რუსული გამოცემა «КоммерсантЪ»-ი საქართველოში თურქეთის პრემიერის ვიზიტს ეხმაურება.
სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის შემოკლებიულ ვერსიას:
თბილისში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი, რომელსაც თან მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჰყავდა მთავრობის წევრების შემადგენლობით. როგორ ამბობენ, მისი საქართველოში ყოფნა პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის დიდი ვიზიტის ერთგვარ მომზადებად, პრელიუდიად უნდა ჩაითვალოს, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისში შედგება. მოლაპარაკების დროს ბინალი ილდირიმმა და გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურეს მზადყოფნა და ძალისხმევა სამმხრივი თურქულ-ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის განვითარებისადმი და მაღალი შეფასება მისცეს ბაქო-თბილისი-ყარსი-სტამბოლის რკინიგზის მაგისტრალს, რომლის მშენებლობა მალე დასრულდება. რკინიგზა ექსპლოატაციაში ივნისის ბოლოს უნდა შევიდეს.
ბინალი ილდირიმის თბილისური ვიზიტის ოფიციალური საბაბი თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავის აღნიშვნა გახდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუტრებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თურქეთმა „ერთ-ერთმა პირველმა აღიარა 1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა“. მას ასევე მადლობა გადაუხადა თურქ სტუმარს იმისთვის, რომ ანკარა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას, ეხმარება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებაში. თავის მხრივ, ბინალი ილდირიმმა აღნიშნა, რომ თურქეთი პოზიტიურად აფასებს საქართველოს მიერ გამოხატულ ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას ქვეყნის კონსტიტუციური ხელისუფლების მიმართ, რომელიც თბილისმა 2016 წლის გადატრიალების მცდელობის დროს გამოავლინა. მოლაპარაკების პროცესში მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი კომისიის შექმნაზე სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში. შესაბამის ხელშეკრულება „სტრატეგიული საბჭოს“ სხდომის შემდეგ გაფორმდა.
თუმცა, ურთიერთსასიამოვნო კომპლიმენტების მიღმა, ანკარა-თბილისს შორის მაინც არსებობს საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ არაა „ბოლომდე გარკვეული“. მაგალითად ის, რომ ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სალდო პერმანენტულად მხოლოდ თურქეთის სასარგებლოდ იზრდება, რაც მხარეებს შორის გარკვეულ უთანხმოებას იწვევს. გარდა ამისა, ეს ეხება პოზიციებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისადმი, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს და ა.შ. პრეს-კონფრენციაზე ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთი საქართველოსთვის უპირველესი სავაჭრო პარტნიორიაო და აღნიშნა - სამომავლოდ ვაჭრობის მოცულობის გაორმაგებას ვაპირებთო, მაგრამ როგორც „კომერსანტს“ ქართველმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუმარტა, საქართველოს თურქეთის ბაზრისათვის, ფაქტიურად, არაფერი არ აქვს შესათავაზებელი და თუ ვაჭრობის მოცულობის „გაორმაგებაზეა“ საუბარი, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ იმპორტი გაორმაგდება თურქეთიდან, რაც, თავის მხრივ კიდევ უფრო გააუარესებს საქართველოს ისედაც კატასტროფულ სავაჭრო სალდოს“.
ბინალი ილდირიმი და გიორგი კვირიკაშვილი უნისონში ლაპარაკობდნენ სტრატეგიული სარკინიგზო მაგისტრალის „ბაქო-თბილისი-ყარრსი-სტამბოლის“ მნიშვნელობაზე, რომელიც უკვე ათი წელია შენდება. როგორც ამბობენ, პირველი მატარებელი ამ რკინიგზაზე უკვე ივნისის ბოლოს გაივლის, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ამგვარი თარიღები ადრეც ბევრჯერ დასახელებულა. როგორც „კომერსანტს“ შპს „მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის რკინიგზის“ დირექტორმა ოლეგ ბაჩიაშვილმა აუხსნა, მშენებლობის დასრულების დაგვიანება „მაღალმთიან თურქულ უბანზე შექმნილმა მძიმე ბუნებრივმა პირობებმა გამოიწვია, განსაკუთრებით საქართველოს საზღვრის ახლოს“.
პრესკონფერენციის დროს თურქი და ქართველი პრემიერ-მინისტრები საუბრობდნენ აგრეთვე სამმხრივი თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებაც, მათ შორის თავდაცვა-უსაფრთხოების სფეროებში. ნიშანდობლივია, რომ თურქეთის პრემიერის თბილისურ ვიზიტს წინ უსწრებდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტავდაცვის მინისტრების მოლაპარაკება, სადაც „სამმხრივი კავშირის“ თემა პრევალირებდა.
როგორც „კომერსანტს“ სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა ვახტანგ მაისაიამ უთხრა, „სამმხრივი ალიანსის“ საკითხი, გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად, შესაძლოა ივნისში პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ვიზიტის დროს საფუძვლიანად იყოს განხილული. „აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უკვე საკმაოდ დიდი ხანია სთავაზობს თურქეთს და საქართველოს ბაქო-თბილისი-ანკარის ღერძის გაფორმებას სამმხრივი ფორმატის ჩარჩოებში. ამ გეოპოლიტიკური მანევრების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თანდათანობით გაღვივების პირობებში ერთი მხრივ, ანკარა და ბაქო, მეორე მხრივ კი ერევანი, თბილისის თავიანთ მხარეზე „გადათრევას“ ცდილობენ. ყოველ შემთხვევაში, მათ უნდათ, რომ თუ კონფლიქტი განახლდება, საქართველომ მათთვის მაქსიმალურად სასურველი პოზიცია დაიკავოს“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.
https://www.kommersant.ru/doc/3305495

















