აზერბაიჯანული გამოცემა «Каспiй» ეხმაურება გერმანელი დიპლომატის ჰერბერტ ზალბერის მიერ ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მიმართ
უკანონოდ ცნობილ არჩევნებში "გამარჯვების" მილოცვის სკანდალურ ფაქტს.
ჟურნალისტ რაუფ ორუჯევის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
ზოგჯერ ისე ხდება ხოლმე, რომ დიპლომატის მიერ წარმოთქმულ გაუფრთხილებელ გამონათქვამს პოლიტიკური სკანდალის გამოწვევა შეუძლია. სწორედ ეს მოხდა ამ დღეებში თბილისსა და ბრიუსელს შორის, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის წყალობით: ცხინვალში ყოფნის დროს, ამ წარმოშობით გერმანელმა დიპლომატმა, რომელიც აზერბაიჯანშიც კარგადაა ცნობილი და რომელსაც, სხვა თანამდებობებთან ერთად, ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარის პოსტიც უკავია, უცებ სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტს“ ანატოლი ბიბილოვს „არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცა.
რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა ქართული საზოგადოებისა და მთელი პოლიტიკური ელიტის აღშფოთება გამოიწვია; მთავრობის ზოგიერთი წევრი, დეპუტატები და ექსპერტებმა ჰერბერტ ზალბერგის „პერსონა ნონ-გრატად“ გამოცხადება და ჟენევის მოლაპარაკების პროცესიდან მისი ჩამოშორება მოითხოვეს, [მაგრამ ისე თქვენ არაფერი გეტკინოთ რა, როგორც ევროკავშირის სპეცწარმომადგენელს არაფერი მოსვლია - ჰერბერტ ზალბერგს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბუზიც ვერ აუფრინა]. პარლამენტის სპიკერმა გია ვოლსკიმ ხომ ევროპელ დიპლომატს სულ „პირი მოწმინდა“: რა მოხდა კაცს უნებლიე შეცდომა მოუვიდა, რაღაც წამოსცდაო. თუმცა ასე არ ფიქრობენ სხვა პოლიტიკოსები და ექპერტები: მაგალითად, ექსპერტთა კლუბის წევრმა ირაკლი ცქიტიშვილმა ჰერბერტ ზალბერგის „არასასურველ პიროვნებად“ გამოცხადება სახელმწიფოს ღირსების საკითხად მიიჩნია, ხოლო ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ იგი საქართველოს ინტერესებისათვის მავნე ადამიანად შერაცხა.
რასაკვირველია, ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეს მაქსიმალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ამ მიზნით იგი უნდა ჩავიდეს სოხუმშიც და ცხინვალშიც. საქართველოს ხელისუფლება ამის წინააღმდეგი არაა, როცა სპეცწარმომადგენლის მოქმედება კანონის ფარგლებში და თბილისის ნებართვით ხდება, მაგრამ როცა უკანონოდ არჩეულ „პრეზიდენტს“ გამარჯვებას ულოცავ, ეს უკვე მიუღებელია.
ასე იყო თუ ისე, ბრიუსელმა მაინც გამოხატა თავისი რეაქცია: „ევროკავშირი სრულიად და აქტიურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისად, ჩვენ არ ვცნობთ იმ ფორმატს, რომლის მიხედვით საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში - სამხრეთ ოსეთში - „საპრეზიდენტო არჩევნები“ ჩატარდა. ევროკავშირი აგრეთვე ძალისხმევას ახორციელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიხნით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე თანათავმჯდომარეობის გზით. ეს პრინციპი ითვლება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მანდატისა და საქმიანობის საფუძვლად“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ფედერიკა მოგერინის სახელით მისმა პრეს-მდივანმა მაია კოსიანჩიჩმა.
საერთოდ, მომხდარი ფაქტი ძალიან საკვირველია, მით უფრო, რომ ჰერბერტ ზალბერგი უკვე ორ წელზე მეტია კავკასიის კონფლიქტებში სპეცწარმომადგენლის მოვალეობას ასრულებს, ანუ ამგვარ სიტუაციებში ახალბედა არ არის და გამოცდილებაც საკმარისი აქვს.
http://www.kaspiy.az/news.php?id=60914#.WSJQV4q1vs0

















