული ზალები აფხაზეთში შევიდნენ სეპარატიზმის ძალის მეშვეობით ჩასახშობად, დაიწყო სისხლისმღვრელი ომი. აფხაზებს რუსი „მოხალისეები“ ეხმარებოდნენ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ შეიარაღებული ჩეჩნები.
შედეგები: საერთაშორისო წიტელი ჯვრის მონაცემებით, ომში თითქმის 15 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ომის შედეგად აფხაზეთიდან 200 ათასზე მეტი ქართველი იქნა გაძევებული.
დღევანდელი მდგომარეობა: აფხაზეთის რესპუბლიკა აღიარებულია მხოლოდ რუსეთის, ნიკარაგუის, ვენესუელისა და ნაურის მიერ. აფხაზეთი პრატქიკულად ყველფერში რუსეთზეა დამოკიდებული, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ რუსეთისაგან უფრო მეტი დამოუკიდებელი სტატუსით სარგებლობს, ვიდრე სამხრეთ ოსეთი.
--------
კონფლიქტი სამხრეთ ოსეთში (1991-1992 წლები)
სარჩული: ომი იმით დაიწყო, როცა ცხინვალელმა ოსებმა, საბჭოთა კავშირის დაშლის ჟამს, რუსეთის მხარდაჭერით, აღარ ისურვეს საქართველოს ნაწილად დარჩენილიყვნენ.
რა მოხდა: კონფლიქტი გამწვავდა საქართველოში შექმნილი მპოლიტიკური ქაოსის კვალობაზე, აგრეთვე რუსეთის ცარევით. თითქმის ორი ათასი ადამიანი იქნა მოკლული. 2008 წელს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტმა რუსეთ-საქართველოს ომი გამოიწვია.
შედეგები: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენს, სადაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას.
დღევანდელი მდგომარეობა: პრაქტიკულად რეგიონი რუსეთის კონტროლქვეშ იმყოფება, ხელისუფლებას რუსეთის შემადგენლობაში შესვლას აპირებს.
http://www.aftenposten.no/verden/Europas-frosne-konflikter-De-levde-en-gang-i-et-ferieparadis-Na-fester-Putin-grepet-619731b.html?spid_rel=2

















