თურქულ გაზეTებში, კერძოდ «Hürriyet»-სა და «Star»-ში გამოქვეყნებულ მასალებში გადმოცემულია თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის
ჟურნალისტებთან შეხვედრის ანგარიში სტამბოლის მუსტაფა ქემალ ათა-თურქის სახელობის აეროპორტში, თბილისში ვიზიტის წინ. იგი საუბრობს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სტამბოლში გახსნილი სამიტის შესახებ, რუსეთთან და საქართველოსთან ურთიერთობაზე. პუბლიკაციაში ჩამოთვლილია აგრეთვე თურქეთის დელეგაციის წევრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ თურქეთ-საქართველოს უმაღლესი სტრატეგიული საბჭოს მეორე სხდომაში (ავტორები - ფაიკ კაფთანი, მურატ ჩაკირი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა შემდეგი განაცხადა: „მიმდინარე წელს საქართველოსთან დიპლომატიურიი ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავი სრულდება. ამ ხნის განმავლობაში საქართველოსთან თანამშრომლობა ყველა სფეროში ვითარდებოდა - ტრანსპორტის, განათლების, კულტურის დარგებში. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მივაღწიეთ. ჩვენ 2007 წელს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც გავაფორმეთ. ბოლო ათ წელიწადში თურქეთი საქართველოსათვის უდიდეს სავაჭრო პარტნიორად გადაიქცა. გასულ წელს თურქეთ-საქართველოს ვაჭრობის დონემ მილიარდ ოთხას მილიონ დოლარს მიაღწია. საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში შედის, სადაც პირდაპირი თურქული ინვესტიციები პერმანენტულად მატულობს. ჩვენ გვაქვს აგრეთვე ერთობლივი სარგებლობის ობიექტებიც, როგორიცაა ბათუმის აეროპორტი. ეს ყველაფერი ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობის შედეგია“.
„საქართველოში ვიზიტის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხია ტერორიზმთან ბრძოლაც. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ჩვენი მეგობრის - საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას „ფეტო“-სთან ბრძოლაში. გვჯერა, რომ თანამშრომლობა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება“.
„თურქი-მესხების („ახისკა-თურქების“, „ახალციხელი თურქების“) დაბრუნების საკითხი საქართველოს შესაბამის ორგანოებთან მჭიდრო კონტაქტებით წყდება. ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებში თურქეთისა და საქართველოს პოზიციები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და თბილისის ძალისხმევას ამ მიმართულებით. ჩვენი ორივე ქვეყანა მონაწილეობს აგრეთვე კასპიის ენერგორესურსების დასავლეთის ბაზრებზე გატანაში. ვითარდება სამმხრივი თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაც, რაც დიდ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული: მაგალითად, ნავთობსადენი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, გაზსადენი „ბაქო-თბილისი-ერზერუმი“, რკინიგზა „ბაქო-თბილისი-ყარსი“, რომლის მშენებლობა უკვე დასრულების სტადიაშია და იმედი მაქვს, მალე მატარებლები იმოძრავებენ. ამ რკინიგზას პერსპექტივაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ჩინური „აბრეშუმის გზის“ ახალ პროექტის რეალიზებაშიც“.
http://www.hurriyet.com.tr/basbakan-yildirim-domates-turkiye-rusya-iliski-40466354
http://www.star.com.tr/politika/gurcistandaki-feto-meselesini-takip-edecegiz-haber-1220117/

















