რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ში გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, კერძოდ, ბოლო დღეებში
მომხდარ ფაქტს - საქართველოში მოსკოვის ექს-მერის იური ლუჟკოვის ყოფნას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს: როგორც ოფიციალური თბილისისა და ქართული საზოგადოების რეაქციას, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ანტიქართულ ნაბიჯს (ავტორი - იური როქსი, პოლიტიკური მიმომხილველი).
ავტორი საკმაოდ დეტალურად აღწერს იური ლუჟკოვის ქართულ ვოიაჟს, მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად და მიუთითებს, რომ მოსკოვის ექს-მერის საქართველოში შესვლა და ყოფნა ხელისუფლებამ, უეჭველია, მშვენივრად იცოდა. რასაკვირველია, ისიც კარგად უწყოდა. რომ იური ლუჟკოვი აფხაზეთშიც იყო ნამყოფი თბილისის ნებართვის გარეშე. როგორც ჩანს, ოფიციოზს ამ საკითხზე სკანდალის ატეხვა ნამდვილად არ უნდოდა. ყველაფერი მშვიდად და წყნარად ჩაივლიდა, ადგილობრივ ჟურნალისტებს ყოფილი მერის მიმართ ყურადღება რომ არ გამოეჩინათ. ჰოდა, იური ლუჟკოვის ინტერვიუმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია“, - წერს ავტორი და მკითხველს ექს-მერის განცხადების შინაარსს აცნობს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის შესახებ - საქართველოსთვის უმჯობესი იქნება სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიაროსო.
„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იური ლუჟკოვს ეს რომ არ ეთქვა, ხელისუფლება მის უკვე გამჟღავნებულ ვიზიტზე მაინც თვალს დახუჭავდა, მაგრამ ხმაური სწორედ ყოფილი მერის ამ განცხადებამ გამოიწვია. შესაბამისად, ყურის მოყრუება და თვალის დაბრმავება უკვე აღარ გამოვიდოდა... მართალია, რუსმა სტუმარმა საქართველო დატოვა, თუმცა პარლამენტში მაინც გადაწყვიტეს, რომ იგი „შავ სიაში“ შეეტანათ, ანუ ამიერიდან ექს-მერს საქართველოს საზღვრის გადაკვეთა აეკრძალებოდა. იური ლუჟკოვმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „ამგვარი პოლიტიკა ხელს არ შეუწყობს რუსი და ქართველი მოქალაქეების კონტაქტების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებასო“. იური ლუჟკოვთან დაკავშირებულ ინციდენტს რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებაც მოჰყვა: დიპლომატიურმა უწყებამ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისაგან თავის შეკავება ურჩია - ფრთხილად იყავით, აწონ-დაწონეთ ყველაფერი, რადგან არაა გამორცხული, საქართველოში ყოფნისას იური ლუჟკოვის ბედი გაიზიაროთო. გახსოვდეთ, რომ თბილის-მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების დაცვის უზრუნველსაყოფად შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვსო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი რეაქციის გამო ქართველებმა განაცხადეს, რომ აი, ამითაც დასტურდება, რომ იური ლუჟკოვის ვიზიტი პროვოკაციული იყოო. ავტორი იმოწმებს „ქართული ოცნების“ დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის ნათქვამს: „იური ლუჟკოვმა ქართული კანონმდებლობა კარგად იცოდა, მაგრამ მას მაინც მიაფურთხა. ჩვენთვის ასეთი პოზიცია მიუღებელია. ალბათ, იგი ვეღარასოდეს ვერ ნახავს საქართველოს“.
სიტუაციას კომენტარი გაუკეთა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემაც, რომლის თქმით, თუ რუსეთის მოქალაქეები პატივს სცემენ საქართველოს კანონებს, მაშინ მათ, ლუჟკოვისაგან განსხვავებით, არავითარი პრობლემები არ ექნებათ.
სტატიის დასასრულს ავტორი იხსენებს მოსკოვის ექს-მერის საქმიანობის პოლიტიკურ მომენტებს: „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პერიოდში იური ლუჟკოვი საქართველოსადმი კეთილგანწყობილ ერთ-ერთ რუს პოლიტიკოსად ითვლებოდა. მისი ძალისხმევით, მოსკოვის მერიის სახსრებით ნანგრევებიდან აღდგა თბილისი პირველი საშუალო სკოლა. სიტუაცია გაუარესდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როცა საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. იგი არ მალავდა თავის გაღიზიანებას იური ლუჟკოვისა და ასლან აბაშიძის მეგობრობის გამო. თანდათანობით მოსკოვის მერმა საქართველოს მეგობრების სიიდან არაკეთილმსურველების რიგებში გადაინაცვლა. ახლა კი, როგორც ჩანს, მას საქართველოში შესასვლელ კარს საბოლოოდ დაუხურავენ“.
http://www.ng.ru/cis/2017-05-16/5_6989_georgia.html

















