„აშშ-ის კვლევითმა ორგანიზაციამ Pew Research Center-მა გამოქვეყნა მასშტაბური გამოკვლევის - სოციოლოგიური გამოკითხვის ანგარიში
18 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში რელიგიური იდენტურობის თაობაზე. როგორც ირკვევა, ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნებში გაიზარდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებად თვლიან, ხოლო კათოლიკეთა რაოდენობა შემცირდა. უპირატესად მართლმადიდებლებით დასახლებულ ქვეყნებში გამოვლინდა კონსერვატიული შეხედულებები ქალის როლზე ოჯახში, სექსუალური უმცირესობების მიმართ. გამოკითხულები მხარს უჭერენ ეკლესიის მიმართ სახელმწიფოს დახმარებას. გარდა ამისა, ისინი თვლიან, რომ „რუსეთი ვალდებულია დაიცვას მართლმადიდებელი ქრისტიანები“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორები - ალექსანდრ ჩერნიხი და ანასტასია მანუილოვა)
Pew Research Center-მა გამოკითხვა ჩაატარა შემდეგ ქვეყნებში: ბულგარეთში, ბელორუსიაში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, უკრაინაში, ხორვატეთში, საბერძნეთში, ლატვია-ლიტვა-ესტონეთში, მოლდოვაში, პოლონეთში, რუსეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, სომხეთში და, ცხადია, საქართველოშიც. სულ გამოიკითხა 25 ათასამდე ადამიანის თვალსაზრისი.
როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთ ქვეყნებში ათიდან ცხრა ადამიანი დარწმუნებულია, რომ ღმერთი არსებობს: 99% - საქართველოში, 95% - სომხეთში, მოლდავეში და რუმინეთში, 94% - ბოსნიაში. რუსეთში მართლმადიდებელ მორწმუნეთა რაოდენობა 75%-ს აღწევს. საკუთარ თავს ქრისტიან-მართლმადიდებლად მიიჩნევს გამოკითხულთა 57% და ისინი მოსახლეობის უმრავლესობას ათ ქვეყანაში წარმოადგენენ (აქვე შევნიშნავთ, რომ ამერიკელი მკვლევარები სომხეთს მართლმადიდებლურ ქვეყანას უწოდებენ, თუმცა სომხური სამოციქულო ეკლესია ძველაღმოსავლურს მიეკუთვნება და მისი დოგმატური მოძღვრება მართლმადიდებლობისაგან განსხვავდება). კათოლიკეები ოთხ სახელმწიფოშია უმრავლესობა, მუსულმანები კი მხოლოდ ბოსნიაში. ათეისტები ბევრია ჩეხეთში (72%) და ესტონეთში (45%).
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში შეინიშნება მართლმადიდებელთა მკვეთრი ზრდა და კათოლიკეთა შემცირება“. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ იმ რუსების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს მიეკუთვნებენ, გაიზარდა: 1991 წელს იყო 37%, ახლა კი 71%-ია. მსგავსი ტენდენცია იგრძნობა უკრაინაში - 1991 წლის 39%-დან დღევანდელ 78%-მდე, ბულგარეთში - 59%-დან 75%-მდე. კათოლიკეთა რაოდენობა შემცირდა ამ რელიგიის ტრადიციულ ქვეყნებში - პოლონეთში (96%-დან 87%-მდე), უნგრეთში (63%-დან 56%-მდე), ჩეხეთში (44%-დან 21%-მდე).
გამოკითხვის ავტორებს აინტერესებდათ აგრეთვე, თუ რამდენად განსხვავდება დღევანდელი რელიგიური საზოგადოება 1970-1980 წლების მდგომარეობიდან: ქართველების 87%, უკრაინელების 59% და რუსების 55% თვლის, რომ დღეს მათი ქვეყნები უფრო რელიგიურები არიან, ვიდრე საბჭოთა პერიოდში. ამასთან, ბერძენთა 87%, რუმინელებისა და პოლონელების 86% მიიჩნევს, რომ მათ ქვეყნებში მორწმუნეები დღეს უფრო ცოტაა, ვიდრე 45 წლის წინათ იყო.
ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებლები უფრო მეტნი არიან, კათოლიკეებთან შედარებით, ისინი ნაკლებ მტკიცედ იცავენ რელიგიურ წესებს. ასე, მაგალითად, ბოსნიელი კათოლიკეების 54% და პოლონელი კათოლიკეების 45% ამბობს, რომ ეკლესიაში ყოველ კვირას დადის, მაშინ როცა ასე აკეთებს მართლმადიდებელ რუმინილების მხოლოდ 21%, ბერძნების 17% და რუსების მხოლოდ... 6%.
იმ ქვეყნებში, რომლებშიც ქრისტიან-მართლმადიდებლები უმეტესობაა, ისინი რელიგიას ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად თვლიან. ასეა სომხეთში: 82% თვლის, რომ „ნამდვილი სომეხი ქრისტიანი უნდა იყოს“. ასეთი აზრი აქვთ ქართველების 81%-ს და სერბების 78%-ს. რუსების მხოლოდ 57%-ს მიაჩნია, რომ რუსი ქრისტიანი უნდა იყოს (ამ მხრივ რუსეთს ქრისტიან ქვეყნებში მეათე ადგილი უკავია). ამასთან, გამოკვლევის ავტორები საკმაოდ უცნაურ სიტუაციას წააწყდნენ: „რუსი მუსულმანებიც, სხვა რელიგიის მიმდევრებიც და ურწმუნოებიც კი ამბობენ, რომ „ჭეშმარიტი რუსი მხოლოდ მართლმადიდებელი უნდა იყოს“. კათოლიკურ სახელმწიფოებში რელიგიასა და ეროვნებას შორის კავშირი მნიშვნელოვანია მხოლოდ პოლონელებისათვის (64%), ხორვატებისთვის (58%) და ლიტველებისათვის (56%).
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 18 ქვეყნიდან ათ ქვეყანაში გამოკითხულთა ნახევარზე მეტი იზიარებს იმ მტკიცებას, რომ „ჩვენი ხალხი, მართალია, იდეალური არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენი კულტურა ყველაზე მაგარი და სხვებზე წარმატებულია“. ქვეყნების ამ ათეულში მართლმადიდებლები ჭარბობენ: საკუთარი ეროვნული კულტურის უპირატესობაში დარწმუნებულნი არიან ბერძნების 89%, ქართველების 85% და სომხების 84%. კათოლიკური მოსახლეობის მქონე ქვეყნებში და იქ, სადაც გაბატონებული რელიგია არ არის, მხოლოდ ბოსნიაში გამოკითხული რესპოდენტების 68% თვლის, რომ „მათი ეროვნული კულტურა სხვებზე უკეთესია“.
https://www.kommersant.ru/doc/3293607

















